მსოფლიო მემკვიდრეობის 114 ძეგლი სამრეწველო საქმიანობის გამო საფრთხის ქვეშაა – ამის შესახებ ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. მათ შორისაა დიდი ბარიერული რიფი,  დიდი კანიონი და ჩინეთის გიგანტური პანდების ნაკრძალი.

ანგარიშის მიხედვით, სამრეწველო საქმიანობის, მათ შორის წიაღისეული საწვავის მოპოვებისა და ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის გამო, 229 მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლიდან, რომელსაც “გამორჩეული ღირებულების მქონე” სტატუსი აქვს, 114-ს განადგურების საფრთხე ემუქრება.

ჩინეთის გიგანტური პანდების ნაკრძალი. ფოტო: Donald G. Reid/WWF

ჩინეთის გიგანტური პანდების ნაკრძალი. ფოტო: Donald G. Reid/WWF

“ჩვენი პლანეტის ეს მცირე ნაწილიც კი არ არის სათანადოდ დაცული. ამ ძეგლებს ტურიზმითა და თავისი ბუნებრივი რესურსებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაში და მილიონობით ადამიანის საარსებო წყაროს წარმოადგენენ. მთავრობებმა და ბიზნესებმა მოკლევადიან შემოსავალზე წინ გრძელვადიანი ღირებულებები უნდა დააყენონ და ამ გამორჩეული ძეგლების სტატუსს პატივი უნდა სცენ,” – აღნიშნა ბუნების მსოფლიო ფონდის ბრიტანეთის ოფისის ხელმძღვანელმა, დევიდ ნასბაუმმა.

ანგარიშში ერთ-ერთ მაგალითად წარმოდგენილია ბელიზის ბარიერული რიფი, რომელიც სანაპირო მშენებლობებისა და მანგროს ხის მასშტაბური გაჩეხვის გამო რისკის ქვეშაა. ბელიზის ბარიერული რიფი გადაშენების პირას მყოფი ბისას (ზღვის კუს სახეობა), საფრთხეში მყოფი მწვანე კუსა და მოწყვლადი ლოგერჰედი კუს (ზღვის კუს სახეობა) ჰაბიტატია.

მწვანე კუ. ფოტო: Antonio Busiello/WWF-US

მწვანე კუ. ფოტო: Antonio Busiello/WWF-US

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები სამ კატეგორიად იყოფა: კულტურული, ბუნებრივი და შერეული. “ბუნებრივია” ის მემკვიდრეობა, რომელიც გამოირჩევა მისი ფიზიკური, ბიოლოგიური და გეოლოგიური ფორმირებით, მათ შორისაა საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველებისა და მცენარეების სახეობების ჰაბიტატები და ტერიტორიები, რომლებსაც სამეცნიერო, კონსერვაციული ან ესთეტიკური ღირებულება აქვს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შედის ქანდაკებები, შენობები ან შენობათა ერთობლიობა მათი ისტორიული, ესთეტიკური, არქეოლოგიური, სამეცნიერო, ეთნოლოგიური თუ ანთროპოლოგიური ღირებულების გამო. შერეული ძეგლები კი შეიცავს როგორც კულტურული, ასევე ბუნებრივი ძეგლების კრიტერიუმებს.

229 “გამორჩეული ღირებულების მქონე” მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლიდან 197 ბუნებრივია, 32 კი შერეული. ეს რაოდენობა კი მსოფლიო მემკვიდრეობის 1031 ძეგლის 22 %-ს შეადგენს.

ბუნების მსოფლიო ფონდი მოუწოდებს მთავრობებს, აკრძალოს სამრეწველო საქმიანობა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ძეგლებსა და შემოგარენში.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super