ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტებმა ერაყის ქალაქ მოსულთან კიდევ ერთი არქეოლოგიური ძეგლის ნაწილი გაანადგურეს. ადგილობრივი აქტივისტების ცნობით, ტერორისტებმა, სამხედრო ტექნიკის გამოყენებით, ასურეთის ანტიკური ქალაქის, ნინევიის ისტორიული კარიბჭის ერთი მხარე დაანგრიეს. ალ-მასკას, იგივე ღმერთების კარიბჭე ძვ.წ. მე-7 საუკუნით თარიღდება და ქალაქის 15 შესასვლელიდან ერთ-ერთი უძველესია.

ნინევია შუამდინარეთის ნეო-ასურული იმპერიის დედაქალაქი იყო და მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობდა. ნინევია ანტიკურობის ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული ქალაქი იყო. ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ.წ. მე-6 ათასწლეულიდან დასახლდნენ და მე-3 ათასწლეულისთვის ქალაქი მესოპოტამიური ქალღმერთ იშთარის უმნიშვნელოვანესი რელიგიური ცენტრი გახდა. ნინევია ასევე ცნობილია ნეო-ასურული იმპერიის ბოლო მეფის, ბიბლიოთეკით, სადაც 22 000-მდე ლურსმული დამწერლობის თიხის ფირფიტა ინახებოდა. სწორედ ნინევიის ბიბლიოთეკის კოლექციას ეკუთვნოდა ცნობილი ეპოსი გილგამეშის შესახებ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსულის მემკვიდრეობა ტერორისტული დაჯგუფების მსხვერპლი გახდა.

2015 წლის თებერვალში ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ პროპაგანდისტული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ტერორისტები მოსულის მუზეუმის უძველეს ქანდაკებებს ანადგურებდნენ, მათ შორისაა ლამასუც – ლომის ან ხარის ტანიანი, არწივის ფრთიანი და ადამიანის თავიანი არსება, რომელიც მესოპოტამიის ქალაქებს იცავდა. იმავე პერიოდში ჯიჰადისტებმა გაძარცვეს მოსულის ბიბლიოთეკა და 100 000-მდე უძველესი წიგნი და ხელნაწერი დაწვეს.

კულტურული მემკვიდრეობის განადგურების “კამპანია” შეეხო სირიასაც. სირიის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი არამეული ქალაქი ტერორისტებისგან მხოლოდ 2016 წლის მარტში გათავისუფლდა. ტერორისტები პალმირას 2015 წლის მარტიდან აკონტროლებდნენ და ამ დროის განმავლობაში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ძეგლს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს.

Powered by Watch Dragon ball super