მომდევნო წელს სრული ორი საუკუნე გავა მას შემდეგ, რაც პირველმა ბადენ-ვიურტემბერგელმა საქართველოს მიწაზე ფეხი დადგა და მასთან ერთად კიდევ 30-მა ოჯახმა თბილისის მახლობლად პირველი გერმანული კოლონია დააარსა. ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ ვიურტემბერგელმა შვაბებმა ათასობით კილომეტრი გამოიარეს და იმდროინდელი თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღეს.

საქართველოში გერმანული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მენეჯერი და “სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის” დამფუძნებელი, ნესტან თათარაშვილი საქართველოში გერმანელთა მიგრაციის მიზეზებზე საუბრობს. მისი განმარტებით, მძიმე ეკონომიკურ პირობებთან ერთად, შვაბების გადაწყვეტილებაზე მათმა რელიგიურმა იდენტობამ იმოქმედა.

ბადენ-ვჲურტემბერგის გერმანელებში მე-19 საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებით გავრცელებული იყო  ე. წ. სეპარატისტთა მიმდინარეობა. მე-18 საუკუნეში პიეტისტებს გამოეყო მორწმუნეთა ჯგუფი, რომლებმაც “სეპარატისტები” დაირქვეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ  სხვა სექტებისგან და მიმდინარეობისგან, და თავად პიეტისტებისგან განსხვავებით, ისინი მთლიანად ემიჯნებოდნენ ლუთერულ ეკლესიას. პიეტისტების სექტა აღიარებდა ჰილიაზმის სწავლებას “ათასწლოვანი ღვთიური სამეფოს” შესახებ.

საბოლოოდ, ამ სეპარატისტების მოძღვრება ჩამოყალიბდა იოჰან ალბრეხტ ბენგელისა  (Johann Albrecht Bengel. 1687-1752) და იოჰან ჰაინრიხ იუნგ-შტილინგის, იგივე იუნგ შტილინგის (Johann Heinrich Jung-Stilling. 1740-1817), ნაშრომებით, რაც ქრისტეს მეორედ მოსვლის დროსა და ადგილს წინასწარმეტყველებდა. იუნგ-შტილინგი ასეთ ადგილად კავკასიას, არარატის მთას მოიაზრებდა; ახალ სამშობლოდ კი – პალესტინას.

რელიგიური ურთიერთობები  დაძაბა და გააუარესა ხელისუფლების მიერ ძველი რელიგიური სიმღერებისა და ტექსტების აკრძალვამ. დაიწყო უკმაყოფილო მოსახლეობის ეკლესიისგან სრული განდგომა. ახალი რელიგიური იდეების აქტიურმა გამავრცელებელმა ბალტიისპირელმა ბარონესა კრჲუდენერმა (Juliane von Krüdener. 1764-1824), თავისი დროის ძალიან ცნობილმა პიროვნებამ (ვარვარა იულია ფონ კრჲუდენერ, ფრანგულენოვანი მწერალი, დაბადებული რიგაში. ქალიშვილობის გვარით – ფონ ვიტინგჰოფ), შეძლო სეპატარისტების სექტის უაღრესად გაძლიერება მე-19 ს-ის დასაწყისში. თავიანთი მოძღვრების პოპულარიზაციითა და აქტიური მოღვაწეობით, მან და იუნგ-შტილინგმა არა მარტო ბადენის ჰერცოგის სრული მხარდაჭერა, არამედ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველის ყურადღებაც დაიმსახურეს და დიდი წვლილი შეიტანეს სეპარატისტების კავკასიაში მიგრაციის საქმეში.”

იმპერიის ვრცელი ტერიტორიების ათვისებისა და მიწათმოქმედების განვითარების მიზნით ალექსანდრე I-მა მანიფესტი გამოსცა, რომელიც იმპერიის მიწებზე დასახლების შემთხვევაში გერმანელებს შემდეგ პრივილეგიებს სთავაზობდა: მიწის გადაცემას, უპროცენტო კრედიტს, 10 წლით გადასახადებისგან განთავისუფლებას, ავტონომიას, რელიგიის თავისუფლებასა და სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებას.

ამგვარად, საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების იმედად, 1817 წლის 21 სექტემბერს 181 ვიურტემბერგელი შვაბი თბილისში ჩამოვიდა. ისინი სართიჭალის მახლობლად გადაიყვანეს, სადაც სამხრეთ კავკასიაში პირველი დასახლება დაარსეს. დედოფალ მარია ფიოდორეს ასულის პატივსაცემად კოლონიას მარიენფილდი ეწოდა. ორი თვის შემდეგ კოლონისტების სხვა ჯგუფმა კიდევ ერთი დასახლება შექმნეს, რომელსაც იმპერატორის მეუღლის, ელიზავეტა ალექსეევნას პატივსაცემად ელიზაბეტტალი (დღევანდელი ასურეთი) დაარქვეს. მომდევნო ორი წლის მანძილზე შვაბებმა კიდევ რამდენიმე დასახლება დააარსეს: კატარინენფელდი (დღევანდელი ბოლნისი), პეტერსდორფი (მარიენფილდთან, დღევანდელ სართიჭალასთან ახლოს), ნოი ტიფლისი (დღევანდელი აღმაშენებლის გამზირი, მისი პარალელური ქუჩები და მარჯანიშვილის მოედანი) და ალექსანდერსდორფი (დღევანდელი აგლაძის, სამტრედიის, წყალტუბოსა და წერეთლის ქუჩები). მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სამი გერმანული დასახლება შეიქმნა სოხუმის მახლობლად – ნოიდორფი (ახალსოფელი), გნადენბერგი (სოფელი ძიგუთა) და ლინდაუ (სოფელი ლინდავა). მოგვიანებით საქართველოში გერმანული დასახლებების რიცხვმა 20-ს გადააჭარბა.

გერმანელთა განსახლების სქემა საქართველოში | გიორგი ბალახაძე

გერმანელთა განსახლების სქემა საქართველოში | გიორგი ბალახაძე

ალექსანდერსდორფი

ალექსანდერსდორფი სოფელ დიდუბეში დაარსდა. ნესტან თათარაშვილის თქმით, ალექსანდერსდორფში მიწათმოქმედი გლეხები დასახლდნენ, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაურიგეს.

ალექსანდერსდორფი და ნოიტიფლისი საქართველოს რუქაზე

ალექსანდერსდორფი და ნოიტიფლისი საქართველოს რუქაზე

ამ პერიოდში თბილისში მყოფი გერმანელი მოგზაური ედუარდ აიხვალდი ალექსანდერსდორფის შესახებ წერდა: “მათი მეოხებით თბილისში აუარებელი რძე, კარაქი, კარტოფილი და ლუდი იყო. გერმანელთა მოახალშენეებმა აგრეთვე კარტოფილის მოყვანაც შემოიტანეს”. გერმანელები თბილისს ხბოს ხორცითა და ძროხის რძით ამარაგებდნენ, რადგანაც ამ პერიოდის თბილისელები უპირატესობას ცხვრის ხორცსა და კამეჩის რძეს ანიჭებდნენ.

ალექსანდერსდორფი თბილისის პანორამული ხედიდან

ალექსანდერსდორფი თბილისის პანორამული ხედიდან

ნოი ტიფლისი

ნოი ტიფლისის, იგივე ახალი თბილისის კოლონია სოფელ კუკიის ტერიტორიაზე დაარსდა, რაც დღეს აღმაშენებლის გამზირსა და მის პარალელურ ქუჩებს ემთხვევა. ალექსანდერსდორფელი გერმანელებისგან განსხვავებით, აქ ხელოსნები დასახლდნენ და მათ მხოლოდ საკარმიდამო მიწები დაურიგეს. ნოი ტიფლისის გერმანელები სხვადასხვა ატელიეებს და სახელოსნოებს ხსნიდნენ. მაგალითად, მე-19 საუკუნის ბოლოს მეიერების ოჯახი დღევანდელი აღმაშენებლის გამზირზე სარიტუალო მომსახურების ბიზნესს ფლობდა. როგორც ცნობილია, ოჯახი თავად ამზადებდა სარიტუალო აქსესუარებს და შენობის პირველ სართულზე, მაღაზიაში ჰყიდდა. ისინი ასევე ფლობდნენ აფთიაქსა და სავაჭრო სახლსაც.

ა. ტუნიეფის ღვინის მაღაზია. წარწერა: "კახური ღვინო".

ა. ტუნიეფის ღვინის მაღაზია. წარწერა: “კახური ღვინოები”.

არქიტექტურული თვალსაზრისით, ნოი ტიფლისისა და ალექსანდერსდორფის სახლების სტილი ერთი იყო. ორივე დასახლებაში გავრცელებული იყო ერთსართულიანი სახლები მაღალი სახურავებით, რომელშიც ფართო სხვენი იყო მოთავსებული.

მიხეილის გამზირი, მადერის სასტუმრო

მიხეილის გამზირი, მადერის სასტუმრო

ახალი თბილისის დასახლებაში სახლებს ბაღები ერტყა, სადაც ხეხილს, ვენახსა და ყვავილებს ახარებდნენ. ორ რიგად განლაგებულ ერთსართულიან სახლებს შორის ფართო გზა გადიოდა, რომელთაგან მთავარი კუკიის გზა იყო. მას 1899 წლიდან მიხეილის გამზირი ეწოდა.  ერთმანეთის პარალელური რიგები მცირე მონაკვეთებით იყო შეერთებული. უბნის დღევანდელი ქუჩათა ქსელი ზუსტად მიჰყვება გერმანელი კოლონისტების ბაღების მოხაზულობას.

სარწმუნოება და საზოგადოებრივი ცხოვრე

იმპერატორის მხრიდან მხარდაჭერის მიუხედავად, პირველ წლებში კოლონისტები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – უჭირდათ აქაურ კლიმატთან შეგუება, ებრძოდნენ ეპიდემიასა და მოუსავლიანობას.

შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა ხელისუფლებამ და მიუხედავად შეპირებული რწმენის თავისუფლების გარანტიებისა, რელიგიური პოლიტიკა შეცვალა. როგორც თათარაშვილი საკუთარ კვლევაში აღნიშნავს, კოლონისტებისთვის პასტორის დანიშვნას გენერალი ერმოლოვი ჯერ კიდევ 1819 წლიდან ითხოვდა.

“1823 წელს თბილისში ჩამოვიდნენ შუშაში მიმავალი მისიონერები ბაზელიდან. ერთ-ერთმა მათგანმა, ავგუსტ დიტრიხმა (August Dittrich), შეადგინა კოლონისტების სასულიერო  პროექტი, რომელიც რუსეთის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მიერ დამტკიცდა 1829 წელს. მანამდე, 1825 წელს შუშიდან გამოთხოვილ იქნა პასტორი იოჰან ბერნჰარდ ზალტეტი (Johannes Bernhard Saltet), რომელიც 1827 წელს დაინიშნა ობერ-პასტორად.

1830 წლისთვის მთავრობამ გამოყო 28 ათასამდე მანეთი  ელიზაბეტთალში, კატარინენფელდში, მარიენფელდში, ჰელენედორფსა და თბილისში ეკლესიების ასაშენებლად. იქვე უნდა მოწყობილიყო სკოლებიც.”

მართლაც, 1830-იანი წლებისთვის გერმანელთა ყველა კოლონიაში დაარსდა სკოლა, სადაც მე-19 საუკუნის 70-იან წლებამდე სწავლება მხოლოდ გერმანულ ენაზე მიმდინარეობდა.

“გერმანელი პურს დაიკლებს, ღვინოს დაიკლებს, შიმშილს, წყურვილს არ შეუშინდება და შვილის გასაზრდელად კი თავის მონაგარს გროშს გადასდებს, შვილის მცოდნე კაცად ქცევისათვის არაფერს დაჰზოგავს და ყველაფერს გაიმეტებს. გერმანელმა იცის, რომ შვილის კაცად გამოსვლა, მაძღრად ყოფნა და უტკივრად რჩენა სწავლა-განათლებაზეა დამოკიდებული… წერა-კითხვის ცოდნის კვალობაზე ყველაზე წინ არიან გერმანელები, რომელთა შორის მცოდინარი ოთხში სამია.რაკი გერმანელისათვის ცოდნა, სწავლა-განათლება აუცილებელი საჭიროებაა, მის საეკონომიო ანგარიშში, მის საღვაწოსა და საამაგოში შვილის გასაზრდელად სახარჯოს მოპოვებას თითქმის უპირველესი ადგილი უჭირავს. ჯაფას, გარჯას იორკეცებს და, თუ ამით ვერას გამხდარა, სხვაგან იკლებს და ამ სახარჯოს კი ჰმატებს” – წერდა აღტაცებით ილია ჭავჭავაძე 1899 წელს.

იმპერიისა და გერმანული თემის დაფინანსებით,  1894 წელს ნოი ტიფლისის დასახლებაში, დღევანდელი მარჯანიშვილის მოედანზე, წმინდა პეტრესა და პავლეს  ლუთერული ტაძრის მშენებლობა დაიწყო. სამი წლის შემდეგ ის საზეიმოდ გაიხსნა და პასტორად რიჰარდ მეიერი აკურთხეს. ნეოგოთიკური სტილის ტაძრის პროექტი გერმანელ არქიტექტორს, ლეოპოლდ ბილფელდს ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ მისივე აგებულია თბილისის ქაშვეთის ეკლესია. სწორედ “კირხედან” მოდის მარჯანიშვილის ქუჩის ძველი სახელწოდება “კიროჩნაია”.

პეტრე-პავლეს ლუთერანული ეკლესია. მიხეილისა და კიროჩნაიას ქუჩების კვეთა.

პეტრე-პავლეს ლუთერული ეკლესია. მიხეილისა და კიროჩნაიას ქუჩების კვეთა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ცხოვრებას, გერმანელებმა “ამიერკავასიის გერმანელთა კომიტეტი” ჩამოაყალიბეს, რომლის მიზანიც საქართველოს ტერიტორიაზე გერმანელთა ავტონომიური ოლქის შექმნა იყო. კომიტეტის შენობა თბილისში, მიხეილის გამზირის N373-ში მდებარეობდა. ქართველ გერმანელებს აგრეთვე ჰქონდათ “გერმანელთა ეროვნული საბჭო”, რომლის შენობა დღევანდელი დავით აღმაშენებლის N108-ში მდეობარეობდა. საბჭო გერმანელების ინტერესებს იცავდა. თითოეულ კოლონიას ჰყავდა არჩეული კომისარი, რომელსაც მოსახლეობა ემორჩილებოდა.

საბჭოთა პერიოდი

1930-იანი წლებიდან საბჭოთა ხელისუფლება გერმანელი კოლონისტების შევიწროებასა და დევნას იწყებს. 1933 წელს ხელისუფლებამ პეტრე-პავლეს კირხე დახურა, პასტორი მეიერი კი დახვრიტეს. 1941 წელს, ომის დაყწებასთან ერთად, სტალინმა კავკასიის გერმანელები ყაზახეთსა და ციმბირში გადაასახლა. დასახლებებში მხოლოდ ის გერმანელი ქალები დატოვეს, რომლებმაც შერეული ოჯახები შექმნეს. კირხე, რომელიც ერთ დროს მნიშნველოვან კულტურულ და საზოგადოებრივ ცენტრს წარმოადგენდა, გერმანელ ტყვეებს დაანგრევინეს. იმავე მასალით, კირხეს ადგილას, საცხოვრებელი სახლი ააშენეს.

კავკასიელი გერმანელების დიდი ნაწილი გადასახლებაში დაიღუპა. დეპორტაციამდე საქართველოში 24 000-ზე მეტი გერმანელი ცხოვრობდა. მათი მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდა სამშობლოში.

ლუთერული ღვთისმსახურების აღდგენა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხერხდა. გერმანული კავშირის “აინუნგის” დაარსების შემდეგ. მას ხელსაყრელ პირობებში გრანელის ქუჩაზე, გერმანელი კოლონისტების ყოფილი სასაფლაოს ტერიტორია გადასცეს. 1999 წელს აქ “შერიგების” ეკლესია დააარსდა.

გერმანული მემკვიდრეობა დღეს

ალექსანდერსდორფელების მიერ დატოვებული შენობა-ნაგებობები კვლავ დგას წყალტუბოს, სამტრედიისა და აგლაძის ქუჩებზე, თუმცა ისინი სავალალო მდგომარეობაშია და ნგრევის პირასაა მისული.

გერმანული სახლი აგლაძის ქუჩაზე (ალექსანდერსდორფი)

გერმანული სახლი აგლაძის ქუჩაზე (ალექსანდერსდორფი)

ალექსანდერსდორფისგან განსხვავებით, ნოი ტიფლისისგან დღემდე უფრო მეტი შენობა შემორჩა, თუმცა მათი დიდი ნაწილის იდენტიფიცირება ძალიან რთულია. სახლები გადაკეთებულია და პირვანდელი მხოლოდ პირველი სართულები და სარდაფებიღა დარჩა.

ნესტან თათარაშვილის თქმით, შენობების აღდგენა-გამაგრებას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. ამ ეტაპზე კი საკვლევ და აღდგენით სამუშაოებს მხოლოდ ქართული მხარე აწარმოებს. მისივე თქმით, ამ საქმეში საქართველოში არსებული საერთაშორისო, ქართული და გერმანული ფონდებისა და ორგანიზაციების ჩართვა ალექსანდერსდორფის განვითარებისთვის გადამწყვეტი იქნება.

“გერმანელთა კულტურული მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართველებისთვისაც და გერმანელებისთვისაც. ამიტომ, ის არა მარტო უფრო ღრმადაა შესასწავლი, არამედ, რაც მთავარია, მას უნდა გავუფრთხილდეთ, დავიცვათ მისი ავთენტურობა და გადავარჩინოთ შემდგომი ნგრევისგან, რომელიც მას უკვალოდ გაქრობას უქადის.”

დავით აღმაშენებლის N108

დავით აღმაშენებლის N108 (ნოი ტიფლისი)

აღმაშენებლის 109 ა. ფასადის მარჯვენა მხარეს განთავსებულია საინფორმაციო დაფა ნოი ტიფლისის დასახლების შესახებ.

აღმაშენებლის N109 ა. ფასადის მარჯვენა მხარეს განთავსებულია საინფორმაციო დაფა ნოი ტიფლისის დასახლების შესახებ.

წყალტუბოს ქუჩა (ალექსანდერსდორფი)

წყალტუბოს ქუჩა (ალექსანდერსდორფი)

ივანე ჯავახიშვილის ქუჩა (ნოი ტიფლისი)

ივანე ჯავახიშვილის ქუჩა (ნოი ტიფლისი)

კირხეს მემორიალური დაფა

კირხეს მემორიალური დაფა

ღვინოები

მიხეილის გამზირი (ნოი ტიფლისი)

ხედი ალექსანდერსდორფსა (მარცხნივ) და ნოი ტიფლისზე. ფოტოზე მოჩანს პეტრე-პავლეს კირხეც.

ხედი ალექსანდერსდორფსა (მარცხნივ) და ნოი ტიფლისზე. ფოტოზე მოჩანს პეტრე-პავლეს კირხეც.

ნოი ტიფლისის ბაღები და კირხე 1913 წლის თბილისის გეგმაზე.

ნოი ტიფლისის ბაღები და კირხე 1913 წლის თბილისის გეგმაზე.

თბილისში მტკვრის მარცხენა მხარეზე გერმანული დასახლების პერსპეკტიული გეგმა

თბილისში მტკვრის მარცხენა მხარეზე გერმანული დასახლების პერსპეკტიული გეგმა

მიხეილის გამზირი

მიხეილის გამზირი

კირხე

კირხე

საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის გამზირისა და მარჯანიშვილის ქუჩის კუთხეში. აქ მდებარეობდა პეტრე-პავლეს ლუთერული ეკლესია.

საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის გამზირისა და მარჯანიშვილის ქუჩის კუთხეში. აქ მდებარეობდა პეტრე-პავლეს ლუთერული ეკლესია.

მოამზადა სოფო გელავამ.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super