მცხეთის ისტორიულ ძეგლებს იუნესკოს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის კომიტეტის წევრებმა 2016 წლის 8 დეკემბერს, მე-11 სხდომაზე მიიღეს. ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი გთავაზობთ ინფორმაციას UNESCO-ს გაძლიერებული დაცვის სტატუსის, კერძოდ კი მისი პრინციპებისა და ვალდებულებების შესახებ.

შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციის 1999 წლის მეორე ოქმს საქართველო 2009 წელს შეუერთდა.

კონვენციის მესამე თავი ეხება გაძლიერებული დაცვის რეჟიმს, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირსების შემთხვევაში, კონფლიქტის მხარეებს კულტურული ძეგლის იმუნიტეტის უზრუნველყოფას ავალდებულებს. ეს კი გულისხმობს, რომ კონფლიქტის მხარეები თავს შეიკავებენ გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფ ქონებაზე საომარი შეტევების განხორციელებისა და საომარ ოპერაციებში ასეთი ქონების ან მისი მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებისაგან.

კულტურულ ფასეულობებზე შესაძლებელია გავრცელდეს გაძლიერებული დაცვის რეჟიმი, იმ შემთხვევაში თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა. წარმოადგენს კაცობრიობისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კულტურული ფასეულობის მქონე მემკვიდრეობას;

ბ. აღიარებულია განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ქონებად შიდა საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნორმების შესაბამისად, რომლებიც უზრუნველყოფს ამ ქონების მაღალ დონეზე დაცვას;

გ. არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისათვის ან სამხედრო ობიქტების დაფარვის მიზნით და არსებობს შესაბამისი მხარის განცხადება, რომელიც ანხორციელებს კონტროლს კულტურულ ფასეულობებზე, რომ ეს ქონება არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნით.

კონვენციაში მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა დარღვევის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასა და იურისდიქციას. კონვენციის მიხედვით, სამართალდარღვევად ითვლება შემდეგი ქმედებები:

  1. საომარი შეტევის განხორციელება გაძლიერებული დაცვის ქვეშ არსებულ კულტურულ ფასეულობებზე;
  2. გაძლიერებული დაცვის ქვეშ არსებული კულტურული ფასეულობის ან მისი მიმდებარე ტერიტორიის გამოყენება საომარ ოპერაციებში;
  3. კონვენციით ან წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული კულტურულ ფასეულობათა მასობრივი განადგურება ან მითვისება;
  4. შეტევის განხორციელება კონვენციით ან წინამდებარე ოქმით გათვალისწინებულ კულტურულ ფასეულობებზე;
  5. კონვენციით გათვალისწინებული კულტურული ფასეულობის ქურდობა, ძარცვა ან მითვისება ან ამ ქონების წინააღმდეგ განხორციელებული ვანდალური აქტი;

ზემოთ ჩამოთვლილ დარღვევებზე საპასუხო ზომების მიღება უნდა უზრუნველჰყოს თითოეულმა მხარემ და დაადგინოს შესაბამისი სასჯელი.

მცხეთის ისტორიული ძეგლების გარდა, გაძლიერებული დაცვის სტატუსით მსოფლიოს 10 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სარგებლობს. გაძლიერებული დაცვის რეჟიმის ქვეშ მყოფი ძეგლების დაზიანების გამო პირების გასამართლების პრეცედენტი არ არსებობს.

კონვენციის მე-9 თავი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეხება.

ის მხარე, რომელსაც დაპყრობილი აქვს მეორე მხარის ტერიტორია მთლიანად ან ნაწილობრივ, აკრძალავს ან აღკვეთს ოკუპირებულ ტერიტორიაზე:

  • კულტურულ ფასეულობათა უკანონო ექსპორტს, სხვა სახით გატანას ან ასეთ ქონებაზე მფლობელობის უფლების გადაცემას;
  • ნებისმიერი სახის არქეოლოგიურ გათხრებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი გათხრების წარმოება აუცილებელია კულტურული ფასეულობის დაცვის ან შენარჩუნების მიზნით;
  • ცვლილების შეტანას კულტურულ ფასეულობაში ან მის დანიშნულებაში, რაც მიზნად ისახავს კულტურული, ისტორიული ან სამეცნიერო მონაცემების დამალვას ან განადგურებას.
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის არქეოლოგიური გათხრა, ასევე ცვლილების შეტანა კულტურულ ფასეულობაში ან მის დანიშნულებაში განხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შექმნილი მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.

ფოტოზე: განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის ნიშანი

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super