სტატიისა და ფოტოების ავტორი: ქრისტინე მუჯირი

სამცხე-ჯავახეთის მხარე მუდამ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისა იყო, რასაც მისი ადგილმდებარეობა განაპირობებდა.  სხვადასხვა პერიოდში სამცხე-ჯავახეთში  ასახლებენ სხვადასხვა რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფებს და შესაბამისად ეს მრავალფეროვნება თავისთავად აისახა კულტურაზეც. განსაკუთრებოთ კი – არქიტექტურაში. მეთექვსმეტე საუკუნიდან იწყება ისლამიზაციის პროცესი, რადგან  სამცხე-ჯავახეთი ოსმალთა მართველობის ქვეშაა.  1829 წლიდან კი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ექცევა. სამცხე-ჯავახეთს რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან  სწორედ აქ გადიოდა ზღვარი ორ დიდ იმპერიას შორის.

ისლამის გავრცელებას, რა თქმა უნდა, ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და თავისთავად გულისხმობდა, რომ სოფლებში უნდა ყოფილიყო ისლამური საკულტო ნაგებობები.

სამცხე ჯავახეთის მეჩეთების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა. არ მომხდარა მათი ზუსტი აღნუსხვა, ფოტოფიქსაცია. სხვადასხვა წყაროებით შეგროვებული მასალებით ირკვევა, რომ დაახლოებით 60-მდე მეჩეთი და მეჩეთის ნანგრევი უნდა იყოს შემორჩენილი.

საინტერესოა, რატომ არის მივიწყებული და ბუნდოვანი ამ მეჩეთების ისტორია. ამ კითხვაზე პასუხი იმ რთული პოლიტიკური ისტორიის ფონზე უფრო მარტივია. 1944 წელს, მას შემდეგ, რაც იოსებ სტალინმა მუსლიმი მესხები, როგორც არასანდო და საფრთხის მომტანი ხალხი, შუა აზიაში გადაასახლა, დაცარიელებულ სოფლებში მისივე ბრძანებით ქრისტიანი მოსახლეობა დასახლდა.  საქმე გვაქვს ისტორიული მეხსიერების წყვეტასთან, ვინაიდან იქ ჩასახლებულმა ქრისტიანებს არანაირი ემოციური ან მეხსიერებითი ბმა არ ჰქონდათ ადგილობრივ ისტორიასთან, კულტურასთან და მათ შორის, არქიტექტურასთანაც. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის მიზანმიმართულმა, აგრესიულმა პოლიტიკამ და დამოკიდებულებამ მესხების მიმართ გამოიღო შესაბამისი ნაყოფი და ეს დღემდე არ გამქრალა. რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო, შემდგომში სხვადასხვა ხელისუფლებების მხრიდან კვლავ არასწორმა მიდგომამ. მეჩეთები, ისევე როგორც სხვა რელიგიური ნაგებობები იქცა კლუბებად, საწყობებად და კულტმსახურების ნაცვლად სხვა სოციალური ფუნქციები იტვირთა.

მეჩეთების უმრავლესობა (ახალქალაქისა და ახალციხის მეჩეთების გამოკლებით), ძირითადად, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისით თარიღდება. ესაა პერიოდი, როცა რეგიონი არა ოსმალების, არამედ რუსეთის იმპერიის მმართველობის ქვეშაა და აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ დროს აქტიურად შენდება მეჩეთები.

კვლევისას გასნაკუთრებით რთულია რომ გაიგო მეჩეთთან დაკავშირებული ისტორიები,   ზემოაღნიშნული მიზეზის გამო. თითქმის ყველა სოფელში მოგიყვებიან ერთ ამბავს, რომ მეჩეთი ნაეკლესიარი ქვებითაა აშენებული, რაც იმ პროპაგანდის გამოძახილია, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში (მესსხების გადასახლებიდან) ინერციით მოდიოდა.  თუმცა სოფლებში მაინც იპოვით ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ. ვინაიდან გადასახლებული მესხები და მათი შთამომავლები პერიოდულად ჩამოდიოდნენ  თავიანთი სამშობლოს სანახავად და მეჩეთებში მოსალოცად, გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდნენ იქ მცხოვრებ ქრისტიანებს. სოფელ ქიქინეთში ადგილობრივი, აჭარელი ეკომიგრანტი, რომელსაც მეჩეთის გასაღები ებარა, გვიყვება, რომ აქ ქვის მეჩეთის აშენებამდე იდგა ხის ჯამე. მსგავსი ისტორია მოგვიყვეს სხვა სოფელშიც. 1870 წლის დოკუმენტში (Сборник Материалов для описания Тифлисской Губернии. Издаваемый при Канцелярии Тифлискаго Губернатора. Под редакциею К.Л. Зиссермана. Тифлись. 1870)  აღწერილია სამცხე ჯავახეთის სოფლები თავისი მოსახლეობის  რაოდენობით, საკულტო, თუ საზოგადოებრივი ნაგებობებით. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ  სოფლებში ამ პერიოდისთვის უკვე არსებობდა მეჩეთები. აქედან გამომდინარე,  შესაბამისობაში არ მოდის ამ მეჩეთების დათარიღება და დოკუმენტის აღწერილობა. აქვე აღსანიშნავია სოფელ მოხის ამბავიც, სადაც მეჩეთი სადავო გახდა ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის. ქრისტიანები თვლიან, რომ ეს მეჩეთი ეკლესიის ქვებითაა აშენებული, თუმცა ამისი დამადასტურებელი საბუთი არ აქვთ. მეჩეთი მეოცე საუკუნის 40-იან წლებამდე უნდა აშენებულიყო და ამას შუა აზიაში გადასახლებული მესხებიც ადასტურებენ. დოკუმენტის მიხედვით კი ირკვევა, რომ 1870 წელს მოხეშიც არსებობდა ჯამე. ადგილობრივი მუსლიმი თემი გადასახლებული მესხების ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნავს, რომ ჯამეს ადგილას მანამდე ხის მეჩეთი იდგა. ამ და სხვა გადმოცემების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვის მეჩეთების ადგილას, მანამდე, შესაძლოა ყოფილიყო ხის ჯამეები.  ის, რომ მშენებლობა აქტიურად იწყება  მეფის რუსეთის მმართველობის ხანაში თავისთავად საინტერესო ფაქტია. ეს საკითხიც, როგორც სხვა ბევრი რამ გარკვეულწილად რჩება ბუნდოვანი.

15631302_1210564265660166_1415879293_o

მოხესთან დაკავშირებით შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა, იყო თუ არა მეჩეთი ეკლესიის ქვებით აშენებული. კომისიის პასუხი კი 2 წლის შემდეგ იყო ის, რომ შენობა არ გადასცემდნენ არც ქრისტიანულ და არც მუსლიმ მხარეს. კომისიამ არ შეისწავლა ის, რისთვისაც შეიქმნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ანთიძის განცხადებით კი სადავო შენობას მიენიჭება ძეგლის სტატუსი.

ამ და სხვა საკითხებიდან გამომდინარე, კარგად ჩანს სახელმწიფოს პოლიტიკა და  განწყობა ისლამური საკულტო ძეგლების მიმართ, რასაც ქვემოთ მოყვანილი ფაქტებიც ადასტურებს.

სამცხე-ჯავახეთის მეჩეთები თავისი არქიტექტურული სახით, ზოგადი მახასიათებლებით საკმაოდ სადა და თავშეკავებულია. გეგმით კვადრატულია. ძირითადად მდებარეობს სოფლის ცენტრში. არსებული სურათით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსტერიარში განსაკუთრებით აქცენტირებული იყო კარი, რომელიც ხის უნდა ყოფილიყო, რაც ხეზე კვეთის შთამბეჭდავ ნიმუშებს წარმოგვიდგენს. მეჩეთის ინტერიერი ექსტერიერისგან განსხვავებით მეტად დატვირთული იყო. ეს ერთიანი, დაუნაწევრებელი სივრცე შეკრულია ხის შიდა გუმბათით, რომელიც ასევე ორნამენტირებულია ხეზე კვეთით და მოხატულია. ხის ჭერი მორთულია მცენარეული და გეომეტრიული დეკორით, რომლიც ხშირ შემთხვევაში იმეორებს ქართულ ორნამენტს. ასევე მოხატული უნდა ყოფილიყო მეჩეთების ქვის  კედლებიც, რომლის ფრაგმენტებიც შემორჩენილია ზოგიერთ მათგანში. სოფ: ხარჯამის მეჩეთს სხვა ყველა მეჩეთისგან გამორჩეული ექსტერიერიც აქვს, მისი შეისრული, მაღალი სარკმლებით თუ ვიმსჯელებთ სავარაუდოდ ვიტრაჟი უნდა ჰქონოდა. მოდერნულ სტილში გადაწყვეტილი ექსტერიერითა და მოხატული ინტერიერით სერთო ჯამში ძალიან მდიდრული და მაღალი დონის არქიტექტურული ძეგლი უნდა ყოფილიყო.

ახლა მეჩეთების აბსოლიტური უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაშია. ბევრ შემთავევაში მხოლოდ კედლებიღაა შემირჩენილი, თუმცა საბედნიეროდ არის მაგალითები, რითიც წარმოდგენა გვექნება დანარჩენზე, უკვე დანგრეული მეჩეთების არქიტექტურულ/მხატვრულ იერსახეზე. მეჩეთების მძიმე მდგომარეობას ძირითადად უყურადღებობა, მიზანმიმართულად თუ გაუფრთხილებლობით მათი დაზიანება განაპირობებს. ყველა ის მეჩეთი რომელიც კვლევისას აღიწერა, ნაწილობრივ დანგრეულია ან დანგრევის პირასაა. უკეთესს მდგომარეობაში მყოფ მეჩეთებს, სადაც შემორჩენილია შიდა გუმბათი აქვთ გადახურვის პრობლემა. წვიმისას ჩადის წყალი და საფრთხე ექმნება გუმბათს, ყველაზე უკეთ შემორჩენილ ნაწილს, სადაც უხვადაა გამოყენებული მცენარეული და გეომრეტრიული ორნამენტები.

მეჩეთები გამოიყენება საწყობად, სათივედ და ბოსელად. მიუხედავად იმისა,რომ ადგილობრივი მოსახლეობას ზოგ შემთხვევაში უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ არქიტექტურულ ობიექტებთან თავისი შინაარსისა და ასევე ზემოაღნიშნული ფაქტორების გამო, მეჩეთების დღემდე შენარჩუნება მოსახლეობის დამსახურებაა.

15749139_1210564568993469_1820411347_o

კვლევისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშნელოვანი ფაქტი, რომელიც წარმოაჩენს  სახელმწიფოსა და პასუხისმგებელი პირების დანაშაულს. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იზრუნოს მასზე და შეინარჩუნოს, რასაც ის ვერ/არ ახორციელებს და რაც დანაშაულია. იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის  ნიშნებიც. საქმე გვაქვს ძეგლების მიზანმიმართულ  ნგრევასთან.

2012 წელს 19 მეჩეთს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამავე წელსვე დაინგრა მუგარეთისა და გიორგიწმინდას მეჩეთები, რომლებსაც ჰქონდათ სტატუსი.

15784950_1210565005660092_478587973_o

ადგილობრივი მოსახლეობა დანგრევის მიზეზად აცხადებს რაბათის რეაბილიტიაციას. ამბობენ, რომ სოფელში მოვიდნენ უცხო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების მეთვალყურეობითვე დაანგრიეს სტატუსის მქონე მეჩეთები. ქვები კი რეაბლიტაციისთვის წაუღეს.

სოფ. ჩორჩანი – ამ სოფელში მეჩეთის ვერ იპოვით, რადგან იქ მისი ერთი ქვაც აღარ არსებობს. არადა 2012 წლამდე მეჩეთი იქ იდგა და სოფლის ქრისტიანი მოსახლეობაც შეძლებისდაგვარად უფრთხილდებოდა. ყოველ შემთხვევაში, არ ანგრევდნენ, მიუხედავად ქრისტიანი სასულიერო პირების მხრიდან ბევრი შემოთავაზებისა, რომ დაენგრიათ და მისი ქვებით ეკლესია აეშენებინათ. მეჩეთის ქვები რაბათის რეაბილიტაციისთვის წაიღეს, დარჩენილი კი ადიგენში, ეკლესიის მშენებლობისთვის გამოიყენეს. ამბობენ რომ სხვა სოფლებშიც მოხდა მსგავსი რამ.

15817733_1210567358993190_1218939352_o

ძეგლთა დაცვის სააგენტოში აღნიშნულ ფაქტზე გვპასუხობენ, რომ სააგენტოდან არ გაუციათ ნებართვა ძეგლის დანგრევის შესახებ. უახლოესს წარსულში მომხდარი ეს ფაქტებიც, როგორც ამ მეჩეთების ისტორია ჯერჯერობით  ბუნდოვანი რჩება.

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ მათ არ უნახავთ მონიტორინგზე ძეგლთა დაცვიდან ადამიანი, ვინც შეამოწა მეჩეთების მდგომარეობა, თუმცა სააგენტოს პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: სააგენტო პერმანენტულად ახორციელებს მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ ძეგლებზე. მათ ასევე არ გაუციათ ოფიციალურად გაფრთხილება არც ერთ ისლამური მემკვიდრეობის ძეგლზე არსებული დარღვევებისთვის.

სოფელ ურაველში მეჩეთი საბჭოთა პერიოდში გადააკეთეს, კლუბად გახადეს და სივრცე გააფართოვეს. მეჩეთს 2012 წელს სხვებთან ერთად მიენიჭა ძეგლის სტატუსი. ოქტომბერში სოფელ ურაველში მიმდინარეობდა გზის გაყვანის სამუშაოები, ასევე ახალგარემონტებული იყო სტატუსის მქონე მეჩეთის შენობაც. ყოფილ მეჩეთში შესვლა შეუძლებელი აღმოჩნდა, მაგრამ, როგორც ადგილობრივები ამბობენ იქ ძველი არაფერია დარჩენილი, მათ შორის ჭერიც. სოფელ წყორძაში მეჩეთის ნაცვლად დაგვხვდა ქვების გროვა, რომლის ადგილასაც უნდა ყოფილიყო მეჩეთი. საინტერესოა, რომ მას მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი.  მეჩეთი სხვა, სოფლებში კი სტატუსის გარეშე დგას. რეალურად სტატუსს ამ მეჩეთებისთვის არაფერი შეუცვლია, თუმცა ოფიციალურად აღიარებაც მნიშვნელოვანი საკითხია.

სოფელ ურაველი

სოფელ ურაველი

აღსანიშნავია სოფელი ხევაშენი და ვალე, რომლებშიც უკეთაა შემოჩენილი შიდა ხის ჭერი, და მოხატულობა. ხევაშენში, მიუხედავად იმისა, რომ საბჭთა პერიოდში გადაღებილი უნდა ყოფილიყო შიდა სივრცე, რადგან გამოიყენებოდა კლუბად, კედლებზე, მიჰრაბზე, სარკმლებსა და სხვა დეტალებზე ადვილი შესამჩნევია მოხატულობა, საღებავის მკვეთრი ფერები, ასევე აღსანიშნავია გუმბათი და ჭერის სხვა ნაწილები, რომელიც მთლიანად ორნამენტირებულია და ფერად საღებავთან ერთად ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. ხაზგასასმელია ხევაშენის მეჩეთის მძიმე მდგომარეობა. სამხრეთ-აღმოსავლეთი კედელი თითქმის ჩამონგრეულია, გამოშლილი აქვს საძირკველიც. ძეგლი სასწრაფოდ საჭიროებს გამაგრებას. სოფ: ენთელის მოსახლეობა კი ამბობს, რომ სოფლის ცენტრში მდგარი მეჩეთის შენობა საფრთხეს უქმნის მაცხოვრებლებსა და განსაკუთრებით ბავშვებს, ვინაიდან ყოველდღურად ინგრევა. სოფლის ბავშვები ხშირად თამაშობენ მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სოფელი ხევაშენი

სოფელი ხევაშენი

სოფელი ვალე

სოფელი ვალე

სოფლები: ვალე, წყორძა, ღობიეთი, ენთელი, კახარეთი, კლდე, სმადა, ხევაშენი, ვარხანი, ბოლაჯური, ფერსა, ზიკილია, საყუნეთი, ქიქინეთი, ხარჯამი, წახანი, ოთა, ხოსპიო – ეს იმ სოფლების მეჩეთების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია და შესაძლოა, მალე აღარ იარსებოს. მათი კულტურულ-ისტორიული ღირებულება გაცილებით დიდი მასშტაბებისაა, ვიდრე უბრალოდ ღირშესანიშნავი არქიტექტურული ძეგლი, რადგანაც ის დაკარგული მესხური კულტურის ნაწილია. ძეგლები მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას სახელმწიფოს, პასუხისმგებელი პირებისა, თუ სტრუქტურების მხრიდან, რადგან ყოველი დღე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდი კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ მდგომარეობას.

15776526_1210565618993364_1132935605_o

Powered by Watch Dragon ball super