გაინტერესებთ, როგორ შეიქმნა ეს შენობა და რა ისტორია იქმნებოდა მასში?

გსურთ გააცოცხლოთ ეს ისტორიები და წარმოუდგინოთ სხვებს?

ხართ არქიტექტურის, დიზაინის, ციფრული კომუნიკაციების ან სამუზეუმო საქმის სტუდენტი ან კურსდამთავრებული?

მაშინ გიწვევთ, ახლოდან გაიცნოთ თბილისის გულში მდებარე, მისი ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლი – ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი და თავად შექმნათ მისი ისტორიების ამსახველი საინტერპრეტაციო ცენტრის კონცეფცია!

რა:

  •  უორკშოპი: დარეგისტრირდი 6 მაისამდე და მიიღე მონაწილეობა ერთდღიან უორკშოპში, სადაც დეტალურად გაეცნობი შენობის ისტორიასა და თანამედროვე გამოწვევებს, გაიგებ მეტს საინტერპრეტაციო ცენტრების შესახებ და სხვა დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად ან ინდივიდუალურად დაამუშავებ ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის სამუზეუმო კონცეფციას.

როდის? უოკრშოპი ჩატარდება 11 მაისს 11:00-17:00 საათზე, დასრულებული კონცეფციების გამოგზავნის ბოლო ვადაა 16 მაისი.

  •  გამოფენა: თქვენ მიერ შექმნილი კონცეფციები გამოიფინება მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე, 18 მაისის ღამეს სასახლის მიმდებარედ.  

როდის? 18 მაისი – მუზეუმების საერთაშორისო დღე

თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბის შენობა, რომლის ავტორები ლადო ალექსი-მესხიშვილი და გერმანე ღუდუშაური არიან, 1973 წელს გაიხსნა ვერის ბაღში და გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. იგი მიეძღვნა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, ჭადრაკის დიდოსტატს, ნონა გაფრინდაშვილს და მასში აღიზარდა წარმატებულ მოჭადრაკეთა მრავალი თაობა. სასახლის 500 კაციან დარბაზს არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირისთვის უმასპინძლია.

ცოტამ თუ იცის, რომ ამავე შენობაში, აგებიდან დღემდე ბინადროს საქართველოს ალპური კლუბი და ალპინიზმის მუზეუმი.

დღეს ეს შენობა გამოწვევების წინაშე დგას. ისევე როგორც გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის ბევრი სხვა ნაგებობა საქართველოში, თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბიც ნაკლებდაფასებულია, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია მისი არქიტექტურული, მხატვრული, მემორიალური თუ ფუნქციური ღირებულებების შესახებ.

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი გეთის ფონდის,  Keeping It  Modern ინიციატივის  ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „მოდერნისტული არქიტექტურის კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში“ განხორციელებით, ცდილობს გაზარდოს შენობის ცნობადობა, რათა იგი მეტად იქნეს დაფასებული როგორც ქალაქის ბინადართა, ისე მის სტუმართა და მესვეურთა მიერ.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება მისი კონსერვაციის გეგმა. უორკშოპის ფარგლებში დამუშავებული სამუზეუმო კონცეფციებიდან  შესაძლოა საუკეთესო ინტეგრირდეს კონსერვაციის გეგმის დოკუმენტში.

საინტერპრეტაციო ცენტრი:

საინტერპრეტაციო ცენტრები იქმნება კულტურული თუ ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლებთან და ხშირად ინტეგრირებულია დამთვარიელებელთა ცენტრებში. მათი მიზანია, დამთვარიელებელს წარუდგინოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ძეგლის შესახებ, მოყვეს მისი ისტორიისა და ღირებულებების შესახებ, განმარტოს და ფართო საზოგადოებისათვის გასაგებად, თანამედროვე მულტიმედიის დახმარებით წარადგინოს მასზე მიმდინარე კვლევითი, საკონსერვაციო თუ სხვა სახის სამუშაოების შედეგები და წარმოაჩინოს მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი.

ტრადიციული მუზეუმისგან განსხვავებით, საინტერპრეტაციო ცენტრების მიზანი არ არის არტეფაქტების შეგროვება, კონსერვაცია და კვლევა. ისინი იქმნება მემკვიდრეობის მნიშვნელოვნების გადმოსაცემად, განათლებისა და ფართო საზოგადოების გათვიცნობიერების მიზნით.

საინტერპრეტაციო ცენტრები იყენებენ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებს მემკვიდრეობის სრულფასოვანი შემეცნებისთვის. ისინი ცდილობენ დამთვარიელებელში მოახდინონ აღმოჩენის პროცესის სტიმულირება და მემკვიდრეობასთან მათი ინტელეტქუალური და ემოციური კავშირის დამყარება. მათში გამოიყენებენ ინტერაქტიულ, სცენოგრაფიულ გამოფენებსა და მულტიმედია პროგრამებს.

 

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super