3-7 ივნისი, 2019 (10:00 – 18:00)
მისამართი : თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი , კოსტავას ქ . 37 ა
განაცხადის შევსების ბოლო ვადა : 29 მაისი , 2019
დაგვიკავშირდით : maryam.blueshield@gmail.com; +995 555 177 222
სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/CydFBxs5LMJKPz1z7

რა?

ვორკშოპი _ არქიტექტურული მემკვიდრეობის ადაპტაცია და ხელახალი გამოყენება

შენობა მისი მშენებლობის დასრულებისთანავე შეიძლება გახდეს გამოუსადეგარი და მოძველებული. მიზანმა, რომლისთვისაც ის აშენდა, შეიძლება მალევე დაკარგოს მნიშვნელობა და შენობის სივრცეები შეიძლება ზედმეტად დიდი ან პატარა აღმოჩნდეს, თავდაპირველი ჩანაფიქრი შეიძლება სულაც არაადექვატური გახდეს. ნაგებობების დიდ ნაწილს ემუქრება მოძველება და გამოუყენებლობა. ეკონომიკური ცვლილებები, რევოლუციური ტექნოლოგიები და ცვალებადი კულტურა განაპირობებს მათ ფუნქციონალურ, ეკონომიკურ და სოციალურ მოთხოვნებს (Chilton, Baldry, 1997). რიგით შენობასთან მიმართებაში ისე მწვავედ არ დგას ეს საკითხი, რადგან იგი შეიძლება შეიცვალოს და ადაპტირებულ იქნას საჭიროებებთან, ან თუ არსებობს ამის შესაძლებლობა, მოხდეს მისი დემონტაჟი და ახალი შენობით ჩანაცვლება.

საკითხი სხვაგვარად დგას, როდესაც ეს შენობა კოლექტიური  მეხსიერების  ნაწილი ხდება და იგი დაფასებულია მისი კულტურული, ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებების გამო. ამ დროს იწყება კონფლიქტი შენობის გამოყენების შესაძლებლობას, ეკონომიკურ და სხვა სოციალურ  ღირებულებებს შორის.

მსგავსი სიტუაციაა თბილისის ჭადრაკის სასახლესა და ალპურ კლუბთან მიმართებაში. ეს გამორჩეული შენობა 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და იქცა სპორტის ორ ეროვნულ სახეობაში მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოდ. საბედნიეროდ, შენობა მეტწილად თავდაპირველი ფუნქციით აგრძელებს არსებობას და კვლავინდებურად მასპინძლობს ჭადრაკის ფედერაციასა და ალპურ კლუბს. თუმცა შენობის გარკვეული ნაწილები იჯარით იქნა გაცემული ბილიარდის კლუბისთვის, ოფისისთვისა და კაფისთვის, რათა ჭადრაკის ფედერაციას ჰქონოდა ფინანსური შემოსავალი. სამწუხაროდ, შედეგად იჯარით გაცემული შენობის ნაწილები არაერთგზის იქნა სახეცვლილი და ზოგიც მიტოვებული, კერძოდ მისი დიდი დარბაზი. შენობის მთელი სტრუქტურა მორგებული იყო მთავარ დარბაზს და მის ძირითად გამოყენებასჭადრაკის თამაშების ყურებას. დღესდღეობით ალბათ არავინ დაობს, რომ ამ გამოყენებას დაკარგული აქვს აქტუალობა. დარბაზი, რომელშიც  არაერთი ცნობილი  საჭადრაკო შეხვედრა ჩატარებულა, დღეს გამოუყენებელია და ჭადრაკის ფედერაციას სურს მისი გადაკეთება, თუმცა სჭირდება შესაბამისი რჩევები. მიუხედავად იმისა, რომ შენობა კვლავ თავის თავდაპირველ ფუნქციას ემსახურება, მისი სივრცეების დიდი ნაწილი უკვე მოძველებული და გამოუსადეგარია.

აღნიშნული ვორკშოპის მიზანია სწორედ თბილის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის  სივრცეების, მათ შორის მთავარი დარბაზის, ხელახალი გააზრება. იდეები გამოყენების ცვლილების შესახებ უნდა შეესაბამებოდეს ჭადრაკის ფედერაციის ფინანსურ საჭიროებებსა და შენობის ღირებულებებს, როგორიცაა მისი კულტურული და მხატვრულესთეტიკური ღირებულებები. მოცემული დავალება  არქიტექტორებისგან მოითხოვს წარმოსახვის უნარსა და შემოქმედებითობას, ასევე ფრთხილ და პრაქტიკულ მიდგომას. მეტიც, ის ასევე მოითხოვს ფინანსურ, კომერციულ, მარკეტინგულ და კომუნიკაციის უნარებსაც. ეს ყოველივე კი არქიტექტურის კონსერვაციის მნიშვნელოვანი ასპექტებიაშენობის გააზრება, ამჟამინდელი გამოყენების დოკუმენტაცია, მფლობელთა მომავალი საჭიროებების პროგნოზირება და ინოვაციური და ფინანსურად მდგრადი გადაწყვეტილებების მიღება.

ვორკშოპის ფოკუსია არქიტექტორთა, ინჟინერთა და რესტავრატორთა ახალი თაობის, აგრეთვე ფინანსისტთა და ეკონომისტთა ცოდნისა და უნარების გაძლიერება. ამის გარდა, ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი კარიერის დასაწყისში საჭიროებს სამუშაო გამოცდილებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის პრაქტიკულ ცოდნას. ვორკშოპის დაგეგმვის საწყის ეტაპზე სამმა უმაღლესმა სასწავლებელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და თბილისის სამხატვრო აკადემიამ გამოთქვა მზადყოფნა,  რომ მათი სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას ვორკშოპში და მის თანმდევ აქტივობებში.

ამრიგად, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი გეთის ფონდის Keeping It Modern ინიციატივის პროექტის ფარგლებში 15-მდე ქართველ სტუდენტსა და ახალგაზრდა სპეციალისტს სთავაზობს ხუთ დღიან თემატურ  ტრენინგს სახელწოდებითარქიტექტურული მემკვიდრეობის ადაპტაცია და ხელახალი გამოყენება“.

ხუთი დღის განმავლობაში, მონაწილეები მიმართავენ სხვადასხვა საშუალებებს იმისათვის, რომ მიაგნონ რეალისტურ გადაწყვეტებს შენობის გარკვეული ნაწილების ადაპტაციისთვის. სტუდენტები პირველ ეტაპზე შეისწავლიან შენობას, მის ღირებულებებს, დღევანდელ გამოყენებას. მეორე ეტაპზე, ისინი გაესაუბრებიან და განიხილავენ შენობის თანამედროვე და სამომავლო გამოყენების გეგმებს მის მფლობელებთან და მოსარგებლეებთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყურადრება მიექცევა ფინანსურ ასპექტებს და კერძოდ იმას, თუ რამდენად შეუძლია შენობას დღევანდელი მოცემულობით ჭადრაკის ფედერაციისა და შენობის მოვლაპატრონობის ფინანსური უზრუნველყოფა. და ბოლოს, ჯგუფური მუშაობის გზით მიმოხილული იქნება შენობის ღირებულებებთან თავსებადი შესაძლო სამომავლო გამოყენების გზები და ალტერნატიული პროექტები, რომელსაც ასევე დაერთვება პირველადი ფინანსური ანალიზიც.

ვორკშოპის შედეგი იქნება მონაწილეთა მიერ შექმნილი ანგარიში ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც საბოლოოდ მიეწოდება როგორც შენობაზე პასუხისმგებელ პირებს, ისევე გეთის ფონდს.

როდის ?

ვორკშოპი ჩატარდება  2019 წლის 3-7 ივნისს 5 დღის მანძილზე და მოიცავს ლექციებს, არაფორმალურ დისკუსიებს, ჯგუფურ დავალებებს, ტექნიკურ ვიზიტებსა და პრეზენტაციებს.  

ვინ ?

ვორკშოპის სამიზნე აუდიტორიაა სტუდენტები და ახალგაზრდა სპეციალისტები. სასწავლო მასალა ხელმისაწვდომი იქნება  ლურჯი ფარის ვებგვერდზე.  იქიდან გამომდინარე, რომ არაერთი ისტორიული შენობა არის მსგავსი გამოწვევების წინაშე, ჯგუფს ექნება შესაძლებლობა, გაუზიაროს მიღებული ცოდნა კონსერვაციის სხვა სპეციალისტებსაც. კურსს გაუძღვება ამ მიმართულებით მუშაობის დიდი ხნის გამოცდილების მქონე ამერიკელი არქიტექტორ-რესტავრატორი რენდ ეპიქი და პროექტის გუნდი. ვორკშოპი მოიცავს როგორც ლექციებს, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს და მეტწილად მოიცავს ადაპტაციის თემებს.

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი დაარსდა 2013 წელს და აღიარებულია საერთაშორისო ლურჯი ფარის მიერ, როგორც მისი ერთ-ერთი ეროვნული კომიტეტი. საერთაშორისო ლურჯი ფარის მსგავსად, საქართველოს ეროვნული კომიტეტი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან, იუნესკოს ჰააგის კონვენციისა და მისი ორივე ოქმის პოპულარიზაციასა და მათი შესრულების ხელშეწყობას, რისკისათვის მზადყოფნისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავებასა და შესრულებას კულტურული ფასეულობების დასაცავად; საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მემკვიდრეობის ღირებულებებისა და მის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ. გარდა ამისა, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიზანია საერთაშორისო ლურჯი ფარის ქსელთან თანამშრომლობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობის დამყარება. ლურჯი ფარი გეთის ფონდთან ერთად ადმინისტრირებას გაუწევს Keeping it Modern ინიციატივის პროექტის განხორციელებას თბილისის ჭადრაკის სასახლისა  და ალპური კლუბისთვის. https://blueshield.ge

გეთის ფონდი

გეთის ფონდი ასრულებს გეთის სამეურვეო ფონდის საქველმოქმედო მისიას და მხარს უჭერს კერძო პირებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც თავდადებულად მუშაობენ  ვიზუალური ხელოვნების სიღრმისეული შემეცნებისა და შენარჩუნების საქმეში როგორც ლოს-ანჯელესში, ისე მსოფლიოს მასშტაბით.

სტრატეგიული საგრანტო ინიციატივების მეშვეობით ფონდი აძლიერებს ხელოვნების ისტორიის დარგს, როგორც გლობალურ დისციპლინას, მხარს უჭერს კონსერვაციის ინტერდისციპლინარულ პრაქტიკას, ზრდის სამუზეუმო და  საარქივო კოლექციებზე ხელმისაწვდომობას და ავითარებს ამჟამინდელ და მომავალ ლიდერებს ვიზუალურ ხელოვნებაში. ფონდი თანამშრომლობს გეთის სხვა პროგრამებთან, რათა უზრუნველყოს მათი ინდივიდუალური და ერთობლივი მუშაობის მაქსიმალური ეფექტურობა. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ფონდის ვებ-გვერდზე: www.getty.edu/foundation

სად ?

ვორქშოპი ჩატარდება თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობაში.  

თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობა გვიანი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშია. ხშირად თბილისის ჭადრაკის სასახლედ წოდებულ შენობას, იმ დროს საქართველოში ორი ძალიან პოპულარული სპორტის სახეობის  – ჭადრაკისა და მეკლდეურობისთვის უნდა ემსახურა, შენობაში მისი გახსნის დღიდან დღემდე მდებარეობს ორივე სპორტის ფედერაცია.

შენობა ორი არქიტექტორის: ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის (1915-1978) და გერმანე ღუდუშაურის (დაბადებული 1939) მიერ არის დაპროექტებული და გაიხსნა 1973 წელს კიროვის (დღევანდელი ვერეს) პარკში, თბილისის ცენტრში. არქიტექტორები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ  “სამეულის” კოლექტივთან – ალექსანდრე სლოვინსკისთან (1935), ოლეგ ქოჩაკიძესთან (1935-2017) და იური ჩიკვაიძესთან (1934-2004), რომლებიც მუშაობდნენ შენობის ინტერიერის დეკორზე.

შენობა გამოირჩევა მისი მნიშვნელობით, რადგან ის დაპროექტდა და აშენდება საქართველოს მიღწევების აღსანიშნავად და არა კოლექტიური ან საბჭოთა ხელისუფლების გასაძლიერებლად. ის იყო საწვრთნელი ბაზა საქართველოს ჭადრაკის ჩემპიონებისთვის, რომლებიც 1970-იან წლებიდან 30 წელზე მეტია ფლობენ  მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონების ტიტულს. შენობა მიეძღვნა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, სპორტის ოსტატ ნონა გაფრინდაშვილს, რომელიც 1962 წელს, 21 წლის ასაკში პირველად გახდა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი. ჭადრაკის სასახლე დღესდღეობით კვლავ პოპულარულია თბილისის მაცხოვრებლებს შორის და ხშირი შეკრების ადგილია. ის განსხვავდება თბილისში მდებარე  საბჭოთა პერიოდის შენობებისგან იმით, რომ არ არის სტილისტურად ბრუტალისტური, არამედ შემკულია ბუნებრივი ხით, ღია და ნათელია, შერწყმული ვერის პარკთან.https://goo.gl/maps/MckRXNMWgiT2

რატომ?

Keeping It Modern ინიციატივა

თანამედროვე არქიტექტურა XX საუკუნის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მხატვრული ფორმაა. ტრადიციული სტრუქტურული მოთხოვნებისგან განთავისუფლებულმა არქიტექტორებმა და ინჟინრებმა ინოვაციური ფორმების და არქიტექტურასთან ახალი ფილოსოფიური მიდგომების შესაქმნელად  ექსპერიმენტული მასალები და ახალი სამშენებლო ტექნიკა გამოიყენეს. თანამედროვე არქიტექტურის მიღწევების გვირგვინი, ვოლტერ გროპიუსის ბაუჰაუსის შენობებიდან, ლუდვიგ მის ვან დერ როეს სიგრამ ბილდინგითა და ლუსიო კოსტასა და ოსკარ ნიმეიერის ბრაზილიით დამთვარებული, წარმოადგენენ მე-20 საუკუნის პროგრესის, ტექნოლოგიებისა და ღიაობის  იდეალებს.

დღეს ეს თანამედროვე არქიტექტურული მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშაა. უახლესი სამშენებლო მასალები და სტრუქტურული სისტემები, რომლებიც თანამედროვე მოძრაობის განმსაზღვრელია ხშირად გამოუცდელად იხმარებოდა და ყოველთვის ვერ აჩვენებდა ეფექტურ შედეგებს დროთა განმავლობაში. მემკვიდრეობის პროფესიონალებს ყოველთვის არ აქვთ საკმარისი სამეცნიერო მონაცემები ამ მასალების და სისტემების ბუნებასა და ქცევებზე, რათა მიიღონ მათი კონსერვაციისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებები.

ამ გამოწვევების გადასაჭრელად გეთის ფონდმა შეიმუშავა საერთაშორისო საგრანტო ინიციატივა Keeping It Modern, რომელიც განაგრძობს ფონდის თავდადებულ მუშაობას არქიტექტურის კონსერვაციისათვის და ფოკუსირდება მეოცე საუკუნის მნიშვნელოვან შენობებზე. Keeping It Modern მხარს უჭერს საგრანტო პროექტებს იმ შენობებთან მიმართებაში, რომელთაც აქვთ გამორჩეული არქიტექტურული მნიშვნელობა და რომლებიც ხელს შეუწყობენ კონსერვაციის პრაქტიკის წინსვლას. გრანტები ფოკუსირდება კონსერვაციისა და მართვის გეგმების შექმნაზე, რომლებიც განსაზღვრავენ შენარჩუნებისა და მოვლა-პატრონობის გრძელვადიან პოლიტიკას, შენობის მდგომარეობის საფუძვლიან შესწავლაზე და თანამედროვე მასალების გამოცდა – ანალიზზე დაყრდნობით. Keeping it Modern ინიციატივის წინა წლების გრანტის მიმღებებს შორის არიან:  სიდნეის ოპერის თეატრი, ფრენკ ლოიდ რაიტის პრაისის კოშკი ოკლაჰომაში და ბაუჰაუსის ფონდი დესაუში.http://www.getty.edu/foundation/initiatives/current/keeping_it_modern/

საერთაშორისო ექსპერტი

რენდ ეპიჩი არის პრაქტიკოსი არქიტექტორ-კონსერვატორი, პროექტის მენეჯერი და მკვლევარი, რომლის ამჟამინდელი საქმიანობა ფოკუსირდება კულტურული მემკვიდრეობის როლზე საზოგადოების ეკონომიკურ და მდგრად განვითარებაში. მას აქვს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება, ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ეკვადორში, კუბაზე, ყაზახეთში, უზბეკეთში, კვიპროსზე, პაკისტანიში, სურინამში, ბალკანეთში, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

2015 წელს საკუთარი არქიტექტურული კონსერვაციის სტუდიის გახსნის შემდეგ თანამშრომლობს UNESCO, UNDP, EuropeAid, გეთის ფონდის და ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკთან. კითხულობს ლექციებს ნავარას უნივერსიტეტში, პამპლონაში, კულტურული მემკვიდრეობა საზღვრების გარეშე პროგრამებში, ICCROM-ში, გეთის კონსერვაციის ინსტიტუტში, ატაბასკას უნივერსიტეტში და ბრიტანეთის მუზეუმი, ATHAR (არქიტექტურულ-არქეოლოგიური მატერიალური მემკვიდრეობა არაბულ რეგიონში), ისევე როგორც ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტსა და პენსილვანიის უნივერსიტეტში.

ის გახლდათ უფროსი პროექტების მენეჯერი გეთის კონსერვაციის ინსტიტუტში, სადაც მან დააარსა დოკუმენტაციის ლაბორატორია და განახორციელა პირველი წარმატებული 3D ლაზერული სკანირება და ფოტოგრამეტრიული ჩანაწერების პროტოკოლი. ამჟამად ასრულებს სადოქტორო დისერტაციას მადრიდის პოლიტენიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის უმაღლეს ტექნიკური სკოლაში, აქვს მაგისტრის ხარისხი როგორც არქიტექტურაში, ისე ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA) კალიფორნიისა და ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტებისგან. ასევე ფლობს ბაკალავრის ხარისხს არქიტექტურაში

ისტორიული შენარჩუნების მიმართულებით. მისი კარიერა დაიწყო ნიუ ორლეანში, ლუიზიანაში, 2016 წელს ის გახლდათ გეთის ფონდის keeping it modern ინიციატივის კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრი პროექტისთვის რომელიც შეეხებოდა პრიშტინაში კოსოვოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, რენდი გახლავთ DOCOMOMO კოსოვოს წევრი.

 

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super