რისკისთვის მზადყოფნა
რისკისთვის მზადყოფნა – მუზეუმების, ძეგლების, არქივებისა და ბიბლიოთეკებისათვის დახმარების აღმოჩენა რისკისთვის მზადყოფნისა და მართვის გეგმების შემუშავებაში
„გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა“
დონორი: ALIPH-ის ფონდი (კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსი)
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმთან თანამშრობლობით და ფონდ ALIPH-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა“.
პროექტის მიზნებია:
- კატასტროფის რისკების მართვის გეგმის შემუშავება გორის მუზეუმისათვის.
- მუზეუმის კოლექციების დეტალური დოკუმენტაცია.
- გორის და შიდა ქართლის რეგიონის სხვა მუზეუმების თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება.
- სამოქალაქო–სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას სახელმწიფო ორგანოებს შორის.
პროქტის განმავლობაში ჩატარდება ტრენინგები, თეორიული სავარჯიშოები, რომელთა განსახორციელებლად მოწვეული იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
პარტნიორები: გორის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო; კულტურული მემკვიდრების დაცვის სააგენტო; თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პროქტის საწყისი თარიღი: 2020 წლის მარტი
ხანგრძლივობა: 2 წელი
სასწრაფო რეაგირება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გავრცელებული ობის აღმოსაფხვრელად
დონორი: პრინც კლაუსის ფონდის საგანგებო რეაგირების პროგრამა
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან ერთად, პრინც კლაუსის ფონდის (ჰოლანდია) საგანგებო რეაგირების პროგრამის (Cultural Emergency Response Programme CER) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “სასწრაფო რეაგირება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გავრცელებული ობის აღმოსაფხვრელად”,
რომლის მიზანია:
- კოლექციების ზოგადი შენახვის პირობების შეფასება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში
- ობით დაავადებულ წიგნებთან მოპყრობისა და მათი წმენდის ოქმების განსაზღვრა, რომელიც დაიცავს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ჯანმრთელობას და ხელს შეუშლის 200,000- მდე დაავადებული იშვიათი წიგნის შემდგომ დაზიანებას
- ოქმის შედგენა ბიბლიოთეკის სარდაფში ტენიანობის პრობლემის გამოსასწორებლად, ისე რომ სარდაფის გამოყენება შეიძლებოდეს ობის ხელახალი წარმოქმნის საშიშროების გარეშე. რეკომენდაციები ფოკუსირდება კოლექციების შენარჩუნებასა და კონსერვაციის მდგრადი გეგმის შემუშავებაზე .
პერიოდი: 15.12.2016 – 31.03.2017
დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა უნარების გაძლიერება რისკისთვის მზადყოფნისა და რეაგირებისთვის
პროექტის ფარგლებში ქ. გორში ჩატარდა მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალისა და შიდა ქართლის რეგიონის მუზეუმების თანამშრომლების ტრენინგი რისკისთვის მზადყოფნისა და საგანგებო რეაგირების ღონისძიებებში, შემუშავდა რეკომენდაციები დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის რისკისთვის მზადყოფნის გეგმისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შესამუშავებლად.
პროექტის პარტნიორი: WATCH International
„დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა უნარების გაძლიერება რისკისთვის მზადყოფნისა და რეაგირებისთვის“
2015 წლის 19-23 ოქტომბერს ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებითა და პრინც კლაუსის ფონდის (Prince Claus Fund) საგანგებო რეაგირების პროგრამის (Cultural Emergency Response Programme CER) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა უნარების გაძლიერება რისკისთვის მზადყოფნისა და რეაგირებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა შიდა ქართლის რეგიონის ძირითადი მუზეუმებისა და დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლების პრაქტიკული ტრენინგი თემაზე: „სამუზეუმო კოლექციების დაცვა საგანგებო სიტუაციების დროს“.
ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო ასოციაცია WATCH-ის წევრი ექსპერტები.
პირველი დღის განმავლობაში, ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ძირითად წესებსა და კონცეფციებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნას საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისას. თეორიული ტრენინგი მიეძღვნა საგანგებო სიტუაციებში მოქმედი გუნდის შემადგენლობასა და ფუნქციების გადანაწილებას, საფრთხეში მყოფი არტეფაქტების კლასიფიკაციის ფორმის შედგენას. მონაწილეები ასევე გაეცნენ სხვადასხვა სამაშველო მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სცენარის ფარგლებში მოქმედებისას, მაგ როგორიცაა წყლითა და ცეცხლით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობა, მწერების ინვაზიები და ა.შ.
მეორე დღე დაეთმო ხანძრის სიმულაციას. მონაწილეები დაიყვნენ სამ ჯგუფად, თითოეული მათგანის დავალება იყო დაახლოებით 15 ექსპონატის გადარჩენა ხანძარში გახვეული მუზეუმიდან. მათ უნდა შეექმნათ სამუშაო სადგურები და შეეფუთათ ექსპონატები მათი შემადგენელი მასალების გათვალისწინებით.
ბოლოს დღეს მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.