ჟურნალისტების კონკურსი

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „ჩართულობა და ურთიერთმხარდაჭერა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს კულტურული მემკვიდრეობის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის. კონკურსის მიზანია, შეირჩეს ერთი ჟურნალისტი საქართველოდან, რომელიც გაემგზავრება უკრაინაში და მოამზადებს ჟურნალისტურ მასალას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ უკრაინაში.

კანდიდატი უნდა იყოს მოქმედი ჟურნალისტი, რომელსაც აქვს ინტერესი და სამუშაო გამოცდილება კულტურის სფეროს ჟურნალისტიკაში. შერჩეული კანდიდატი გაემგზავრება ქ. კიევში, სადაც 1 კვირის მანძილზე გაეცნობა კიევში მდებარე მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად და წინასწარულ ნუსხაში არსებული ძეგლების (წმ. სოფიას კათედრალი, კიევ-პეჩორის ლავრა) მდგომარებას, შეხვდება ძეგლების დაცვაზე პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჩაწერს ინტერვიუებს და ასევე გაეცნობა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის –  “Initiative for St. Andrew’s Passage” მუშაობას.

 

ვიზიტის შემდეგ შერჩეული კანდიდატი ვალდებულია მოამზადოს ჟურნალისტური მასალა (სტატია ან სიუჟეტი) კიევში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების მდგომარეობაზე და გამოაქვეყნოს მასალა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. მასალაში მიმოხილული უნდა იყოს ძეგლებზე არსებული მდგომარეობა, მათ დაცვასთან და მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები.

 

ჟურნალისტთა გაცვლა პროექტის პარტნიორ ქვეყნებს შორის პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა და მიზნად ისახავს, მონაწილე ქვეყნების ჟურნალისტებს მისცეს შესაძლებლობა, გაეცნონ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის ძეგლებს სხვა ქვეყანაში და როგორც საკუთარ, ისე მასპინძელ ქვეყანაში ფართო საზოგადოებას წარუდგინონ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების  მრავალფეროვნება და მათი დაცვისა და მართვის მსგავსი და განსხვავებული პრობლემატიკა.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატის კიევში ვიზიტის ყველა ხარჯის (მგზავრობა, სასტუმრო და დღიური) დაფარვა გათვალისწინებულია პროექტით.

პროექტის ვადებია:

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 ნოემბერი

შერჩეული კანდიდატის გამოვლენის თარიღი: 28 ნოემბერი

კიევში გამგზავრების სავარაუდო თარიღი: 1-7 დეკემბერი

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულიდან: https://goo.gl/forms/CUb9lPfJVoOXJyX83

 

კანდიდატები შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე. კანდიდატს მოეთხოვება უკრაინული ან რუსული ენის ცოდნა. ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

 clogo-273x273-485191 WHW logo 

 

 

 

პროექტის წამყვანი პარტნიორია გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია “World Heritage Watch” და მისი მიზანია გერმანიის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. პროექტის პარტნიორები არიან: World Heritage Watch, ბერლინი, German-Russian Exchange, სანქტპეტერბურგი, Initiative for St. Andrew’s Passage, კიევი, ICOMOS Armenia, ერევანი და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, თბილისი.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super