ყოველი წლის 18 აპრილს ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ინიციატივით მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1983 წელს UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის 40-ე წლისთავის აღსანიშნად 18 აპრილი მსოფლიო ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღედ დააწესა.

ამ დღის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებისა და მოწყვლადობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერებისა და მგრძნობელობის ამაღლებაა.

18 აპრილი მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. მათ შორის, სამეცნიერო კონფერენციებით, გამოფენებით, ფოტოკონკურსებით, ექსკურსიებით, კინოჩვენებებით და ა.შ. ICOMOS-მა 2016 წლის 18 აპრილის თემად სპორტის მემკვიდრეობა დაასახელა წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, რომელიც ბრაზილიაში აგვისტოში გაიმართება.

მსოფლიო მემკვიდრეობის დღე საქართველოშიც აღინიშნება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წარადგენს 2014-2015 წლის ანგარიშს. ასევე, გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება 20-ე საუკუნის დასაწყისში შესრულებული სხვადასხვა ძეგლის ანაზომები.

საქართველოს უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში 6 803 ძეგლი ირიცხება, რომელთაგან 484 ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. აღსანიშნავია, რომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში საქართველოდან 3 ობიექტია შეტანილი: მცხეთის ისტორიული მონუმენტები (სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი), ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, ზემო სვანეთი. საქართველოში არამატერიალური მემკვიდრეობის აღნუსხვა მხოლოდ 2012 წლიდან დაიწყო.

ფოტო: ზემო სვანეთი, სოფ. ადიში. ბესო ჩიქვინიძე.

Powered by Watch Dragon ball super