ბოტანიკური ბაღის დასაცავად საზოგადოებრივი გაერთანება “ერთად” შაბათს, 7 მაისს, 13:00 საათზე, ტელეკომპანია GDS-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას გამართავს.

25 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი გაერთიანება თბილისის ბოტანიკური ბაღის გასხვისებას, შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შეჩერებას და ამ ტერიტორიის აუქციონზე გატანას აპროტესტებს.

“პარტიზანი მებაღეების” წარმომადგენელი ნატა ფერაძე სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

“ყველა საქმე ერთი ადამიანის სახელს უკავშირდება და ეს ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს აქციებს თავდაპირველად არალეგალური სახე ექნება, მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის,” – აღნიშნა ფერაძემ.

ამასთან, გაერთიანებამ პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში შესატანი განცხადება მოამზადა, რომელშიც ნათქვამია, რომ შპს “ფინსერვის XXI”-ს მიმართვის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის კორექტირება მოხდა გაუმჭვირვალედ და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობის გარეშე.

“ერთად” მოუწოდებს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოს, რომ:

1. დაინტერესდეს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით. მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები მათი კომპეტენციის ფარგლებში და უზრუნველყოს საკითხის საკომიტეტო და საკომისიო შეხვედრები.

2. თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობისას მისცეს მათ საშუალება, რომ დააფიქსირონ მათი  პოზიცია და მიაწოდონ პარლამენტსა და საკრებულოს მათ ხელთ ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ.

Powered by Watch Dragon ball super