გასულ კვირას ორგანიზაციამ “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” სამართლებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისის კულტურული მემკვიდრეობის მკაცრი დაცვის ზონაში პროექტ  “პანორამა თბილისის” მშენებლობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი ასპექტებია გაანალიზებული. მოცემულ სტატიაში შეჯამებულია კვლევაში განხილული ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ისტორიული ლანდშაფტის უკანონო განაშენიანებას ეხება.

1. 1985 წლის აქტით “ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ღონისძიებათა შემდგომი გაუმჯობესების შესახებ” დადგინდა, რომ  თბილისისათვის დაცული იქნებოდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი სამი ზოგადი ზონა:

ა. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა;
ბ. განაშენიანების რეგულირების ზონა;
გ. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა

თბილისის ლანდშაფტის დაცვის ზონის საზღვრები ჩამოყალიბდა თაბორის მთის, წავკისის წყლის ხევის, მთაწმინდისა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ 1985 წლის დადგენილება არის მოქმედი საკანონმდებლო აქტი, ხოლო მის მიერ განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები არის სავალდებულო რეგულირების რეჟიმები.

ამ ზონებში მოქმედებისა და ნებისმიერი განხორციელებული ღონისძიების შემზღუდავი პრინციპები კიდევ ერთხელ დაადგინა “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონმა”.

2. “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონი” განსაზღვრავს, რომ ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ შემდეგი სახის სამშენებლო სამუშაოები:

ა. კულტურული ან ისტორიული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობების კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ბ. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონებთან საზოგადოებრივ ან სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული იმგვარი ნაგებობების მშენებლობა, რომლებიც მნიშვნელოვნად არ უცვლის სახეს ისტორიულ რელიეფსა და ლანდშაფტს, არ აუარესებს ზონაში დაცული და ვიზუალური დაცვის არეალებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის აღქმას.

ეს ნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ნებისმიერი ღონისძიება მკაცრი რეგულაციებითაა შებოჭილი.

3. 2009 წლის 5 ივნისს თბილისის საკრებულომ მიიღო “დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის შესახებ” გადაწყვეტილება. “სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ” კანონი ითხოვს, რომ გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები. ამ ვალდებულების მიუხედავად, საკრებულომ გენერალურ გეგმაზე 1985 წლის დადგენილების შინაარსი არ ასახა.

22

ამას გარდა, საკრებულომ გენერალურ გეგმაზე თვითნებურად დაიტანა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი მხოლოდ ორი ზოგადი ზონა:

ა. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა
ბ. განაშენიანების რეგულირების ზონა.

ამ ზონების საზღვრები არ არის თანხვედრაში 1985 წლის დადგენილებით გათვალისწინებული ზონების საზღვრებთან. ამასთან, გენერალურ გეგმაზე ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა საერთოდ არ აისახა. შესაბამისად, 2009 წელს თბილისის საკრებულო გასცდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს.

4. გენერალური გეგმა არის მშენებლობის ნებართვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. იმის გამო, რომ თბილისის გენერალურ გეგმაზე არ აისახა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, მუნიციპალიტეტმა ამ ტერიტორიებზე მშენებლობები დაუშვა.

კონკრეტული ზონებისთვის დადგენილი მკაცრი შეზღუდვების დაცვა კი მხოლოდ ამ შეზღუდვის ზონების გენერალურ გეგმაზე დატანითაა შესაძლებელი.

5. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ დამცავი ზოგადი ზონების გენერალურ გეგმაზე ასახვით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების უფლებამოსილება ქალაქის მუნიციპალიტეტს არ აქვს და მსგავს გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მთავრობის დადგენილებით.

6. 2014 წლის 8 დეკემბერს მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა ფიზიკურმა პირმა და მოითხოვა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში ფუნქციური ზონის ცვლილება. მიზანი კი პანორამა თბილისის პროექტის მშენებლობა იყო.

სამშენებლო ტერიტორიაზე აღარ ფიქსირდებოდა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, მაგრამ რჩებოდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ფუნქციური ზონა. ამ ზონასთან დაკავშირებული შედარებით ლიბერალური რეჟიმიც კრძალავდა ამ ტერიტორიაზე უხეშ ჩარევას.

2014 წლის 30 დეკემბერს ქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ახალი გენერალური გეგმა, რომელზეც, 2009 წლის გენერალური გეგმის მსგავსად, არ აისახა ისტორიული ლანდშაფტის დამცავი ზონა. კერძო პირის მოთხოვნის შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე დატანილი ლანდშაფტურ-სარეკრეააციო ზონაც შეიცვალა.

11
7. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა “პანორამა თბილისის” მშენებლობის ნებართვა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში.

8. ამავე საკანონმდებლო ხარვეზის შედეგია სოლოლაკის ქედის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია GDS-ის მშენებლობა, ასევე თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებული 29 ჰა ტერიტორიის გატანა აუქციონზე მასში სასტუმროს მშენებლობის მიზნით.

339. მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალული განაშენიანების დაშვება ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის დაცულ უფლებას კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, მათ შორის ისტორიული ლანდშაფტის დაცვისა და შენარჩუნების კუთხით.

10. ამ დარგში მოღვაწე სხვა ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან ერთად წინამდებარე კვლევაში დამუშავებული არგუმენტებით განიხილება სასამართლო დავის წარმოების შესაძლებლობა ქალაქის დაცვის ზონებში მასშტაბური და დაუშვებელი კომპლექსის“პანორამა თბილისის” მშენებლობის წინააღმდეგ.

Powered by Watch Dragon ball super