ცენტრალურ იტალიაში 6.2 მაგნიტუდის დამანგრეველმა მიწისძვრამ რამდენიმე ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა დააზიანა.

მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ეკლესიებს, საფლავების მონუმენტებსა და მუზეუმებს. ნანგრევებად იქცა ამატრიჩე, რომელიც გასულ წელს იტალიის ყველაზე ლამაზ ქალაქად დასახელდა. იქ 100-მდე ეკლესია იყო, რომელსაც შუა საუკუნეების ფრესკები, მოზაიკები და სკულპტურები ამშვენებდა. მე-15 საუკუნის წმინდა ავგუსტინეს ტაძრის ფასადის ნახევარი ჩამოიშალა. მიწისძვრას გადაურჩა ქალაქის მე-16 საუკუნის საათის კოშკი.

ამატრიჩე

ამატრიჩე

ისტორიული შენობები დაზიანდა ქალაქ ნორჩაშიც, რომელიც წმინდა ბენედიქტეს დაბადების ადგილია. მე-12 საუკუნის ბაზილიკა, რომელიც მიიჩნევა რომ ბენედიქტეს სახლის საფუძველზე ააშენეს, მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. საფრთხე დაემუქრა აგრეთვე რომაულ კედლებს, რომლებიც საუკუნეებია ქალაქს გარშემო არტყამს.

ასიზის სან-ფრანჩესკოს ბაზილიკა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, მიწისძვრას გადაურჩა.

ასიზის სან-ფრანჩესკოს ბაზილიკა

ასიზის სან-ფრანჩესკოს ბაზილიკა

 ცენტრალურ იტალიაში დამანგრეველ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 247-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 360-ზე მეტია. ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქები ამატრიჩე, აკუმოლი და პესკარა დელ ტრონტო. იტალიის კულტურის მინისტრის თქმით, ახლა პრიორიტეტული ადამიანების სიცოცხლეა, კულტურული მემკვიდრეობისთვის  მიყენებული ზიანი კი მომდევნო კვირაში შეფასდება.

Powered by Watch Dragon ball super