ცენტრალურ მიანმარში ძლიერმა მიწისძვრამ ბაგანის უძველესი ბუდისტური პაგოდები დააზიანა. ამ დრომდე დაზიანებულად შეფასდა 184 ძეგლი, ჩამოშლილია ტაძრების კედლის მხატვრობა.

მიანმარის კულტურის სამინისტროს ცნობით, შექმნილია 11 ჯგუფი, რომელიც რეგიონის 11 სხვადასხვა ზონაში აფასებს კულტურული მემკვიდრეობისთვის მიყენებულ ზიანს. ძეგლების შენარჩუნებასა და რეაბილიტაციის საქმეში ჩართვის მზადყოფნა იუნესკო-მ უკვე გამოთქვა.

მე-11 საუკუნიდან მოყოლებული ბაგანის მმართველები 250 წლის განმავლობაში აშენებდნენ დიდებულ ტაძრებს, რომელთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია. ბაგანის რელიგიური მონუმენტები გახდა პაგანის იმპერიის სიმბოლო, რომელიც მიანმარს 1044-1287 წლებში მართავდა.

ბაგანის ტაძრები 80 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული და მიანმარის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. კამბოჯას ანგკორ ვატსა და ინდონეზიის ბორობოდურის ტაძართან ერთად, ბაგანის კომპლექსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლია. მიწისძვრის რყევებმა გადაანაცვლა შპილები, შეასუსტა აგურები და დაბზარა მთავარი ფილები, რამაც კიდევ ერთხელ გამოავლინა წინა სამხედრო რეჟიმის მიერ არასათანადოდ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები.

 

Powered by Watch Dragon ball super