დავით აღმაშენებლის გამზირის N58-60-ში მდებარე კომპლექსი, რომელსაც მიხეილის საავადმყოფოს სახელით ვიცნობთ, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია. ძეგლთა ნუსხის მიხედვით, შენობებს, სტატუსი მათი არქიტექტურული და მონუმენტური სახვითი ხელოვნების მნიშვნელობის გამო მიენიჭა.

ტერიტორია 2015 წელს ეკონომიკის სამინისტრომ შ.პ.ს. აღმა-ს 4 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 აპრილის განკარგულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია ამ ტერიტორიაზე:

  • 2018 წლის 16 ნოემბრამდე ააშენოს მინიმუმ მაღალი ხარისხის „STR chain“ მასშტაბის კატეგორიის მქონე, არანაკლებ 200 (ორასი) ოთახიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და სამორინე;
  • 2019 წლის 16 დეკემბრამდე ააშენოს  Grade-A კატეგორიის არანაკლებ 10 000 კვ.მ სამშენებლო ფართის მქონე საოფისე შენობა;
  • 2019 წლის 16 დეკემბრამდე განახორციელოს არანაკლებ 57 760 000 აშშ დოლარის ინვესტიცია.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ქონების პირდაპირი წესით გასხვისების დროს, პრივატიზაციის პირობებიდან გამომდიანრე, გაყიდვის ფასი შესაძლოა საბაზრო ფასზე ნაკლები იყოს. სწორედ მოთხოვნილი მაღალი საინვესტიციო თანხის გამო გაიყიდა მიხეილის საავადმყოფოს ტერიტორია 4 მილიონ აშშ დოლარად.

dsc01126

მიხეილის საავადმყოფო დღეს

მიხეილის საავადმყოფოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის მფლობელი ვალდებულია ძეგლზე საზოგადოების დაშვება უზრუნველყოს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებით, მასსა და შპს “აღმას” შორის ძეგლზე ხელმისაწვდომობის წესი არ არის დადგენილი. აგრეთვე არ გაფორმებულა ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვა და ძეგლის ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება.

ტერიტორია უკვე 2 წელია ცარიელია და აქ არსებული ძეგლები მოკლებულია ყოველდღიურ მოვლა-პატრონობას.  ძეგლების მიტოვება და მოუვლელობა კი პირდაპირპროპორციულად ზრდის მომავალში მათი რესტავრაციის ხარჯს.

ტერიტორიის გასხვისებიდან 16 თვე უკვე გავიდა, თუმცა კომპანიას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისთვის  მშენებლობის დაწყების ან/და უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავს.

ჩვენ შპს “აღმა”-ს ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის შესახებ შეკითხვებით მივმართეთ, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია. კომპანიის დირექტორი, გოგი უგრეხელიძე კომერსანტთან 2015 წლის ინტერვიუში აცხადებს, რომ ყოფილ საავადმყოფოს შენობა არ დაინგრევა, შეუნარჩუნდება ავთენტურობა და რესტავრაციას დაექვემდებარება, შემდეგ კი ახალ შენობას შეუერთდება.

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ხელოვნებათმცოდნე მარინე მიზანდარი მიიჩნევს, რომ პროექტის ეს ვარიანტი კომპლექსის მხატვრულ და არქიტექტურულ სახეს დააზიანებს.

“არ მგონია, რომ ეს წინადადება მისაღები იყოს თუნდ კულტურული მემკვიდრეობის კანონის, თუნდ უბრალოდ საღი აზრის პოზიციიდან. რა თქმა უნდა, სიახლოვეს წამოჭიმული ახალი შენობა, რომელიც თანაც “შეუერთდება” საავადმყოფოს, შელახავს მის მხატვრულ/არქიტექტურულ სახეს და ავთენტურობას. თანაც გასათვალისწინებელია, რომ იქ ახალი შენობის აგება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ულამაზესი ხეებისა და მწვანე საფარის განადგურების ხარჯზე, რომელიც თავის მხრივ ბუნებრივი მემკვიდრეობაა, საგანგებოდ გაშენებული საავადმყოფოს ბაღი და რომლის განადგურება უდიდესი დანაშაული იქნებოდა ისედაც ჩახუთულ, უჰაერო და გამონაბოლქვით სავსე აღმაშენებელზე. ჩემთვის ყველაზე მისაღები მაინც თვით საავადმყოფოს შენობაში სასტუმროს განთავსებაა, უდიდესი კრძალვით და სიფრთხილით, მანამდე შემუშავებული კონსერვაციის გეგმის საფუძველზე,” – ამბობს მიზანდარი.

რეგულაცია

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტოს ევალება. მათი განმარტებით, შ.პ.ს აღმას მიხეილის საავადმყოფოს ტერიტორიაზე მშენებლობა ჯერ არ დაუწყია, შესაბამისად, მათი მხრიდან პროცესი ამ ეტაპზე არ კონტროლდება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს ანუ სასტუმროს, კაზინოსა და საოფისე შენობას არ ააშენებს, ეკონომიკის სამინისტროს სამი ტიპის სანქციის გატარება შეუძლია:

  1. კომპანიის დაჯარიმება;
  2. ვალდებულებების შესრულების ვადის გახანგრძლივება;
  3. ტერიტორიის დაბრუნება და სხვა ინვესტორისთვის მიყიდვა.

შ.პ.ს. “აღმა”

შ.პ.ს. “აღმა” 2014 წლის 25 აპრილს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, კომპანია ჩართულია უძრავი ქონების შეძენის, სასტუმროების ბიზნესისა და ბიზნესის მართვის საქმიანობაში. კომპანიის დამფუძნებელი და 100 %-იანი წილის მფლობელი არის კორეის რესპუბლიკის მოქალაქე ჰიუკ ლეე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი – რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, გოგი უგრეხელიძე. შ.პ.ს “აღმა” ე.წ. მიხეილის საავადმყოფოს ტერიტორიის გარდა სხვა საკუთრებას არ ფლობს.

ისტორია

მიხეილის საავადმყოფოს გარშემო ვნებათაღელვა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, როდესაც საავადმყოფოს შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა დღის წესრიგში ეკონომიკის სამინისტრომ დააყენა. მარინე მიზანდარი, რომელიც იმ პერიოდში კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, ძეგლის შესახებ სამინისტროებს შორის მოლაპარაკებებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ შენობებისთვის სტატუსის მოხსნის შესახებ ეკონომიკის სამინისტრომ კულტურის სამინისტროსგან მტკიცე უარი მიიღო:

“რამდენიმე შეხვედრა შედგა ჩვენს, ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილე, დიმიტრი ქუმსიშვილსა და ინვესტორებს შორის, რომელთა დროსაც განვუმარტე ამ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და მისი პოტენციალი. ისიც შევთავაზე, რომ ეს მაღალი არქიტექტურული ღირებულების შენობები გამოეყენებინათ თავიანთი პროექტის განსახორციელებლად, თუკი შედგებოდა თანამშრომლობა მათ არქიტექტორებსა და კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტებს შორის და თუკი მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი მისაღები იქნებოდა… ადგილზე ვაჩვენე მიხეილის საავადმყოფოს ინტერიერი, მისი უნიკალური დიზაინი, რომელიც შეიძლება ძალიან კარგად მორგებოდა მათ მიერ დაგეგმილ სასტუმროს. საგანგებოდ ჩავიყვანე დარგის ექსპერტები.. იმ ეტაპზე ინვესტორები თითქოს დარწმუნდნენ იმაში, რომ საავადმყოფოს შენარჩუნება კარგი აზრი იყო და შეიძლებოდა ორიგინალურ მხატვრულ გადაწყვეტაში მათ საქმეს წასდგომოდა, მაგრამ კვლავაც ითხოვდნენ აღმაშენებეზე ფასადით გამომავალი შენობების დანგრევას, რადგან მათი თქმით, “დიდ ავტობუსებს უნდა ჰქონოდათ სასტუმროსთან მისასვლელი”. ამაზე ცივი უარი მიიღეს,” – აღნიშნავს მიზანდარი.

ამის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ კულტურის სამინისტროს დავით აღმაშენებლის N58-სა და N60-ში მდებარე ორი ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნით მიმართა. ეს ინიციატივა უკავშირდებოდა სწორედ მიხეილის საავადმყოფოს პოტენციურ ინვესტორს, რომელიც დაინტერესებული იყო, დაენგრია საავადმყოფოს შენობის წინამდებარე ნაგებობები ძეგლის შენობაში განსათავსებელი სატუმროსთვის მისადგომი სივრცის გასათავისუფლებლად.


კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ძეგლმა, განადგურებისა ან ძლიერი დაზიანების გამო, საკუთარი მნიშვნელობა დაკარგა. მაშინ, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოვიდა და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტშიც შეიტანა. კანონპროექტის მიხედვით, ძეგლის სტატუსის მოხსნა “განსაკუთრებულ შემთხვევებში” მთავრობის დადგენილებით იქნებოდა შესაძლებელი. ეს ცვლილება არ შეეხებოდა ეროვნული მნიშვნელობისა და მსოფლიო ნუსხაში შემავალ ძეგლებს. ადგილობრივი არასამთვრობო ორგანიზაციების პროტესტის შედეგად კანონპროექტი ძალაში არ შესულა.

2015 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილის საავადმყოფოს ტერიტორიის 1000 კვ.მ მთავრობამ საპატრიარქოს გადასცა. რეალურად, საპატრიარქოს 2014 წელს ტერიტორიიდან გამიჯნული, ყოფილი პათანატომიის კათედრის შენობა გადაეცა. აქ არსებული მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი საბჭოთა პერიოდის დროს პანათატომიის კათედრის აუდიტორიად გადაკეთდა. ეკლესიამ პირვანდელი ფუნქცია მხოლოდ 1996 წელს დაიბრუნა, კათედრის შენობას 2010 წლიდან კი ეკლესიის სატრაპეზოდ იყენებდნენ.

მიხეილის საავადმყოფოს კომპლექსი

XIX საუკუნეში მიხეილის პროსპექტზე მიმდინარე მასშტაბური მშენებლობებიდან ერთ-ერთი გამორჩეული მიხეილის საავადმყოფოს კომპლექსი იყო. მშენებლობა 1865 წელს მედიკოს ა. ლიბაუს თაოსნობითა და თბილისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის, ალბერტ ზალცმანის მიერ შედგენილი პროექტით დაიწყო. მიიჩნევა, რომ ზალცმანის აშენებულია კომპლექსის ის მთავარი ნაგებობა, რომელიც აღმაშენებლის გამზირისა და დიმიტრი უზნაძის ქუჩას შორის მოქცეულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ზალცმანის გარდაცვალების შემდეგ კი საავადმყოფოს მშენებლობას სათავეში ჩაუდგა კიდევ ერთი გერმანელი არქიტექტორი ლეოპოლდ ბილდელდი.  1911-1913 წლებში ბილფელდმა მთლიანად შეცვალა ტერიტორიის გეგმარება და რამდენიმე შენობას რეკონსტრუქციაც ჩაუტარა (მ.მანია “ევროპელი არქიტექტორები თბილისში”,  2006).

საავადმყოფოს სახელი კავკასიის მეფისნაცვალსა და მთავარსარდალს, მიხეილ რომანოვს უკავშირდება. მიხეილის სახელს ატარებდა იმ დროს დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირიც. შენობის გარე გაფორმება გოთიკური არქიტექტურის ელემენტებს შეიცავს.

კომპლექსში შემავალი ძეგლების, კერძოდ დავით აღმაშენებლის N58 და N60 ნომერში მდებარე შენობების მდგომარეობა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრმა შეისწავლა. მათი დასკვნის მიხედვით, დღემდე არის შემორჩენილი იმ დროის სამშენებლო ოსტატობის მეთოდი. ფასადებს შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი სახე, თუმცა დაზიანებულია ხის ელემენტები და შელესილობა, აგრეთვე შელახულია ეზოს ფასადების სახეც.

კომპლექსი სრულიად ჯდებოდა უბნის იმდროინდელი გეგმარების ხასიათსა და სტილში. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის აზრით, კომპლექსს  დღემდე შენარჩუნებული აქვს ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა, რის გამოც მისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა და შენობების ადგილას  სასტუმროს ან კაზინოს მშენებლობა დაუშვებელია. 

ახალი ნაგებობების აშენების წინააღმდეგია მარინე მიზანდარიც, რომელსაც კრიტიკული შეკითხვები აქვს როგორც ეკონომიკის, ასევე კულტურის სამინისტროსთანაც.

“რატომ გადაწყდა იქ კაზინოს და სასტუმროს მშენებლობა, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება? რა პოზიცია აქვს დღევანდელ კულტურის სამინისტროს ამ საკითხთან მიმართებაში? შეთანხმდა, თუ არა ტერიტორიის სამომავლო ფუნქციური დატვირთვა ადგილობრივ თემთან? რატომ გაიყიდა ეს ტერიტორია სიმბოლურ ფასად, 4 მილიონ დოლარად? რატომ ერგო ასეთი პატივი ამ კონკრეტულ ინვესტორს? როდის შეიმუშავებს ინვესტორი კონსერვაციის გეგმას შესყიდული ტერიტორიისა და ამ ტერიტორიაზე მდებარე ძეგლებისთვს? როდის შედგება ამ გეგმის საჯარო განხილვა? უნდა გასაჯაროვდეს ამ ტერიტორიასა და მასზე მდებარე ძეგლებთან დაკავშირებული ყველა ნაბიჯი წარსულსა და მომავალში.”

საერთაშორისო გამოცდილება

ისტორიული საავადმყოფოების შენობების შენარჩუნების არაერთი მაგალითი არსებობს მსოფლიოში. 1986 წელს საფრთხე დაემუქრა ლონდონში, ჰამპსტედის ნიუ-ენდის საავადმყოფოს კომპლექსს. კომპლექსის ყველაზე ადრეული შენობა მე-19 საუკუნის შუა წლებშია აშენებული, ხოლო როტონდას სტილის პალატები – 1885 წელს. 1986 წელს საავადმყოფო დაიხურა და ჯანდაცვის სამინისტრომ შენობის გაყიდვა ახალი მშენებლობის დაწყების მიზნით გადაწყვიტა. მაშინ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა SAVE-ს (SAVE – გადავარჩინოთ ბრიტანეთის მემკვიდრეობა – ბრიტანული ძეგლთადაცვითი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც 1970-იანი წლებიდან დღემდე აქტიურად იბრძვის არქიტექტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ბრიტანეთში) მიმართეს. SAVE-ის დახმარებით, ადგილობრივმა ორგანიზაციებმა საავადმყოფოს შენობის კონსერვაციის გეგმა შეიმუშავეს და მხარდაჭერაც მოიპოვეს. 

ნიუ ენდის საავადმყოფო, ლონდონი

ნიუ ენდის საავადმყოფო, ლონდონი

SAVE-ის აქტიური კამპანიის შედეგად დანგრევას გადაურჩა 1900 წელს აგებული, ედვარდიანული ეპოქის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობა უელსში. SAVE ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ამტკიცებდა, რომ ვიქტორიანული და ედვარდიანული ეპოქის საავადმყოფოების დიდი შენობები კარგი რესურსი იყო მათთვის ახალი ფუნქციების შესაძენად.

თალგარტის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობა, უელსი

თალგარტის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობა, უელსი

ტრავერსის სახელმწიფო საავადმყოფოს შენობა მიჩიგანში აშშ-ის ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში 1978 წელს შეიყვანეს. შენობა 1881 წელს ააგეს და იქ ფსიქიატრიული საავადმყოფო ფუნქციონირებდა. დღეს ის ადაპტაციის და კონსერვაციის ერთ-ერთ სრულყოფილ ნიმუშს წარმოადგენს. 2000 წლიდან შენობა გამოიყენება როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული დანიშნულებისთვის.

ტრავერსის საქალაქო საავადმყოფო, 1930 წლის ფოტო.

ტრავერსის საქალაქო საავადმყოფო, 1930 წლის ფოტო.

თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, ტურისტებს, ისევე როგორც რიგით მოქალაქეებს მეტი ინტერესი აქვთ იმ ძველი შენობების მიმართ, რომლებიც ქალაქის ისტორიისა და კულტურის შესახებ დიდი ინფორმაციის მატარებელია.

“კულტურული მემკვიდრეობა ის საგანძურია, რომლის მოსპობით ან დამახინჯებით სპობენ ქვეყნის ამოუწურავ რესურსს სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. თბილისი ვერ გახდება დუბაი და სინგაპური. თბილისს თავისი ხიბლი აქვს და ეს ხიბლი თუ მოსპეს, აღარც ჩვენთვის იქნება ფასეული და აღარც იმ მრავალრიცხვოვანი ტურისისთვის, რომელიც დღეს ჯერ კიდევ ძველი თბილისის სანახავად ჩამოდის,” – ამბობს მიზანდარი.

მიხეილის საავადმყოფოს კომპლექსი თავისი დიდი ფართობის, ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულებისა და ავთენტურობის გამო ინვესტორისთვის კომერციულად მომგებიანი შეიძლება იყოს, მთავარია მფლობელი კომპანიის მზაობა, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის საქმეში და აღქმა იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული ღირებულების გარდაქმნა ეკონომიკურ ღირებულებად რეალურია.

Powered by Watch Dragon ball super