4-8 დეკემბერს, აშშ-ს ქალაქ ფილადელფიაში, პენსილვანიის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ორგანიზებით (Penn Cultural Heritage Center) გაიმართა კონფერენცია ,,კულტურული უფლებები, მემკვიდრეობის განადგურება და უკრაინის მომავალი”.
კონფერენციაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტებმა უკრაინიდან ისაუბრეს ქვეყნის მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და განადგურების შესახებ. ასევე, განიხილეს კრიზისის დროს, უკრაინის კულტურის მუშაკების რეაგირების მექანიზმები და მუზეუმების ჩართულობის როლი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, მანანა თევზაძემ, რომელიც წარსდგა მოხსენებით “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მემკვიდრეობის მდგომარეობა – მიმდინარე და სამომავლო საფრთხეები.”
ასევე, უკრაინის მუზეუმების დირექტორებთან და კურატორებთან და ამერიკელ კოლეგებთან ერთად, იგი მონაწილეობდა პანელურ, მათ შორის საჯარო დისკუსიებში, სხვადასხვა თემაზე:
- მემკვიდრეობის სამიზნედ გამოყენება ბოლო პერიოდის კონფლიქტებში: საქართველო, სირია და უკრაინა;
- პოსტსაბჭოთა კულტურის სექტორისა და რუსეთის მუზეუმების კოლექციების დეკოლონიზაცია;
- ახალი პროექტები.
პანელური დისკუსიების მსვლელობისას, მონაწილეებმა განხილეს კულტურული უფლებები, მემკვიდრეობის განადგურება და თუ რა ეფექტური ნაბიჯები უნდა გადაიდგას უკრაინის მომავლის გადასარჩენად, როგორც პენსილვანიის მუზეუმის, ასევე, აშშ-ს სხვა ინსტიტუციების მიერ.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის კულტურული მემკვიდრეობა თავდასხმის ობიექტებად იქცა. ქვეყნის მასშტაბით, მუზეუმები, თეატრები და სხვა კულტურული ინსტიტუციები, რომელიც უკრაინის ისტორიისა და იდენტობის მთავარი განმსაზღვრელი იყო, ვანდალურად გაიძარცვა და განადგურდა.
ამ პერიოდის განმავლობაში, უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის პროფესიონალები მუდმივად ცდილობდნენ დანაკარგების რუკაზე აღნიშვნას სასამართლო ექსპერტიზის საშუალებით და რეაგირების ჯგუფის შექმნას, რომლის მიზანი უკრაინის კულტურის მომავლისთვის შენარჩუნებაა.