ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი ეხმაურება საქართველოს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ბანერებს, სადაც გამოყენებულია უკრაინის ომის დროს დაზიანებული თუ განადგურებული შენობების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სურათები პოლიტიკური რეკლამისათვის. 

მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია მსგავსი ტიპის გამოსახულებების გამოყენება პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, მაშინ, როდესაც მათ უკან დგას ათასობით უდანაშაულო ადამიანის განადგურებული სიცოცხლე. განსაკუთრებით მიუღებელია ამგვარი ქმედება საქართველოში, სადაც იმავე აგრესორმა – რუსეთის ფედერაციამ შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე, დაბომბა ქალაქები, გაანადგურა ისტორიული სოფლები თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები 1992-1993 და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომების დროს და მათ შემდგომ. აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ეს პროცესები დღემდე გრძელდება. 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  დაზიანება თუ განადგურება ომის დანაშაულს წარმოადგენს. ამგვარი აქტების გამოყენება სარეკლამოდ და მათი დაკავშირება 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონაწილე პარტიებთან საფრთხის ქვეშ აყენებს ჩადენილი დანაშაულებისათვის აგრესორის პასუხისმგებლობის დადგომის საკითხს,  რადგან რუსეთს დღემდე არ აუღია პასუხისმგებლობა ათწლეულების განმავლობაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში, და 2014 წლიდან უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ ქმედებებზე. 

ამ დანაშაულთა გამოძიება არის ის მიზანი, რისთვისაც ქართველი და უკრაინელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტები ახდენენ მათ დოკუმენტირებას, დასაბუთებას და მათ შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას. მსგავსი ქმედებები კი ართულებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ამ საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ დავიცვათ რუსეთის მიერ ომისა თუ ოკუპაციის პირობებში დაზიანებული ძეგლები.

  • განცხადება ეკუთვნის ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულ კომიტეტს, ის არ გამოხატავს საერთაშორისო ლურჯი ფარის ან ლურჯი ფარის მოძრაობის მოსაზრებას.

Powered by Watch Dragon ball super