დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და ამ დღის მიზანი პლანეტის მრავალფეროვნების შესახებ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაა.
დღეს 160 ქვეყნის ლიდერი ხელს მოაწერს პარიზის კლიმატის შეთანხმებას, რაც წლევანდელ დედამიწის დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.
ტრადიციულად, ეს დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება, მათ შორისაა Google-იც, რომელმაც დედამიწის ბიომრავალფეროვნებას 5 თემატური “დუდლი” მიუძღვნა.
დუდლების ავტორი, სოფი დიაო განმარტავს, რომ ნამუშევრების თემად დედამიწის ხუთი მთავარი ბიომი აირჩია: ტუნდრა, ტყე, სავანა, უდაბნო და მარჯნის რიფი.
ოკეანე, მარჯნის რიფი და რვაფეხა
დედამიწის დღე დაიწყო 1970 წელს დედამიწის მრავალფეროვნების აღსანიშნავად. პირველი ღონისძიება ჩატარდა ამერიკაში სანტა-ბარბარას გამანადგურებელი ნავთობის დაღვრის შემდეგ, რაც თანამედროვე გარემოს დაცვითი მოძრაობის დასაწყისად მიიჩნევა.
დედამიწის დღის აქტივობები ძირითადად უკავშირდება ხეების დარგვას, გადამუშავების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მწვანე პროექტებში მოხალისეობასა და მოხმარებული ენერგიის შემცირებას.
წლევანდელი აქტივობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეეხება საპროტესტო მსვლელობებს, რომელთა მთავარი მოწოდება გარემოს შენარჩუნებისთვის შესაბამისი ზომების მიღებაა.
დედამიწის დღის ორგანიზატორმა Earth Day Network-მა დედამიწის დღის 50 წლისთავის აღსანიშნად 2020 წლისთვის 7.8 მილიარდი ხის დარგვა დაისახა მიზნად. სწორედ ამიტომ წლევანდელი დედამიწის დღის თემაა “ხეები დედამიწისთვის”.
ამ მიზნის მისაღწევად, პლანეტის თითოეულმა მოსახლემ ერთი ხე უნდა დარგოს.