მუზეუმის საერთაშორისო დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანება მრავალფეროვანი პროგრამით შეხვდა. მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება თბილისის, სიღნაღისა და ახალციხის მუზეუმებს ეთმობა, რეგიონების სხვა მუზეუმები მათთვის ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულს სათანადო კომუნიკაციების გარეშე აღნიშნავენ.
სოფელ ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი სხვადასხვა აქტივობებს კვლავ ადმინისტრაციული შენობის გარეშე ატარებს. თავის დროზე, სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციული შენობა ეზოში მდგარი ეკლესიის კედელზე იყო მიშენებული. 1990 წელს ეკლესია აღადგინეს, ხოლო შენობა მოანგრიეს. ადმინისტრაცია და ფონდსაცავი კი დროებით მუზეუმის მოშორებით მდებარე საერთო საცხოვრებლის ერთ ოთახში გადაიტანეს.
დღესაც, მუზეუმის 13 თანამშრომელი იმ ერთ ოთახში მუშაობს. “ოფისს” არ აქვს საჭირო კომუნიკაციები. ამას გარდა, იქ განთავსებული ტექნიკა და მუზეუმის დოკუმენტაცია დაუცველია, რადგან ოთახი მხოლოდ ერთი მარტივი საკეტით იკეტება.
“საერთოდ არ ვითხოვ ფუფუნებას, მაგრამ წარმოიდგინეთ დირექტორი კაბინეტის გარეშე, თანამშრომლები სამუშაო ოთახის გარეშე, დარაჯი დარაჯის ოთახის გარეშე… სამუშაო კომპიუტერი საექსპოზიციო დარბაზში გვიდგას, სადაც იაკობის პირველი სასკოლო ოთახი აღვადგინეთ. არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს – არც სველი წერტილი, არც გაზი, არც წყალი. ერთადერთი სინათლე შევიყვანეთ. სინათლე გვაქვს და ერთი შეშის ღუმელი,” – ამბობს სახლ-მუზეუმის დირექტორი, ნათია ადუაშვილი.
ადუაშვილი განმარტავს, რომ მუზეუმის შემოსავალი ოთახის ნაწილობრივ გასარემონტებლად საკმარისია, თუმცა ამას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ საერთო საცხოვრებლის ოთახი მუზეუმის სახელზე რეგისტრირებული არ არის.
“დარეგისტრირების უფლება არ გვქონდა, რადგან ვერ გვეუბნებოდნენ, თუ ვის ეკუთვნის საერთო საცხოვრებლის შენობა. ბოლოს გავარკვიეთ, რომ ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და კულტურის სამინისტროს, გადმოცემის თაობაზე, ეკონომიკის სამინისტროსთან შუამდგომლობა ვთხოვეთ, თუმცა არაფერი გამოვიდა,” – ამბობს ადუაშვილი.
ადუაშვილის თქმით, მათ მუზეუმის ეზოში ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტი მოამზადეს.
“ველოდებით კონკურსის გამოცხადებას კულტურის სამინისტროში, რათა თავად სახლ-მუზეუმის ეზოში შევძლოთ ახალი შენობის ჩადგმა. ფართი შემცირდება, თუმცა კომუნიკაციის მხრივ, რა თქმა უნდა, გვირჩევნია აქვე ვიყოთ და არა მოშორებით მდგარ შენობაში. პროექტს 139 000 ლარი სჭირდება და იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო პროექტს დაგვიფინანსებს. იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ასეთი პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. მან ხომ დედა ენა გვაჩუქა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ენა თავიდან გააცოცხლა”.