მუზეუმი არის ადგილი, სადაც ჩვენ თვალწინ კულტურული მემკვიდრეობა ცოცხლდება. ამიტომაც, მუზეუმს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია – მან ხელოვნებისა და კულტურის ფასდაუდებელი ნიმუშები ნებისმიერი რისკისგან უნდა დაიცვას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ლურჯი ფარი, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რისკისთვის მზადყოფნა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავებაა.

საქართველოს ლურჯი ფარი ამზადებს კვლევას “საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა საქართველოს მუზეუმებში, არქივებსა და  ბიბლიოთეკებში.” მოცემული კვლევის ფარგლებში ბათუმში არსებული სამი მსხვილი მუზეუმის – აჭარის ხელოვნების მუზეუმის, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის წარმომადგენლები გამოვკითხეთ. კითხვები შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა უსაფრთხოების პოლიტიკა, კოლექციების დაზღვევა, ექსპონტების ევაკუაციის გეგმა, უსაფრთხოების დოკუმენტების არსებობა და სხვა.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

კოლექციების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში სამეურნეო დარგში დირექტორის მოადგილეა, თუმცა უსაფრთხოების დარგში მისი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტი აქ არ არსებობს. მუზეუმს აგრეთვე არ აქვს რისკების შეფასების დოკუმენტი, სადაც განხილულია ყველა საფრთხე, რომელიც შესაძლოა ექსპონატებს დაემუქროს.

საინტერესოა, რომ კოლექციების მენეჯერებს და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს საგანგებო სიტუაციებში მოქმედების სპეციალური წვრთნა/ განგაშის იმიტაცია არ გაუვლიათ, თუმცა როგორც მუზეუმის დირექტორის მოადგილე, თამარ შალიკაძე აცხადებს, მუზეუმის ტერიტორიაზე გამოკრულია საგანგებო სიტუაციებში მოქმედების დაფები, ევაკუაციის გეგმა და ცეცხლმაქრობები, რომელთა მოხმარებაც მუზეუმის თითოეულმა თანამშრომელმა იცის. საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ არის შემუშავებული. ​

შალიკაძე მუზეუმის დაცვის მექანიზმს მაღალ დონეზე აფასებს და აღნიშნავს, რომ თითოეულ ლაბორატორიასა და ფონდს აქვს დაცვის მექანიზმი, რაც გულისხმობს სიგნალიზაციის სისტემას, პერიმეტრის შესწავლას, განგაშის სისტემას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებზეა მორგებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაწესებულებაში დასაქმებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს თანამშრომლებს არ აქვთ გავლილი გავლილი რაიმე სახის წვრთნა საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისა და ექსპონატებთან მოპყრობის შესახებ.

არქეოლოგიური მუზეუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კოლექციების დაზღვევის და ექსპონატების ევაკუაციის გეგმის არარსებობაა. შალიკაძის განმარტებით, დაზღვევა რომც არსებობდეს, არ არსებობს სივრცე, სადაც ექსპონატებს საჭიროების შემთხვევაში გადაიტანდნენ და შეინახავდნენ.

აჭარის ხელოვნების მუზეუმი

აჭარის ხელოვნების მუზეუმს უსაფრთხოების პოლიტიკა განსაზღვრული აქვს. კოლექციების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი კი აქ მთავარი დამცველია (კონსერვატორი). მისი უფლება-მოვალეობები სამუზეუმო კონცეფციაშია განსაზღვრული. უსაფრთხოების მენეჯერ მუზეუმის უსაფრთხოების ზომების შესახებ დოკუმენტს არ ამზადებს, რადგან მუზეუმი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ მომზადებული საგანგებო სიტუაციების დროს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დოკუმენტით  და მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი ევაკუაციის გეგმით მოქმედებს. ევაკუაციის გეგმა ხანძრის შემთხვევაში ვიზიტორთა და პერსონალის ევაკუაციაზეა გათვლილი. მუზეუმს ექსპონატების ევაკუაციის გეგმა არ აქვს.

სხვა მუზეუმების მსგავსად, აჭარის ხელოვნების მუზეუმშიც მუშაობს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი, რომლებსაც მუზეუმის დირექტორის განმარტებით, საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისა და ექსპონატებთან მოპყრობის თეორიული კურსი აქვთ გავლილი.

ხელოვნების მუზეუმს არ აქვს მასალების მარაგი, რომლებიც საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისას ექსპონატების დაცვისთვის აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს შესაფუთი მასალები, კონტეინერები და სხვა. მუზეუმის დირექტორის, ნინო ნიჟარაძის შეფასებით საცავებში მოთავსებული ექსპონატების დაცულობის ხარისხი მაღალია, რადგანაც მუზეუმის მთლიან ტერიტორიაზე მოქმედებს საგანგაშო ღილაკები, მინებზე გავლის დეტონატორები, გარე პერიმეტრის ვიდეო-კონტროლი, საგანგაშო ღილაკი და ცხელი ხაზის ტელეფონები.

დირექტორის თქმით, მუზეუმი დიდთოვლობის, სარდაფებში წყლის შედინების და სახურავიდან წყლის გაჟონვის გამოწვევების წინაშე დამდგარა, რომელთა დროსაც დახმარება მუზეუმს ბათუმის მერიამ აღმოუჩინა.

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცდონეობის მუზეუმი

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში უსაფრთხოების საკითხებს დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში კურირებს, თუმცა კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა გადანაწილებული აქვთ:

“ამ საკითხებს დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში კურირებს. ფონდების მთავარი შემნახველი ფონდებში არსებულ ექსპონატებზეა პასუხისმგებელი. განყოფილების გამგეები კი განყოფილებაში მყოფი ექსპონატების უსაფრთხოებაზე,” – ამბობს მუზეუმის დირექტორი, ოთარ გოგოლიშვილი.

არქეოლოგიური მუზეუმისა და ხელოვნების მუზეუმისგან განსხვავებით, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს აქვს ექსპონატთა საევაკუაციო გეგმა, რომლის გადახედვაც წელიწადში ერთხელ ხდება. დოკუმენტი მოიცავს ექსპონატების განლაგების შესახებ ინფორმაციას, მათ შენახვას, თითოეული ექსპონატისთვის ქიმიური პირობების შექმნასა და მათ გადატანას მუზეუმის სპეციალურ ბუნკერებში. გოგოლიშვილის თქმით, ფონდებში 180 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება, რომელთა დაცვა ადმინისტრაციისთვის უპირველესი ამოცანაა.

გამოკითხული მუზეუმებიდან ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი ერთადერთია, რომელსაც რამდენიმე კოლექცია დაზღვეული აქვს. ესენია, ძირითადად, იარაღის ძვირადღირებული კოლექციები. ექსპონატები დაცულია დაბომბვის, წყალდიდობის, მიწისძვრის, საომარი მოქმედებებისა და კრიმინალის რისკებისგან.

რაც შეეხება დაცვის სისტემას, მუზეუმის თითოეულ დარბაზში არის განგაშის ღილაკები, რომლებიც დაცვის სამსახურთან არის მიერთებული. მუზეუმის გარე ტერიტორიას კი დაცვის პოლიცია სადღეღამისო მორიგეობით იცავს. გოგოლაშვილის განმარტებით, მუზეუმის თითოეულმა თანამშრომელმა იცის ცეცხლმაქრის გამოყენება და მათ წვდომა აქვთ საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისა და ევაკუაციის გეგმასთან. ასევე, დირექტორის ინიციატივით პერსონალს ჩაუტარდა დაცვის სისტემის გამოყენების ტრენინგი.

კვლევის ფარგლებში უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მდგომარეობა შეფასდება საქართველოს სხვა მუზეუმებშიც, ხოლო კვლევის საბოლოო შედეგები ლურჯი ფარის ვებ-გვერდზე 2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება.

ფოტოზე: ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

Powered by Watch Dragon ball super