ისლამისტ მებრძოლს, აჰმად ალ-მაჰდის ტიმბუქტუს ისტორიული და რელიგიური ძეგლების განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლეები იმედოვნებენ, რომ ალ-მაჰდის გასამართლება შემაკავებელ ეფექტს იქონიებს მსოფლიოში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების წინააღმდეგ.
აღნიშნული სხდომა იყო პირველი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში, რომელიც სრულად კულტურული მნიშვნელობის ძეგლების განადგურებაზე, როგორც ომის დანაშაულზე იყო კონცეტრირებული. ეს სხდომა ასევე იყო პირველი, როდესაც ჰააგაში ბაზირებულმა ინსტიტუტმა ისლამისტი სამხედრო გაასამართლა.
სასამართლო ალ-მაჰდის ტიმბუქტუს 9 მავზოლეუმისა და 2012 წელს, სიდი იაჰიას მეჩეთის საუკუნოვანი კარის განზრახ განადგურებას ედავებოდა. ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, სიდი იაჰიას მეჩეთის კარის გახსნა განკითხვის დღემდე აკრძალული იყო. მოსამართლის განცხადებით, “სალოცავები და აკლდამები იყო მალის კულტურული მემკვიდრეობის გული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტიმბუქტუს მოსახლეობისთვის. მათი განადგურება გავლენას იქონიებს არა მხოლოდ დანაშაულის მსხვერპლზე, არამედ მთლიანად მალის მოსახლეობასა და საერთაშორისო საზოგადოებაზე”.
პროცესის დროს, ICC-ს მთავარმა პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ ტიმბუქტუს კულტურული ძეგლების განადგურება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიის ქალაქ პალმირას ძეგლების განადგურებასა და 2001 წელს თალიბანის მიერ ავღანეთში ბამიანის ბუდას ქანდაკების აფეთქებას შეადარა.
“ვინც მე შემინდობს, მაღალი ღმერთი დააჯილდოებს. მე მსურს მათ მივცე პირობა, რომ ეს იყო პირველი და ბოლო ყველაზე მცდარი ნაბიჯი, რომელიც მე გადავდგი… ჩემ წინააღმდეგ ყველა ბრალდება არის ზუსტი და სწორი. მე ნამდვილად ვწუხვარ და ვნანობ ყველაფერს იმ ზიანის გამო, რაც ჩემმა ქმედებამ გამოიწვია,” – აღნიშნა დამნაშავემ.
ტიმბუქტუ, რომელიც ერთ დროს მდიდარი და განთქმული ადგილი იყო, 2012 წელს ალ-კაიდასთან აფილირებულმა შეიარაღებულმა მებრძოლებმა დაიკავეს. აქ მათ შარიათის კანონი დააწესეს, აკრძალეს მუსიკა და ამათრახებდნენ მათ, ვინც ამ წესებს არ მისდევდა.