ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, ICOMOS საქართველო და ინიციატივა საჯარო სივრცისათვის ერთობლივად მიმართავენ პოლიტიკურ პარტიებს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობისა და ეკოლოგიური სივრცეების დაცვის შესახებ შეკითხვებით.

  1. თქვენი აზრით, რა არის შესაცვლელი ეკოლოგიური გარემოს,  მათ შორის საჯარო სივრცეების,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის სფეროში?
  2. კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის საფრთხეებიდან რომელი წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს/გამოწვევას და რა საკანონმდებლო ინიციატივები გექნებოდათ საქართველოს პარლამენტში ამ გამოწვევების დასაძლევად?
  3. როგორ გესმით  ეკოლოგიური გარემოს, საჯარო სივრცისა და კულტურული  მემკვიდრეობის სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა და რას გააკეთებდით მისი ამ მნიშვნელობის უზრუნველსაყოფად?
  4. თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს, პანორამა თბილისის პროექტის მშენებლობა, დედაქალაქის განვითარებაზე, კულტურული და ეკოლოგიური  თვალსაზრისით?
  5. გაქვთ  თუ არა  საჯარო სივრცეებისა და ეკოლოგიური გარემოს მდგრადი განვითარების სტრატეგიები და  რა მიმართულებით ხედავთ ამ სტრატეგიების განვითარებას? (საკანონმდებლო/აღსრულების მექანიზმების/რეგულირების გამკაცრების)
  6. რა ღირებულებებით ზომავთ საჯარო ინტერესს საჯარო სივრცეებისა და ეკოლოგიური გარემოს დაცვისა და განვითარების მიმართულებით? (მოიაზრება საჯარო სივრცეების კონფლიქტი კერძო კაპიტალთან, ამ შემთხვევებში საით გადაიხრებოდა  თქვენი  ღირებულებითი “სასწორი”);
  7. თქვენთვის რამდენად პრიორიტეტულია, ადგილობრივი თემებისთვის ხელშესახები სოციალური და ეკონომიკური სარგებლის მომტანი სპეციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით?
  8. კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კუთხით, პროფესიული ინსტიტუციების გასაძლიერებლად რა ღონისძიებებს გაატარებდით?
  9. როგორ უზრუნველყოფთ კულტურულ  და ბუნებრივ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქალაქეთა წვდომას?
  10. როგორ უზრუნველყოფთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მემკვიდრეობის საკითხებით დაინტერესებული საზოგადოების თანამონაწილეობას?

საქართველოს ლურჯი ფარის მიზნებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან, აგრეთვე რისკისთვის მზადყოფნისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავება.

ICOMOS საქართველო წარმოადგენს ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) საქართველოს ეროვნულ კომიტეტს და მისი მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაცია და ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაა.

ინიციატივა საჯარო სივრცისათვის მისიაა საზოგადოებრივი სივრცეების დაცვა და შენარჩუნება პოლიტიკური თვითგამოხატვის, ისტორიული მახსოვრობისა და საზოგადოებრივი სარგებლობისათვის.

Powered by Watch Dragon ball super