მე-14 საუკუნის წმინდა ბენედიქტეს ბაზილიკა ნორჩაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ბაზილიკა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სულიერ ცენტრად ითვლებოდა. მისი მხოლოდ წინა ფასადი გადარჩა. შენობა მოიცავდა 1621 წლის მხატვრობას “წმინდა ბენედიქტე და ტოტილა”, აგრეთვე შუა 1600-იანი წლების “ღვთისმშობელი და ნორჩას წმინდანები”.

ტაძარი იმ სახლის ნანგრევებზე მდებარეობდა, რომელიც წმინდა ბენედიქტეს დაბადების ადგილად მიიჩნევა. აგრეთვე, ბაზილიკის მარცხენა მხარეს შეიმჩნეოდა ანტიკური რომაული სტრუქტურა.

ბაზილიკა დაახლოებით 1290-1338 წლებში აშენდა. სამრეკლო მე-14 საუკუნეში აღმართეს, თუმცა 1703 წლის მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამის გამო ის უფრო მცირე ზომის სამრეკლოთი ჩაანაცვლეს.

norcialabasilicadisanbenedetto-1-horz

აღსანიშნავია, რომ ბერები არ დაშავებულან. მოსალოდნელია, რომ ტაძრის აღდგენის საქმეში მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ.

მიწისძვრამ გაანადგურა ნორჩას წმინდა მარია არგენტეას ტაძარიც, რომელიც მე-15 საუკუნის ფრესკებით იყო ცნობილი. მიწისძვრა შეეხო ნორჩას ანტიკურ რომაულ კედლებსაც.

ეს არ არის პირველი დამანგრეველი მიწისძვრა იტალიისთვის. 2016 წლის აგვისტოში ცენტრალურ იტალიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ 300-მე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ეკლესიებს, საფლავების მონუმენტებსა და მუზეუმებს. ნანგრევებად იქცა ამატრიჩე, რომელიც გასულ წელს იტალიის ყველაზე ლამაზ ქალაქად დასახელდა. იქ 100-მდე ეკლესია იყო, რომელსაც შუა საუკუნეების ფრესკები, მოზაიკები და სკულპტურები ამშვენებდა. მე-15 საუკუნის წმინდა ავგუსტინეს ტაძრის ფასადის ნახევარი ჩამოიშალა. მიწისძვრას გადაურჩა ქალაქის მე-16 საუკუნის საათის კოშკი.

Powered by Watch Dragon ball super