ICCROM-ისა და UNESCO-ს ახალი პუბლიკაცია “მემკვიდრეობის კოლექციების საგანგებო ევაკუაცია” საგანგებო სიტუაციებში ფასდაუდებელი ექსპონატების გადარჩენას ეხება. შეიარაღებული კონფლიქტი და ბუნებრივი კატასტროფები კულტურულ მემკვიდრეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. კოლექციების გარდაუვალი საფრთხეებისგან დასაცავად, ICCROM-მა და UNESCO-მ ძალისხმევა გააერთიანეს და გამოსცეს პუბლიკაცია “მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ: მემკვიდრეობის კოლექციების საგანგებო ევაკუაცია,” რომელიც ერთგვარ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.
პუბლიკაცია, რომელიც რეალურ გამოცდილებებს ეფუძნება, გვთავაზობს საველე პირობებში გამოცდილ, მარტივ პროცესებს, რომლებიც საგანგებო ევაკუაციის დროს ღირებული ნივთების გადარჩენაში დაგვეხმარება.
მრავალმიზნიანი სახელმძღვანელო მარტივი ენით არის დაწერილი და გამოსადეგია როგორც მემკვიდრეობის პერსონალისთვისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედი თანამშრომლებისთვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. სახელმძღვანელო გვთავაზობს წესებს, თუ როდის და რა ფორმით ჩავერიოთ საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის დასაცავად და ამისათვის ილუსტრაციებსა და გრაფიკებს იყენებს.
საგანგებო სიტუაციებში პირველი მორეაგირეები, მწვრთნელები და მემკვიდრეობის პროფესიონალები მოცემულ პუბლიკაციას აფასებენ:
მანანა თევზაძე, საქართველოს ლურჯი ფარი
“ეს სახლმძღვანელო არის ძალიან მოკლე, ნაბიჯ-ნაბიჯი ინსტრუქცია კომპლექსურ პროცესებში ქცევისათვის. მე ის ახალგაზრდა მოხალისეების გაწვრთნის დროს გამოვიყენე, აგრეთვე გავაცანი მუზეუმის თანამშრომლებს. ვგეგმავ, რომ სახელმძღვანელო გამოვიყენო სამხედრო და საგანგებო სიტუაციების მაშველებთან, რადაგანაც პუბლიკაცია ნებისმიერი ცოდნის მქონე პროფესიონალისთვის ადვილად გასაგებია. იმ ქვეყნის კულტურულმა დაწესებულებებმა, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხის წინაშე არიან, ეს პუბლიკაცია მათ მთავარ საველე სახელმძღვანელოდ უნდა გამოიყენონ.”
იამუნა მაჰარჯანი, ნეპალის ნაციონალური მუზეუმი
“2015 წლის ნეპალის მიწისძვრის შემდეგ, ჩვენ მოგვიწია კოლექციების ევაკუაცია იმ შენობებიდან, რომლებიც უკვე უსაფრთხო აღარ იყო. ჩვენ ნეპალელი სამხედროები დაგვეხმარნენ, თუმცა მათ გაწვრთნა სჭირდებოდათ. სწორედ ამიტომ, ეს სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი რესურსია. ის დაგვეხმარება სხვების გაწვრთნაში და კატასტროფებისთვის მომზადებაში.”
პუბლიკაციის ნახვა ინგლისურ ენაზე, ამ ბმულზე შეგიძლიათ.