ძლიერი შტორმის შედეგად ალბანის ხელოვნების მუზეუმი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორის, პაულა ვილიამსის განმარტებით, მუზეუმს აღარ აქვს სახურავი, ხოლო შენობა მთლიანად დატბორილია.
მუზეუმის თანამშრომლებსა და მოხალისეებს შენობიდან ექსპონატები უფრო უსაფრთხო ადგილას გადააქვთ.
“ეს კატასტროფაა. შენობა სრულიად განადგურდა. საბედნიეროდ, კარგი დაზღვევა გვაქვს და ვეცდებით კოლექციების გადარჩენას… ჩვენ მზად გვქონდა კატასტროფების დროს სამოქმედო გეგმა, თუმცა არ გვეგონა, რომ მისი გამოყენება ოდესმე დაგვჭირდებოდა,” – აღნიშნა ვილიამსმა.
1983 წელს მუზეუმი ახალ შენობაში გადავიდა, სადაც ამერიკული იმპრესიონიზმის ნიმუშები გამოფინა. აქ ასევე იყო მუდმივი ინსტალაცია, რომელიც ტრადიციულ აფრიკულ ხელოვნებას ასახავდა. დღეს ალბანის ხელოვნების მუზეუმი მოიცავს მე-19 და მე-20 საუკუნის ამერიკულ და ევროპულ ხელოვნების ნიმუშებს, კერძოდ, მხატვრობას, მონუმენტებს, ფოტოებს და სხვა.