თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბის შენობა, რომლის ავტორები ლადო ალექსი-მესხიშვილი და გერმანე ღუდუშაური არიან, 1973 წელს გაიხსნა ვერის ბაღში და გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.
გახსნიდან მოყოლებული, თბილისის გულში მდებარე ეს შენობა საზოგადოების თავშეყრის ადგილი იყო. მიუხედავად სასახლის პოპულარობისა, შენობა განიცდის მისი მოვლისთვის საჭირო ფინანსურ დეფიციტს. მისი ექსტერიერი და ინტერიერი დაზიანებულია, გათბობის თუ სხვა სისტემები მოითხოვს განახლებას, მთლიანი შენობის შენახვის მიზნით, იგი გაქირავებულია მცირე ერთეულებად.
ეს ბედი საერთოა ამ პერიოდის არქიტექტურული ნაგებობისათვის. სოციალისტური რეჟიმისადმი ნეგატიურმა, ზოგჯერ აგრესიულმა განწყობამაც, პოლიტიკურმა, სოციალურმა და ეკონომიკურმა სირთულეებმა, რომლებიც ქვეყანამ გაიარა, დაღი დაასვა ამ შენობებს.
შეიძლება იცით, რომ ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა გეთის ფონდის Keeping It Modern პროგრამის ფარგლებში 2018 წელს მიიღო ფინანსური დახმარება თბილისის ჭადრაკის სასახლის და ალპური კლუბის შენობის კონსერვაციის გეგმის შემუშავებისათვის. თუმცა, მხოლოდ ერთი შენობის ირგვლივ მუშაობის მიღმა, ჩვენი სურვილია, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მივიქციოთ ყურადღება იმ საერთო პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დგანან გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის პერიოდის ნაგებობები. ამასთან, ფართო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ მათ ფასეულობაზე.
ჩვენ ვიცით, რომ ამ სტილის არქიტექტურის დამფასებლებლი და მოყვარულები ბევრნი ხართ. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, გაგვიზიაროთ საქართველოში არსებული საბჭოთა მოდერნიზმის არქიტექტურის თქვენი ფოტოები, რომლებიც ნაჩვენები იქნება ციფრული პროექციის სახით 2019 წლის 18 მაისს თბილისის ჭადრაკის სასახლეში მუზეუმების საერთაშორისო ღამის პროგრამის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არა მარტო არ გაგვაჩნია არქიტექტურის მუზეუმი, არამედ ამ არქიტექტურული მარგალიტების გადარჩენისთვისაც კი ვიბრძვით, ჩვენი სურვილია, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ ამ ნაგებობების მრავალფეროვნება და სილამაზე.
მონაწილეობა არ ანაზღაურდება, თუმცა სათანადოდ იქნება მითითებული თქვენი ავტორობა.
თუკი გაქვთ სურვილი, გაგვიზიაროთ ფოტოები, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მაღალი ხარისხის ფოტოები (მინიმუმ 1600×1200 პიქსელი) დაზიპულ ფორმატში ან Wetransfer პორტალის გამოყენებით 2019 წლის 30 აპრილამდე შემდეგ მისამართზე info@blueshield.ge.
ასევე, გთხოვთ, სათანადოდ დაასათაუროთ ფოტოები, რომ ჩვენც შევძლოთ სწორედ მივუთითოთ როგორც ნაგებობების, ასევე, თქვენი სახელი.
წინასწარ გიხდით დიდ მადლობას და ველით თქვენს გამოხმაურებას.
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი.