ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი მოხარულია გაცნობოთ, რომ 2019 წლის დეკემბერში ორგანიზაცია გახდა ფონდ ALIPH -ის ( The International alliance for the protection of heritage in conflict/კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსი) საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული, საპროექტო წინადადებით „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა“, რომელიც განხორციელდება გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
პროექტი, რომლის განხორციელება 2020 წლის იანვარში დაიწყება და ორ წელს გასტანს მიზნად ისახავს: გორის მუზეუმის კატასტროფის რისკების მართვის გეგმის შემუშავებას შეაირაღებული კონფლიქტისგან დასაცავად, მისი კოლექციების დოკუმენტაციას, შენახვის პირობების გაუმჯობესებას, გორის და შიდა ქართლის სხვა მუზეუმების პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას პრევენციული კონსერვაციისა და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისთვის პირველადი დახმარების საკითხებში. პროექტი ასევე მოიცავს სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას სახელმწიფო ორგანოებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე კრიზისულ სიტუაციებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად მოწვეული იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, პირველადი დახმარებისა და პრევენციული კონსერვაციის საერთაშორისო ექსპერტები.
ALIPH – ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ პროექტებს შორის, გორის მუზეუმის პროექტთან ერთად არის პროექტები რომლებიც მიზნად ისახავს ავღანეთის ტერიტორიაზე არსებული ბუდისტური კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციას, ღაზას სექტორში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, კონსერვაციას და პოპულარიზაცის, ქალაქ მოსულის (ერაყი) მოზაიკის კონსერვაციას და ა.შ. დაწვრილებითი ინფორმაცია საგრანტო კონსკურსში გამარჯვებული საპროექტო წინადადებების შესახებ იხილეთ დოკუმენტში.
გორის ისტრიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
გორის საზოგადოების ინიციატივით და ივ. ჯავახიშვილის, ს. მაკალათიას და ი. ყიფშიძის მხარდაჭერით 1935 წელს გორში დაფუძნდა მხარეთმცოდენეობის მუზეუმი, რომელიც 1943 წელს გადაკეთდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმად. 2005 წელს მიენიჭა პროფ. სერგი მაკალათიას სახელი. ХХ საუკუნის 30-იანი წლებიდან დღემდე მუზეუმის მიერ განხორციელებული ექსპედიციების და მთელი საქართველოდან შემოსული უამრავი მასალის გამო, გორი მალევე გადაიქცა შიდა ქართლის მთავარ სამუზეუმო დაწესებულებად. აქ დაცულია 90 000-ზე მეტი ექსპონატი: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული არტეფაქტები, ფოტო, კინო და აუდიო არქივი, ხელნაწერი და ეპიგრაფიკული ძეგლები
ALIPH (The International alliance for the protection of heritage in conflict/კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსი)
კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსი (ALIPH) უზრუნველყოფს კონკრეტულ მხარდაჭერას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეკონსტრუქციისთვის, კონფლიქტურ ზონებში და კონფლიქტის შემდგომ სიტუაციებში, ალიანსი დაარსდა 2017 წლის მარტში, ბოლო წლებში განსაკუთრებულად გახშირებული კულტურული მემკვიდრეობის მასიური განადგურების საპასუხოდ.