14-16 ივლისს გორის სერგი მაკალათიას ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება კრიზისის დროს.” სამ დღიან ტრენინგს უძღვებოდა ქალბატონი რებეკა კენედი, კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარების ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ამ მიმართულებით.
ტრენინგს დაესწრო როგორც გორის სერგი მაკალათიას სახელობის მუზეუმის, ისე შიდა ქართლის 11 მუზეუმის 25 თანამშრომელი. მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ინფორმაცია კრიზისულ მდგომარეობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გზების შესახებ და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ დავალებებში.
ტრენინგის პირველ დღეს განხილული იქნა რისკების ამოცნობის და შეფასების საკითხი, რის შემდგომაც მონაწილეები ჩაერთვნენ ჯგუფურ პრაქტიკულ სავარჯიშოებში – მათ შეავსეს რისკების შეფასების ფორმები მუზეუმის სხვადასხვა სივრცისათვის, მოახდინეს სიმულირებული დაზიანების შეფასება და იმუშავეს საგანგებო სიტუაციის დროს დოკუმენტაციის შედგენაზე.
მეორე დღეს საუბარი იყო კატასტროფის შემდგომ კოლექციების გადარჩენის პროცესზე, რასაც მოჰყვა სველი, დაბინძურებული და დაზიანებული ექსპონატების გადარჩენის დემონსტრაცია. ტრენერმა პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით გააცნო მონაწილეებს ექსპონატების გადარჩენისათვის საჭირო მასალები და ქმედებები.
ტრენინგის ბოლო დღეს განხორციელდა მასშტაბური სიმულაციური ევაკუაციის სავარჯიშო. სცენარის მიედვით, მონაწილეებს დაევალათ მიწისძვრის შემდგომ დაზიანებული სამუზეუმო ობიექტების გადარჩენა და საგანგებო ევაკუაცია. ჯგუფებად დაყოფილ მონაწილეებს განსხვავებული დავალებები მიეცათ, მათ შორის: ობიექტთა საგანგებო დოკუმენტირება, გადარჩენა, გადარჩევა ანუ ტრიაჟი, შეფუთვა, ტრანსპორტირება და დროებით უსაფრთხო საცავში გადატანა.
ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
ტრენინგი დაიგეგმა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პროექტის – “გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვა” – ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდ ALIPH-ის ფინანსური მხარდაჭერით.