ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ერთობლივი განცხადება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობასა და მასში დაცულ კოლექციებთან დაკავშირებით 

გვსურს გამოვეხმაუროთ და ფართო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 15 ივლისის N00014916 ბრძანებაზე, რომელიც ეხება შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის შენობასა და მასში დაცულ კოლექციებთან დაკავშირებულ საკითხებს. 

საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ქვეყნის მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი განძთსაცავია, რომელიც განთავსებულია შვეიცარიელი არქიტექტორის ჯუზეპე ბერნარდაცის მიერ 1830-იან წლებში აგებულ შენობაში (დამკვეთი: ცნობილი ქართველი მეცენატი ი. ზუბალაშვილი), ხოლო მუზეუმში დაცული კოლექციები (139 000-მდე ექსპონატი) ქართველ მხატვართა ნაწარმოებებთან ერთად (მათ შორის ნ. ფიროსმანაშვილის 152 ნამუშევარი), მოიცავს ქართული ოქრომჭედლობის, ტიხრული მინანქრის, ხატწერის, კედლის მხატვრობის, მოზაიკის, ქსოვილის, საიუველირო ხელოვნების, ასევე ევროპული და აღმოსავლური ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს. 

ფართო საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ წლებია, საფრთხის წინაშე დგას როგორც მუზეუმის შენობა, ასევე მასში დაცული კოლექციები, რაც არაერთხელ ყოფილა დისკუსიის საგანი როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სივრცეში გამართულ საერთაშორისო სამუზეუმო ფორუმებზეც. ცნობილია ასევე, რომ ეროვნული მუზეუმის მიერ მომზადებულია მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო ინსტიტუციების საუკეთესო გამოცდილებას და არაერთხელ განხილულა სამუშაო შეხვედრებზე (იხ. https://bit.ly/3fakovJ). 

უაღრესად საყურადღებოა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული „სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმის შემოღების, მუზეუმის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმა“ (იხ. ბმული: https://cutt.ly/2mZBpWC), რომელიც არაერთ კითხვას აჩენს სხვადასხვა მიმართულებით: 

  • ზემოაღნიშნული გეგმა მოიცავს 2021 წლის 5 აგვისტოდან 2022 წლის 5 თებერვლამდე პერიოდს და ითვალისწინებს მუზეუმის ფონდების ევაკუაციას, რაც, როგორც არსებული სამუზეუმო პრაქტიკა ცხადყოფს, დროის ამ მცირე მონაკვეთში (6 თვე!) შეუძლებელი და არარეალისტურია. მაგალითად, როცა ეროვნული მუზეუმის მიერ განხორციელდა არასათანადო პირობებში დაცული ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლეთის ქვეყნების კოლექციის (5000-მდე ნივთი) ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის საცავში დროებით განთავსების პროექტი (EU twinning პროექტის ფარგლებში, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდისა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ექსპერტთა მონაწილეობით, 2009-2012), მას 2 წელი დასჭირდა. კოლექციების საგანგებო ევაკუაციისათვის აუცილებელია: ა) პრევენციული კონსერვაციისა და კოლექციების მართვის სპეციალისტების მიერ დამუშავდეს ევაკუაციისთვის საჭირო ადეკვატურ დროში გაწერილი დეტალური გეგმა, რომელიც დაეფუძნება საევაკუაციო კოლექციების მდგომარეობის ანალიზს, აღწერს ქმედებებს, მოიცავს თითოეული ქმედების რისკების ანალიზს და განსაზღვრავს საჭირო მატერიალურ და ადამიანურ რესურსს; ბ) კოლექციების დროებით სივრცეებში გადატანისა და განთავსებისას გათვალისწინებული იყოს პრევენციული კონსერვაციისა და უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტი და კოლექციების ინტერესების დასაცავად, პროცესი განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტთა ჩართულობით. 
  • რაც შეეხება მუზეუმის ნაგებობას, იგი გვიანი კლასიციზმის უიშვიათეს ნიმუშს წარმოადგენს და დახვეწილი პროპორციებითა და ტექნიკური შესრულების მაღალი ხარისხით XIX საუკუნის თბილისის გამორჩეულ შენობათა რიგშია. რამდენიმე ქუჩის გადაკვეთაზე აგებული, თითქმის 200 წლის შენობა დღესაც დიდწილად აწესრიგებს თავისუფლების მოედნის ხელყოფილ ისტორიულ განაშენიანებასა და სივრცეს. ტიპური ტექნიკური დასკვნა ვერ გამოდგება იმის დასასაბუთებლად, თითქოს შენობის აღდგენა შეუძლებელია. ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა მისაღებია მხოლოდ ავთენტურობისა და მთლიანობის დაცვით. ნაგებობის არც ერთი ნაწილი არ უნდა დაინგრეს. რეაბილიტაციამდე, საჭიროა დაცლილი ნაგებობის გადაუდებელი დროებითი გამაგრება და მონიტორინგი, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს. აუცილებელია კონსერვაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინტერდისციპლინური კვლევის საფუძველზე შემუშავდეს შენობის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტი, რისთვისაც ყველა (ხელისუფლება, პროფესიული ინსტიტუციები და სამოქალაქო საზოგადოება) ვალდებულია, მოიძიოს და გამოიყენოს სათანადო რესურსი. 
  • გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობა წარმოადგენს ,,სამუზეუმო ქუჩის“ კონცეფციის უმთავრეს შემადგენელ ნაწილს, რომლის შექმნის იდეა ჯერ კიდევ მე-19 ს. 50-იან წლებში, კავკასიის მუზეუმის დაარსების დროს გაჩნდა. 2007 წელს კი, „სტუდია მილუ არქიტექტის“-ისა (საფრანგეთი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორთა თანამშრომლობით შეიქმნა თანამედროვე სამუზეუმო უბნის ხედვა, რომლის შესაბამისად განხორციელდა საქართველოს მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსის რეკონსტრუქციები, რამაც, ბერლინის სამუზეუმო კუნძულის მსგავსად, განავითარა საუკუნენახევრიანი ისტორიული მეხსიერება, რაც შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას საჭიროებს. 
  • სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ როდის შეიძლება ნაგებობისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა. ასეთად კანონი მიიჩნევს: ძეგლის განადგურებას, ან ისეთ დაზიანებას, როცა ძეგლმა დაკარგა ისტორიული ღირებულება, რომლის აღდგენაც შეუძლებელია, ან მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმით, დაკარგა ის ძირითადი მახასიათებლები, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი (იხ. მუხლი 17). ხელოვნების მუზეუმის შენობის შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არც ერთი წინაპირობა. ხოლო ე. წ. “არარენტაბელურობის” საფუძვლით ძეგლის რეაბილიტაციაზე უარის თქმის შესაძლებლობას კანონი არ იცნობს. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელოვნების მუზეუმის შენობასა და მასში დაცულ კოლექციებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდეს საჯაროდ, პროფესიონალებისა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, რაც, სამწუხაროდ, აქამდე არ განხორციელებულა. 

Powered by Watch Dragon ball super