საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტის, ICOMOS საქართველოს და ICOM საქართველოს ერთობლივი მიმართვა შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებს: ICOMOS, ICOM, საერთაშორისო ლურჯ ფარს, ევროპა ნოსტრას და მსოფლიო მონუმენტთა ფონდს:

გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებს. 

თბილისის ამ გამორჩეულ შენობას დანგრევა ემუქრება.   

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაკვეთით ცოტა ხნის წინ ჩატარებული საინჟინრო კვლევის თანახმად, ,,შენობის ნაწილში ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ, სადაცგანვითარებულია შენობის მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, შეუძლებელია შენობის არსებული ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება“. 

  • რეაბილიტაციის სათანადო გეგმის წარმოდგენის ნაცვლად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ქ-ნმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი გაძლიერება ,,სავარაუდოდ არ იქნება  რენტაბელური“. 

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ კვლევაზე დაყრდნობით, შენობის ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება შესაძლებელია. 

  • ეს უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ისტორიულ შენობაზე, არამედ მასში დაცულ კოლექციებზეც (დაახლოებით 139,000 ექსპონატი).   2017-2020 წლებში, ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მუზეუმის მმართველმა და თანამშრომლებმა მოამზადეს ფონდების ევაკუაციის გეგმები, თუმცა ცოტა ხნის წინ ისინი ჩამოაქვეითეს. ამჟამინდელი მმართველი არ განიხილავს არსებულ გეგმას, ახლად შემოთავაზებული გეგმა კი, რომელიც ევაკუაციის პროცესის დაჩქარებას ითვალისწინებს, შეუსაბამოა. განხორციელების შემთხვევაში, იგი  დიდ საფრთხეს შეუქმნის კოლექციების უსაფრთხოებას. 

სამინისტროს გეგმები მწვავედ გააკრიტიკეს დარგის პროფესიონალებმა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა. საკითხი ფართოდ გაშუქდა მედიით. მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის  (ICOM Georgia), ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტის (ICOMOS Georgia) და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის (Georgian National Committee of the Blue Shield) მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია შენობის ავთენტურობისა და მთლიანობის შენარჩუნების მნიშვნელობა და გაკრიტიკებულია ფონდების ევაკუაციის გეგმა. ხელმომწერები ითხოვენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობას. რამდენიმე საზოგადოებრივმა ჯგუფმა მუზეუმის წინ    საპროტესტო აქციები მოაწყო. 

ჩვენი წუხილი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით დღემდე აქტუალურია, მიუხედავად მინისტრის 6 აგვისტოს განცხადებისა,  რომლის თანახმად შენობა მუზეუმის ფუნქციას შეინარჩუნებს და აღდგება, კოლექციები კი დროებით შესანახად ახლომდებარე სივრცეებში იქნება გადატანილი. 

სამწუხაროდ, კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ხშირად აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაუმჭვირვალეა და მასში დაინტერესებული მხარეები სათანადოდ არ არიან ჩართული, ხოლო დაპირებები არ სრულდება.  ეს კი მემკვიდრეობისა და მისი დაცვის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოვითხოვთ მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველების სრულად ჩართვას პროცესში. 

უფრო კონკრეტულად, ხელისუფლებისგან მოვითხოვთ შემდეგს:

  • წერილობით დადასტურებას, რომ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობა შეინარჩუნებს სამუზეუმო ფუნქციას და დაცული იქნება მისი კულტურული მნიშვნელოვნება, ავთენტურობა და მთლიანობა;
  • კვალიფიციური და შესაბამისი რეპუტაციის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალების დაქირავებას, რომლებიც კომპლექსურ და ინტერდისციპლინურ კვლევებზე დაყრდნობით მოამზადებენ შენობის რესტავრაციის გეგმას  და განახორციელებენ მისი დროებითი გამაგრების გადაუდებელ სამუშაოს და მონიტორინგს, რათა შეაჩერონ დაზიანება;
  • ისტორიულ შენობებზე მუშაობის გამოცდილების მქონე ფირმისთვის ახალი  დეტალური კონსტრუქციული კვლევის დაკვეთას. გამორჩეული მნიშვნელობის ძეგლებისთვის აუცილებელია დამატებით სხვა პირთა მოსაზრებების გათვალისწინებაც.  
  •  კოლექციების დროებითი გადატანის არსებული გეგმის განხილვასა და საბოლოო ვარიანტზე შეთანხმებას სამუზეუმო დარგის პროფესიონალთა ფართო წრესთან, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ თავდაპირველად მომზადებული ევაკუაციის გეგმის ავტორებთან;
  • ზემოთ აღნიშნულ ორივე საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას  და შესაბამისად, სამუზეუმო დარგის პროფესიონალთა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების მუდმივად ინფორმირებას.

ამასთან, მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებს, გამოხატონ პოზიცია და ხელი შეუწყონ ხელოვნების მუზეუმის შენობის შენარჩუნებას, მასში დაცული უნიკალური კოლექციების დროებით სხვა სივრცეში შესანახად უსაფრთხოდ გადატანასა და დაბრუნებას. 

აღნიშნულ საკითხებზე პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას. იმედი გვაქვს, რომ გულისყურით მოეკიდებით ჩვენს მომართვას და ამ თემაზე აწარმოებთ კომუნიკაციას საქართველოს ხელისუფლებასთან.  

საკითხის ისტორია

შენობა

ხელოვნების მუზეუმის შენობა მე-19 საუკუნის თბილისში გვიანი კლასიციზმის იშვიათი ნიმუშია, რომელიც დახვეწილი პროპორციებითა და ტექნიკური შესრულების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. რამდენიმე ქუჩის გადაკვეთაზე მდგარი შენობა დაახლოებით 200 წლისაა. იგი მე-19 საუკუნის თბილისში მცხოვრები ცნობილი მეწარმისა და მეცენატის, იაკობ ზუბალაშვილის დაკვეთით, შვეიცარიელი არქიტექტორის ჯუზეპე ბერნარდაცის პროექტით  აიგო. თავდაპირველად მასში სასტუმრო იყო მოწყობილი, ხოლო მოგვიანებით, 1840 წლიდან სასულიერო სემინარია განთავსდა. 1921 წელს შენობამ კვლავ სასტუმროს ფუნქცია შეიძინა, 1950 წლიდან კი მის კედლებში ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით დაფუძნებული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. 

კოლექციები

ხელოვნების მუზეუმი საქართველოში მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი დიდი საცავია, რომელიც დაახლოებით 139,000 ნივთს აერთიანებს. ექსპონატებს შორისაა შუა საუკუნეების ქართული უნიკალური ხატები, კედლის მხატვრობის, მოზაიკის, ტექსტილისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები, ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატები, ასევე ევროპული და აღმოსავლური ხელოვნების ნიმუშები. 

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის პროექტის ზოგადი კონცეფცია  და რეაბილიტაციის გეგმა

ხელოვნების მუზეუმის პროექტის ზოგადი კონცეფცია   2019 წელს StudioMilou-მ (საფრანგეთი-სინგაპური) შეიმუშავა. კონცეფცია წარუდგინეს მუზეუმის თანამშრომლებს, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს კულტურის სამინისტროში და საქართველოს პრეზიდენტს. მხარეებთან განხილვისა და კოლექციების ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზად იყო, 2019 წლის ბოლოს დაეწყო კოლექციების დროებით გადატანა წინასწარ მომზადებულ სივრცეებში და ჩაეტარებინა ისტორიული შენობის გადაუდებელი წინასამშენებლო კვლევები და მოსამზადებელი სამუშაო, თუმცა, ეს პროცესი მოულოდნელად შეჩერდა. 

 შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმაზე  საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა 2011 წელს დაიწყო მუშაობა პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდისა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ექსპერტთა რჩევებითა და StudioMilou-სთან მჭიდრო თანამშრომლობით. გეგმაში წარმოდგენილია მუზეუმის განვითარების ოთხწლიანი ხედვა. ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებელ ფაზაში, 2005-2020 წლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ინტენსიურად მუშაობდა როგორც სამუზეუმო კოლექციების, ისე ისტორიული შენობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე. შემუშავებული კომპლექსური, მულტიდისციპლინური გეგმა სათანადო სპეციალიზებულ კვლევებს ეფუძნება და მუზეუმის შენობასა და მასში დაცულ კოლექციებზე ინდივიდუალურად მორგებულ მიდგომას ითვალისწინებს. ამ პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება სამი კორპუსისგან შემდგარი შთამბეჭდავი სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც თბილისის მუზეუმების უბნის კარიბჭედ იქცევა. 

მუზეუმების უბნის კონცეფცია 

შენობა მუზეუმების უბნის კონცეფციის ნაწილად განიხილება. ამ არეალისთვის სამუზეუმო ფუნქციის მინიჭების იდეა მე-19 საუკუნეში გაჩნდა და მე-20 საუკუნეში განვითარდა. უბანი საქართველოს ეროვნული მუზეუმის რამდენიმე შენობასა და გუდიაშვილის ქუჩის გაყოლებაზე მდებარე ეროვნულ ბიბლიოთეკას მოიცავს. მუზეუმების უბნის კონცეფციის  თანამედროვე ხედვა პირველად 1970-იან წლებში შემუშავდა. მოგვიანებით, 2006 წელს იდეაზე მუშაობა StudioMilou-მ და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განაგრძეს. კონცეფცია კიდევ უფრო დაიხვეწა 2019 წელს. 

Powered by Watch Dragon ball super