22 ივნისს პროექტის „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა“ ფარგლებში შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. 

მუზეუმს გადაეცა პროფესიონალური ფოტოსტუდიის აღჭურვილობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროექტის ფარგლებში მიმდინარე ექსპონატთა ფოტოფიქსაციის პროცესს.

ასევე გრძელდება მუზეუმში არსებული პირობების ანალიზი. ექსპერტმა, თამარ იაშვილმა მუზეუმის საცავი სივრცეებიდან და ექსპონატებიდან აიღო ლაბორატორიული სინჯები მიკოლოგიური კვლევისათვის. კვლევის შედეგები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ რისკების ანალიზის დოკუმენტში, რაც საფუძვლად დაედება მუზეუმისთვის შექმნილ კატასტროფის რისკისთვის მზადყოფნის გეგმას. გეგმის შედგენა პროექტის ერთ-ერთ მთავარ შედეგს წარმოადგენს.

ლურჯი ფარის გუნდმა შეაფასა მუზეუმის განსაკუთრებულად სათუთი ექსპონატების შესანახი მასალები და პირობები, მათი გაუმჯობესების მიზნით.

ლურჯი ფარის გუნდმა მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობაზე და განიხილეს აქტუალური საკითხები. შეგახსენებთ, რომ პროექტი „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა“ ხორციელდება 2020 წლიდან კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსის ფონდ ALIPH-ის ფინანსური მხარდაჭერით.

Powered by Watch Dragon ball super