11 ნოემბერს, გორში, ხელოვნების სახლში, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კატასტროფის რისკის მართვის გეგმის შემუშავების საკითხზე.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრეები გაეცნენ გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის კატასტროფის რისკის მართვის გეგმის  სამუშაო ვერსიას და იმსჯელეს მის შინაარსზე. ეს გეგმა ამ ტიპის პირველი დოკუმენტი იქნება რეგიონული მუზეუმისათვის. 

შეხვედრას დაეწრნენ როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მთავრობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დამსწრეებმა ისაუბრეს გეგმის მნიშვნელობაზე, განიხილეს წარმოდგენილი რისკების ანალიზის დოკუმენტი და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ პრაქტიკულ სავარჯიშოში – შეადგინეს პოტენციური კატასტროფის სცენარები მუზეუმისათვის. სავარჯიშოს შედეგებმა წარმოაჩინა ახალი პრიორიტეტები და საჭიროებები, რაც ლურჯი ფარისა და მუზეუმის გუნდის მიერ ინტეგრირდება გეგმის ტექსტში. 

შეხვედრა განხორციელდა პროექტის  “გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა” ფარგლებში. 

Powered by Watch Dragon ball super