დღეს ყველა ჩვენგანის ყურადღება მიმართულია უკრაინისკენ. უდიდესია ის ტკივილი, რასაც თითოული ჩვენგანი განვიცდით უძვირფასესი ადამიანური დანაკარგისა და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო.

მაშინ, როდესაც აგრესორი არაფრად აგდებს ადამიანების სიცოცხლეს, გასაკვირი არაა, რომ მისთვის არც კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენდეს ფასეულობას. მეტიც, კულტურის, ეროვნული იდენტობის და თუნდაც, საზიარო წარსულის გამოხატულება დღეს შეტევის საგანგებო სამიზნეებად არის ქცეული.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, შეუქცევადი ზიანი მიადგა კულტურული მემკვიდრეობის არაერთ ძეგლს, მუზეუმს: დაიბომბა ხარკოვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი; დაზიანდა მე-16 საუკუნის მიძინების ლავრა სვიატოგორსკში;  დაბომბვის შედეგად დაიწვა უკრაინელი თვითნასწავლი მხატვრის მარია პრიმაჩენკოს მუზეუმი ივანკოვოში და განადგურდა მისი ათობით ნამუშევარი; კიევისა და ჟიტომირის რეგიონის სოფლებში დაზიანდა მე-19 საუკუნის არაერთი ხის ეკლესია; დაბომბვებისა და შეტაკებების შედეგად, ზიანი მიადგა მე-18-20 საუკუნეების არაერთ ეკლესიას ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში (ჩერნიჰივი, ხარკოვი, მარიუპოლი, ხერსონი, მიკოლაივი); ხარკოვში დაზიანდა ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა; ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპანტებმა გაძარცვეს მე-19 საუკუნის არქიტექტურულ-ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალი „პოპოვის კარმიდამო“; ქ. ოხტირკაში დაიბომბა ისტორიული შენობა, რომელშიც განთავსებული იყო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

სამწუხაროდ, ეს ნუსხა ყოველდღიურად იზრდება…

ამის საპასუხოდ, უკრაინაში არაერთი ინიციატივა შეიქმნა, რომელიც აქტიურად, ხშირად, აქტივისტების სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურება უძრავი და მოძრავი მემკვიდრეობის ადგილზე უსაფრთხოდ შენარჩუნებასა და ევაკუაციას. ამას გარდა, უკრაინის საზღვრებს გარეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციები თუ დარგის სპეციალისტები, სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ დახმარება აღმოუჩინონ საომარი მოქმედებების ეპიცენტრში მომუშავე მემკვიდრეობის დამცველ აქტივისტებს. 

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც ახლა ცხელ წერტილებში მომუშავე დარგის სპეციალისტებისა და აქტივისტების წინაშე დგას, არის მემკვიდრეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა და მათი ევაკუაციისთვის  საჭირო მასალების შესაძენად საჭირო დაფინანსების არარსებობა. 

იკომისა და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრები რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველი დღიდან ხაზზე ვართ ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. ჩვენ გვყავს არაერთი უკრაინელი კოლეგა, რომელიც დღეს ეპიცენტრში მუშაობს და ცდილობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო კოლექციების დაცვას და კოორდინაციას უწევს ინიციატივებს ყველა იმ ქალაქსა და რეგიონში, სადაც მიმდინარეობს აქტიური კონფლიქტი. ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის გუნდის წევრები, კრიზისების დროს კულტურული მემკვიდრეობის პირველი დახმარების საერთაშორისო ქსელის წევრებიც არიან.  დღეს, სანამ შეუძლებელია ჩვენი ორგანიზაციების მიერ პირველი დახმარების აღმოჩენა ადგილზე, და სანამ საერთაშორისო ფონდების მიერ მოხერხდება ამ მიზნით ფულადი სახსრების მათთვის მიწვდენა, წამოვიწყეთ თანხის შეგროვების სწრაფი კამპანია, რომლითაც დავეხმარებით ჩვენი კოლეგების – მეიდანის მუზეუმის გენერალური დირექტორისა და ტუსტანის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფუძნებულ ინიციატივას „მემკვიდრეობის გადარჩენის საგანგებო ინიციატივა” – Heritage Rescue Emergency Initiative (HERI). ინიციატივის მიზანია ომის პირობებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოსტკრიზისული აღდგენის ხელშეწყობა.

შემოწირული თანხა მოხმარდება ისტორიული შენობების სტაბილიზაციას, გადაუდებელ გამაგრებას, დროებით გადახურვას, დაზიანებული ფანჯრებისა და კარების ამოქოლვას, გადაუდებელ დოკუმენტაციას და კოლექციების ევაკუაციისა და ტრანპორტირებისთვის საჭირო მასალებისა და ხელსაწყოების შეძენას.

შეგიძლიათ იხილოთ ინიციატივის მიმართვის ტექსტი. 

აშშ დოლარის გადარიცხვის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გამოიყენოთ ინიციატივის მიმართვის ბოლოს მითითებული ანგარიშის ნომერი.

ლარის გადასარიცხად, გთხოვთ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ორგანიზაციების ანგარიშის ნომრებზე:

ლარის ანგარიშის ნომერი: GE84TB7440536020100002

ანგარიშის მფლობელი: ააიპ იკომის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

ბანკის კოდი: TBCBGE22

ლარის ანგარიშის ნომერი: GE93TB7300136080100002

ანგარიშის მფლობელი: ააიპ ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

ბანკის კოდი: TBCBGE22

გადარიცხვისას, გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ „შემოწირულობა უკრაინისთვის.“

დოლარის ანგარიშის ნომერი: UA 54 325365 0000000260060035010

ანგარიშის მფლობელი: Tustan NGO

JSC «KREDOBANK», Sakharova Str. 78, Lviv, Ukraine

SWIFT: WUCBUA2X

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თანხის კონვერტაციას და გადარიცხვას ინიციატივისთვის, რის შესახებაც ყოველ ორშაბათ დღეს გამოვაქვეყნებთ შემდეგ ინფორმაციას: შემომწირველთა რიცხვი, შემოწირული თანხის ოდენობა ლარში, კონვერტირებული თანხა და  გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმედს გამოვთქვამთ, რომ გამოიჩენთ გულისხმიერებას და ყველანი ერთად, მცირედ წვლილს შევიტანთ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის საქმეში.

Powered by Watch Dragon ball super