პროექტი საერთაშორისო ფონდ Aliph-ის მიერ დაფინანსდა და 2020 წლის იანვრის თვეში დაიწყო. პანდემიის პირობებში, პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა აქტივობები და სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა არ შეწყვეტილა.
29 ივნისს, ლურჯი ფარის გუნდის წევრებმა და გორის სერგი მაკალათიას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებმა, პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე, მუზეუმში ჩატარებული სამუშაოები დეტალურად განიხილეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მოწვეულმა სტუმრებმა კი, მთავარი ფონდის განახლებული სივრცე დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები:
მუზეუმის თანამშრომლების მიერ შეიქმნა მუზეუმში დაცული 10 000 -ზე მეტი ექსპონატის ციფრული დოკუმენტაცია (ფოტოების, ნეგატივებისა და ხელნაწერების სკანირება, არქეოლოგიური, პერიოდული გამოცემების და ეთნოგრაფიული ფონდების ფოტო-დოკუმენტაცია და ონლაინ მონაცემთა ბაზაში განთავსება).
კოლექციების დოკუმენტირებისთვის, მუზეუმში მოეწყო მოძრავი გასაციფრი და ფოტო სტუდია შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით.
გაუმჯობესდა 5000-მდე ობიექტის შენახვის პირობები
ხელნაწერთა და რარიტეტული გამოცემების ფონდის 120 ეგზემპლარისა და განსაკუთრებული ღირებულების მქონე 100-მდე ექსპონატისთვის დამზადდა სპეციალური, საარქივო ხარისხის შესანახი ყუთები.
მუზეუმს გადაეცა პირველადი საჭიროების მასალები, აღჭურვილობა და სახარჯი მასალები სამუზეუმო გარემოს კვლევის, ექსპონატებთან სწორად მოპყრობის, მათი გადაადგილებისა და გადაუდებელი სიტუაციის შემდგომი პირველადი დახმარებისა და სტაბილიზებისთვის.
ძირითადი ფონდის საცავი, სადაც განთავსებულია 4000-ზე მეტი ექსპონატი, აღიჭურვა ახალი სტელაჟებით, საკიდებითა და თაროებით, შესაფუთი – დამცავი საშუალებებით;

Შიდა ქართლის 12 მუზეუმის 30-მდე თანამშრომლისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარდა თეორიული და პრაქტიკული სწავლებები შემდეგ თემებზე:
პრევენციული კონსერვაცია

კოლექციების შეფუთვა – გადაადგილება
კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შეიარაღებული კონფლიქტის დროს

შემუშავდა მუზეუმის საგანგებო მართვის გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია კოლექციებისა და სამუზეუმო გარემოს, შენობის კონსტრუქციული, ძველნაბეჭდი წიგნების კოლექციის შესანახი მასალის,შერჩეული ექსპონატების მიკოლოგიური, შენობის გეოლოგიური და საინჟინრო სისტემების კვლევები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილეები, პარტნიორები, დაინტერესებული მხარეები და მოწვეული სტუმრები:
საქართველოს ეროვნული გვარდია
გორის მუნიციპალიტეტის მერია
შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
შიდა ქართლის მუზეუმების წარმომადგენლები
საქართველოს ეროვნული ფონდი
ICOM საქართველო
ICOMOS საქართველო
გორის არქივი
ევროკავშირის მინიტორინგის მისია