ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი 2022 წლის მარტიდან ახორციელებს პროექტს “ოკუპირებული რეგიონების არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა” (Preserving the Intangible Heritage of the Occupied Regions – Didi Liakhvi Valley).

პროექტი ხორციელდება პრინც კლაუსის ფონდის (Prince Claus Fund) საგანგებო რეაგირების პროგრამის (Cultural Emergency Response Programme – CER) გრანტის მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორები არიან: ააიპ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი და პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი.

ინტერვიუს ჩაწერის პროცესი

პროექტი მიზნად ისახავს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვას. ის პილოტურია და საწყის ეტაპზე ფოკუსირდება სოფელ კეხვიდან დევნილ მოსახლეობაზე. პროექტის ძირითადი აქტივობებია:

აქტივობა 1: არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტების შენარჩუნება რესურსების შეგროვებისა და დოკუმენტაციის გზით

ამ აქტივობის ნაწილი ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში მდებარე ერთი შერჩეული სოფლის არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტების დოკუმენტაციას.

პროექტის ჯგუფი შეიმუშავებს დეტალურ კითხვარს, რომლის საფუძველზე ჩატარდება 50 მდე დევნილი პირის სიღრმისეული გამოკითხვა კარდაკარ ინტერვიუების საშუალებით. შეგროვებული მონაცემები აიტვირთება ონლაინ მონაცემთა ბაზაში და მომზადდება ანთროპოლოგიური ანგარიში. 

აქტივობა 2: ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის თემების შექმნა.

ეს აქტივობა მიზნად ისახავს გააძლიეროს საერთო კულტურული მემკვიდრეობის გრძნობა ჯგუფური მუშაობის გზით. აქტივობაში ჩაერთვებიან ყველა ასაკის პირები. ის ქმნის სივრცეს, სადაც დევნილ ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს შეეძლებათ დაფიქრდნენ კულტურული მემკვიდრეობის როლზე მათი ისტორიისა და პირადი იდენტობის ჩამოყალიბებაში. დაგეგმილია რამდენიმე ფოკუს ჯგუფის შეხვედრის ჩატარება დევნილ ოჯახებთან.

აქტივობა 3: შეგროვებული მონაცემების კვლევა და გავრცელება

ეს აქტივობა მოიცავს კარდაკარ ინტერვიუებისა და საზოგადოების შეხვედრების დროს შეგროვებული ინფორმაციის ანალიზს და მის გამოყენებას დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალში საგანმანათლებლო პროგრამის პროექტის შესაქმნელად. კვლევის დასრულების შემდეგ გამოვლინდება 2-3 არამატერიალური მემკვიდრეობის მატარებელი ან მთხრობელი ვიდეო დოკუმენტაციისთვის და მასალა გადაიქცევა სამ მოკლემეტრაჟიან ფილმად.

პროექტის დასასრულს გუნდი გააანალიზებს ყველა მიგნებას, აგრეთვე პროექტში გამოყენებულ მეთოდოლოგიას, რაც აისახება აკადემიურ სტატიაში ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

Powered by Watch Dragon ball super