ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი მოხარულია გაცნობოთ, რომ 2022 წლის ივნისში ორგანიზაციის პროექტმა “ოკუპირებული რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – ცხინვალის რეგიონი” Preserving the Cultural Heritage of the Occupied Regions (Tskhinvali Region-PCHOR) მოიპოვა საქართველოში ამერიკის საელჩოს კულტურის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსება და პროექტის განხორციელება დაიწყო მიმდინარე წლის სექტემბერში.
პროექტი მიზნად ისახავს აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამების მეშვეობით, რომელიც ფოკუსირებულია ცხინვალის რეგიონიდან დევნილ საზოგადოებაზე.
პროექტის უპირველესი მიზანია მხარი დაუჭიროს ქართველ დევნილ პირებს მათი საერთო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით. ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი პროექტის ფარგლებში ითანამშრომლებს პენსილვანიის უნივერსიტეტის არქოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრთან (PennCHC) და ადგილობრივ პარტნიორ – დიდ ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალთან (DLVMS) შემდეგი მიზნების მისაღწევად:
მიზანი. 1: საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცოდნის გაცვლა;
მიზანი 2: ცნობიერების ამაღლება შეერთებული შტატების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შესახებ;
მიზანი 3: ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.
მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
აქტივობა 1: ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოების შეკავშირება
ეს აქტივობა მიზნად ისახავს დევნილი პირების შეხვედრების ორგანიზებას და მათი საერთო კულტურული მემკვიდრეობის გრძნობის გაძლიერებას ჯგუფური მუშაობის გზით. მონაწილეებს შეეძლებათ ერთმანეთს გაუზიარონ პირადი ისტორიები და გამოცდილება რეგიონის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. შერჩეული 2-3 მთხრობელის ვიდეო დოკუმენტაცია გადაიქცევა სამ მოკლემეტრაჟიან ფილმად, რომელიც ასევე იქნება სასწავლო მასალა და გამოყენებული იქნება პროექტის მიღმა.
აქტივობა 2: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში.
ეს აქტივობა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მათ გააცნობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, არამატერიალურ მემკვიდრეობას და მათი დაცვის მნიშვნელობასა და გზებს.
აქტივობა 3: აშშ-სა და საქართველოს შორის კულტურული მემკვიდრეობის დარგში თანამშრომლობის გაძლიერება.
საგრანტო პერიოდის განმავლობაში პროექტის პარტნიორები უმასპინძლებენ ვირტუალურ ვორქშოფებს სპეციალისტებს შორის, რომლებშიც ჩაერთვებიან ქართველი და აშშ-ში მოღვაწე მემკვიდრეობის პროფესიონალები. პროექტის დასასრულს კი თბილისში ჩატარდება დასკვნითი უორკშოპი ყველა პარტნიორის მონაწილეობით.