3 ნოემბერს თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ანგარიშის – ,,საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განხორციელება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის” და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ონლაინ მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია.

ინგლისურენოვანი ანგარიში, ცხინვალის რეგიონის უძრავ ძეგლთა ელექტონულ რუკასთან ერთად, მომზადდა ნიუქასლის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მშვიდობის იუნესკოს კათედრასთან და დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალთან თანამშრომლობით 2018-2022 წლებში. პროექტი დაფინანსდა ეკონომიკური და სოციალური კვლევების საბჭოს (ESRC) Impact        Acceleration Account (IAA) გრანტით (გრანტის ნომერი (ES/M500513/1) ნიუქასლის უნივერსიტეტის მეშვეობით. 

ანგარიშსა და მის დანართებში აღწერილია ცხინვალის რეგიონის უძრავი კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების მდგომარეობა, აგრეთვე მიმოხილულია მათი დაცვისთვის საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული საქმიანობა; დასკვნის სახით წარმოდგენილია რეკომენდაციები აღნიშნული მემკვიდრეობის დაცვისთვის საერთაშორისო კანონმდებლობის ასამოქმედებლად. 

მუშაობის პროცესში გუნდმა გააანალიზა 700-ზე მეტი ობიექტი. სხვადასხვა წყაროს ანალიზის შედეგად, რომელიც მოიცავს: თვითმხილველთა ანგარიშებს, ინტერვიუებს, მედიას, სოციალურ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, სატელიტური გამოსახულების ანალიზს Google Earth-ის მეშვეობით და UNOSAT-UNITAR-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, შეფასდა ძეგლების მდგომარეობა და გამოვლინდა დაზიანების, განადგურებისა და სამომავლო საფრთხეების არაერთი კატეგორია.

პრეზენტაციაზე დამსწრეები გაეცნენ კვლევის მიგნებებს, ასევე ელექტრონული რუკის გამოყენების პრინციპებს. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება ამ სფეროში. დამსწრეებს საჩუქრად გადაეცათ 2021 წლის პუბლიკაცია “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება”. წიგნი წარმოადგენს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მასალების კრებულს, რომელშიც შესულია ლურჯი ფარისა და ნიუქასლის უნივერსიტეტის ერთობლივი სტატია ზემოთხსენებული ანგარიშის წინასწარული მიგნებების მიმოხილვით. 

ანგარიში და ცხინვალის რეგიონის უძრავ ძეგლთა ელექტრონული რუკა განთავსებულია საიტზე http://map.blueshield.ge/ka-GE/Home/Default

მონაცემთა ბაზის ინფორმაციაზე კვლავ გრძელდება მუშაობა, შესაბამისად ის არ ატარებს დასრულებულ ხასიათს. უახლოეს მომავალში იგეგმება ანგარიშის თარგმნა ქართულ ენაზე.

Powered by Watch Dragon ball super