ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, მანანა თევზაძემ ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის პროგრამის „კულტურა კრიზისში“ მიწვევით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „მემკვიდრეობა ომში: დაგეგმვა და მზადება“, რომელიც გაიმართა 28 თებერვალს ლონდონში.
მისი მოხსენება ეხებოდა ქალაქ გორის, სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარებულ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა მუზეუმის კრიზისებისთვის მზადყოფნისა და მათთან გამკლავების მდგომარეობის გაუმჯობესებას. მან თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის აუცილებლობას.

პლენარული დისკუსიის ფარგლებში ლურჯი ფარის თავდმჯდომარემ დარბაზში დასმულ კითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა შეეხო აგრეთვე არამატერიაული მემკვიდრეობის დაცვას კონფლიქტის პირობებში, რაზეც მას შესაძლებლობა მიეცა ეხსენებინა ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა, კერძოდ, ოკუპირებული დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი მოსახლეობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და ზეპირი ისტორიების დოკუმენტაცია და კვლევა.

კონფერენციამ გააერთიანა ხმები ევროპიდან, აშშ-დან, აფრიკიდან და აზიიდან, სპიკერებმა ისაუბრეს კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრაქტიკაზე. მათ განიხილეს, თუ როგორ თანამშრომლობენ მემკვიდრეობის სექტორი, სამხედრო და სხვა დაინტერესებული მხარეები საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.
კონფერენცია შედგებოდა ორი სესიისგან, პირველი – „სწავლა წარსულიდან“ მიზნად ისახავდა წარსული კონფლიქტების შემთხვევების შესწავლას და ინტერდისციპლინური ძალისხმევის მნიშვნელობის ხაზგასმას მემკვიდრეობის დასაცავად. მეორე სესიაზე – “მზადება აწმყოსთვის”, მოწვეულმა მომხსენებლებმა ისაუბრეს თავიანთ შეხედულებებზე იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მემკვიდრეობის სექტორს წარმატებით იმუშაოს მემკვიდრეობის დასაცავად პირდაპირი თავდასხმის მომენტში.

კონფერენციას ადგილზე 150 მონაწილე დაესწრო, ხოლო ვირტუალურად დამატებით 235. დამსწრე აუდიტორიამ მოიცვა 41 ქვეყანა აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკისა და ევროპის კონტინენტებიდან.