ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრთან (PennCHC) ერთად, სემინარი – “ადგილობრივი თემების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში” ჩაატარა.
სემინარს გაუძღვნენ კულტურული ანთროპოლოგები ამერიკის შეერთებული შტატებიდან – დოქტორი ბრაიან დენიელსი Penn CHC-დან და გრეის გოლდენი სახელოვნებო თავისუფლების ინიციატივიდან (Artistic Freedom Initiative). მათი პრეზენტაცია შეეხო თემზე დაფუძნებული მემკვიდრეობის დაცვის საკითხს კულტურულ უფლებათა ჭრილში, ადგილობრივ თემებთან მუშაობის და მათი ინტერესების მოსმენისა და გააზრების მნიშვნელობას.

დამსწრე აუდიტორიას თავიანთი გამოცდილება ლურჯი ფარის გუნდის წევრებმაც გაუზიარეს. მათ განიხილეს ორგანიზაციის წარსული პროექტები, რომლებიც სხვადასხვა თემთან მუშაობას მოიცავდა. ასევე, ისაუბრეს მიმდინარე პროექტებისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილების შესახებ.
სემინარს, ასევე, ონლაინ ესწრებოდნენ სხვადასხვა პროფესიის დაინტერესებული მოქალაქეები და პროფესიონალები. მათ საშუალება მიეცათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება და დამოკიდებულება განხილულ თემებთან დაკავშირებით.

სემინარი ჩატარდა პროექტის – “ოკუპირებული რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება (ცხინვალის რეგიონი)” – ფარგლებში.პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განათლებისა და კულტურის პროგრამის გრანტის დახმარებით.