2023 წლის 3 მარტს, დიდ ბრიტანეთში, ნიუქასლის უნივერსიტეტში, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ინგლისურენოვანი ანგარიშის – “საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განხორციელება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად” წარდგენა გაიმართა.
ანგარიშის პრეზენტაცია ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და ყველა დაინტერესებულ სპეციალისტსა თუ სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა ღონისძიებას.

ანგარიში, ცხინვალის რეგიონის უძრავ ძეგლთა ელექტრონულ რუკასთან ერთად, 2018-2022 წლებში, ნიუქასლის უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მშვიდობის იუნესკოს კათედრასთან და დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალთან თანამშრომლობით მომზადდა.
დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. კერძოდ, აღწერილია და გაანალიზებულია უძრავი და მოძრავი ძეგლების ომის დროინდელი და შემდგომი დაზიანებები და მათ წინაშე არსებული და სამომავლო საფრთხეები. გარდა ამისა, მიმოხილულია მათი დაცვისთვის საქართველოს მხარისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული საქმიანობა და დასკვნის სახით წარმოდგენილია რეკომენდაციები აღნიშნული მემკვიდრეობის დასაცავად საერთაშორისო ინსტრუმენტების ასამოქმედებლად.
პრეზენტაცია გახსნა საერთაშორისო ლურჯი ფარის პრეზედენტმა, პროფესორმა პიტერ სტოუნმა, მოხსენებით ორგანიზაციის საქმიანობასა და ძირითად პრინციპებზე. ანგარიშის ავტორებმა, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, მანანა თევზაძემ და ბრიტანეთის ლურჯი ფარის მდივანმა ემა ქანლიფმა ისაუბრეს სამუშაო პროცესზე, მთავარ გამოწვევებსა და ძირითად მიგნებებზე.

პროექტში ჩართულმა მკვლევარ-ასისტენტებმა განიხილეს კვლევის მეთოდოლოგია, რაც მოიცავდა სხვადასხვა წყაროს ანალიზს, კერძოდ თვითმხილველთა ანგარიშებს, ქართულ, ინგლისურ, რუსულენოვან მედიას, სოციალურ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს. ამასთან, ყურადღება გაამახვილეს სატელიტური გამოსახულების ანალიზზე Google Earth-ის მეშვეობით, ამ მეთოდით პროექტის ფარგლებში გუნდმა მოიკვლია 700-ზე მეტი უძრავი ძეგლი.
ღონისძიებას დაესწრნენ კულტურული მემკვიდრეობისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები, სამთავრობო, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლები, და თემით დაინტერესებული საზოგადოება როგორც აკადემიური, ისე სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროდან, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირები დიდი ბრიტანეთიდან.
პრეზენტაციის ჩანაწერს შეგიძლიათ უყუროთ აქ:
ანგარიში და უძრავ ძეგლთა რუკა შეგიძლიათ იხილოთ აქ:
უახლოეს მომავალში იგეგმება ანგარიშის ქართული თარგმანის პუბლიკაცია.