2023 წლის 6-7 მარტს, აბუ დაბიში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, გაიმართა ფონდ ALIPH-ის („კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსი“)  ფორუმი #ALIPH2023, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავჯდომარემ, მანანა თევზაძემ.

ღონისძიება ფონდ ALIPH-ისა და აბუ დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის თანაოგრანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობას იღებდა 200 პროფესიონალი 30 ქვეყნიდან. ფორუმის სამუშაო თემას მზარდი კონფლიქტებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მემკვიდრეობის დაცვის მზარდი გამოწვევა წარმოადგენდა.

მანანა თევზაძე მოხსენებით წარსდა ერთ-ერთ თემატურ პანელზე სახელწოდებით ,,როგორ შეუძლიათ მუზეუმებს კრიზისებზე რეაგირება“ და წარმოადგინა ფონდის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლებში განხორციელებული პროექტის ,,გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა” შედეგები.

ფორუმზე ორი ძირითადი თემა გამოიკვეთა: კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა და ის, რომ პოსტკონფლიქტური ვითარება, სამწუხაროდ, ჯერ კიდე წინ არის, როგორც ეს ბოლო დროს გამოიკვეთა უკრაინასა და კავკასიის რეგიონში. კონფლიქტების მიღმა, კლიმატის ცვლილებისა და სტიქიური უბედურებების მავნე ზემოქმედება კულტურულ მემკვიდრეობაზე უკეთესად უნდა მოგვარდეს.

ასევე, ხაზი გაესვა მდგრადი განვითარების ხელშემწყობი კონკრეტული პროექტების შემუშავების აუცილებლობას რომლებიც მოიცავს: სამუშაო ადგილზე სწავლებას, საზოგადოების ჩართულობას, ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკას, პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებასა (როგორიცაა კოლექციების ინვენტარიზაცია, 3D დიგიტალიზაცია და ა.შ.) და სწრაფი რეაგირების მექანიზმების გაძლიერებას კრიზისის დროს.

ფორუმი ALIPH2023 აბუ დაბის კულტურულ ფონდში გაიმართა, რომელიც მხარს უჭერს კულტურათაშორის ურთიერთგაგებასა და კულტურულ დიპლომატიას.

Powered by Watch Dragon ball super