ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი თანავუგრძნობთ შოვში მომხდარი სტიქიის მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს. მხარდაჭერას ვუცხადებთ და ვგულშემატკივრობთ პირველივე საათებიდან დღემდე ადგილზე მომუშავე მაშველებს, გვარდიელებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მოხალისეებს. მათ შორის, ბევრი ჩვენი ნაცნობიცაა, ვისაც ვასწავლიდით კატასტროფის დროს კულტურული ფასეულობების გადარჩენას და ვისთან ერთადაც ვამუშავებდით სხვადასხვა სახის კატასტროფის განვითარების სცენარებს და წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიით ვემზადებოდით კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად.

ლურჯი ფარის გუნდმა რაჭის ადგილობრივ თემთან ერთად მოიკვლია სტიქიური მოვლენების და მათთან გამკლავების შესახებ არსებული ტრადიციული ცოდნა. სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის პროგნოზები კატასტროფებთან მიმართებაში მართლდება, ტრადიციული ცოდნა და გამოცდილება კი, როგორც წესი, უგულვებელყოფილია ინფრასტრუქტურული და კატასტროფისთვის მზადყოფნის ღონისძიებების დაგეგმვისას.

ჩვენი ორგანიზაციის მისია საგანგებო სიტუაციებისგან უძრავი და მოძრავი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა. ჩვენი გამოცდილება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე, გვიჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია კატასტროფისთვის მზადყოფნის და რისკების შემცირების ღონისძიებების წინასწარი დაგეგმვა და განხორციელება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ადამიანური მსხვერპლი, მატერიალური დანაკარგი.

კატასტროფის რისკის მართვის მოწინავე, საუკეთესო პრაქტიკა სწორედ პროაქტიულ, კატასტროფის წინმსწრებ ღონისძიებებს გულისხმობს, რომელიც პოტენციური რისკების წინასწარ შეფასებას და რისკების ბუნებიდან გამომდინარე შესაბამისი სტრატეგიების (შერბილებისა და თვიდან არიდების) პროაქტიულ განხორციელებას მოიცავს. სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები პასიური მომლოდინეების როლში ვრჩებით და მხოლოდ უკვე მომხდარი კატასტროფის, დამდგარი ზიანისა და ადამიანური ტრაგედიების ფონზე ვიწყებთ მოქმედებას.

დღესდღეობით, კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში მომუშავე უამრავი პროფესიონალი, მეცნიერი იზიარებს და ამკვიდრებს მოსაზრებას, რომ თავად ტერმინი „ბუნებრივი კატასტროფა” არასწორი ტერმინია და არასწორად ასახავს საკითხის არსს. მართალია, კატასტროფის გამომწვევ საფრთხეთა დიდი ნაწილი ბუნებრივი პროცესებით არის განპირობებული და გარდაუვალია, მაგრამ ამ პროცესების შედეგად გამოწვეული კატასტროფა (საზოგადოების ფუნქციონირების დარღვევა, მასშტაბური ადამიანური, მატერიალური, ეკონომიკური და/ან გარემო დანაკარგი და ზარალი, რომელთან გამკლავებაც აღემატება ცალკეული საზოგადოების ძალებსა და შესაძლებლობას) თითქმის ყოველთვის ადამიანების ქმედებითა და გადაწყვეტილებებით არის განპირობებული.

ბუნებრივი საფრთხეებით განპირობებულ რისკებთან გამკლავება მრავალდისციპლინური და კომპლექსური დაგეგმვისა და მართვის შედეგად მიიღწევა. ტრადიციულ ცოდნასთან ერთად მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება გამართული მართვის სისტემის პირობებში შესაძლებელს ხდის კატასტროფული შედეგების პრევენციასა და შერბილებას. სამწუხაროა, რომ საქართველოში, რომლისთვისაც ტრადიციულად დამახასიათებელია მძლავრი სტიქიური მოვლენები, სადაც წლებია არსებობს ინფორმაცია მომეტებული რისკის ზონებზე და მიუხედავად წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი თუ საგარეო ფინანსური რესურსის დანახარჯისა თუ ადამიანური ძალისხმევისა, რომელთა შედეგადაც მრავალი კვლევა, გეგმა, მარეგულირებელი თუ პოლიტიკის დოკუმენტია შემუშავებული, დღემდე პრაქტიკაში არ არსებობს გამართული, ქმედითი რისკის მართვის სისტემა. შედეგად, კი სულ უფრო და უფრო ხშირად ვდგებით იმ სამწუხარო რეალობის წინაშე, რასაც კატასტროფით გამოწვეული ადამიანური მსხვერპლი და მასშტაბური მატერიალური ზიანი ჰქვია.

სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და იმედს ვიტოვებთ, საზოგადოება და შესაბამისი უწყებები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან რისკების შემცირებისა და მართვის საკითხებში. აქვე, გვინდა მოვუწოდოთ მაღალი თანამდებობების პირებს, თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რაც კატასტროფით დაზარალებულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ დაყოფას, დაპირისპირებას გამოიწვევს და გააძლიერებს ისედაც მძიმე ტრავმას.

Powered by Watch Dragon ball super