“ახალგაზრდა აქტივისტთა მემკვიდრეობის ბანაკის” პროექტის დახურვა
13 სექტემბერს, ქორთიარდ მარიოტში, გაიმართა საქართველოს ლურჯი ფარის პროექტის, “ახალგაზრდა აქტივისტთა მემკვიდრეობის ბანაკის” დასკვნითი ღონისძიება. შემაჯამებელ შეხვედრაზე ბანაკის მონაწილეებმა წარმოადგინეს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მიმართულებით უკვე განხორციელებული, ასევე დაგეგმილი პროექტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედური ორგანიზაციის “კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” წარმომადგენელი ანიკა მანგუნსონი, ფონდ ვიკიმედიას წარმომადგენლები ანდრე კოსტა და ჯონ ლეონარდანდერსონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის უფროსი თეა ქარჩავა, აგრეთვე, ხელოვნებათმცოდნე მარინე მიზანდარი.
ბანაკის მონაწილეებმა გაიარეს ინტენსიური ტრენინგ კურსი კულტურული და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის, მართვის, მდგრადი გამოყენებისა და დაცვის პრინციპების შესახებ, ასევე მემკვიდრეობის დაცვის კამპანიების წარმოებისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული კამპანიების შესახებ. პროგრამა განხორციელდება პროექტის “ახალგაზრდა აქტივისტთა მემკვიდრეობის ბანაკი” ფარგლებში, რომლის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა ბუნებრივი და კულტურული რესურსების დასაცავად. პროექტის დონორია შვედური ფონდი “Forum Syd”.