დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო შეხვედრა

 

6 ოქტომბერს ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ინიციატივით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო მრგვალი მაგიდა. შეხვედრა მოეწყო პრინც კლაუსის ფონდის (Prince Claus Fund) საგანგებო რეაგირების პროგრამის  (Cultural Emergency Response Programme – CER) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალისა  და  შიდა ქართლის რეგიონის მუზეუმების თანამშრომლების უნარების გაძლიერება რისკისთვის მზადყოფნისა და რეაგირებისათვის.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალისტების ტრენინიგი და მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალისთვის რისკისთვის მზადყოფნის გეგმისა და სასწრაფო რეაგირების ინსტრუქციების შემუშავება ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების დროს სამუზეუმო კოლექციის დასაცავად.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მომიჯნავე საკითხებზე მომუშავე სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის ძირითად განსახილველ თემას წარმოადგენდა რისკისთვის მზადყოფნის გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავება, შესაბამისი პერსონალის მომზადება უძრავი და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია  თითოეული ორგანიზაციის საქმიანობის, რისკისთვის მზადყოფნისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.  

 

Powered by Watch Dragon ball super