თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი გეთის ფონდის 2018 წლის KEEPING IT MODERN გრანტის ერთ-ერთი მიმღები

თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი გეთის ფონდის 2018 წლის KEEPING IT MODERN გრანტის ერთ-ერთი მიმღები

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ლურჯი ფარსის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო გეთის ფონდის,  Keeping It  Modern ინიციატივის გრანტი, რომელიც განკუთვნილია მე -20 საუკუნის მნიშვნელოვანი შენობების კონსერვაციისათვის.

გრანტი გაიცა კონსერვაციისა და მართვის გეგმის შემუშავებისა და მოვლა-პატრონობის რეკომენდაციების მოსამზადებლად, თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბისათვის რომლის ავტორები არიან  ცნობილი ქართველი არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და გერმანე ღუდუშაური.

პროექტის მიზანია:

  • კონსერვაციის გეგმის შემუშავება თბილისში არსებული გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის შენობისათვის, რომელიც იქნება პირველი ასეთი გეგმა და იქცევა პროტოტიპიდ ამავე პერიოდის სხვა შენობებისათვის;
  • გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის სტილის შენობის სათანადო აღდგენის, კონსერვაციისა და მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა მომავალში;
  • ცნობიერების ამაღლება გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის პერიოდის არქიტექტურის ფასეულობის შესახებ, ქალაქის ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოების წევრებს შორის, შენობის ძეგლთა ნუსხაში განთავსების, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით ჩატარებული სხვადასხა აქტივობებისა და მედიის გამოყენების გზით.
  • ახალგაზრდა არქიტექტორებისა და მემკვიდრეობის პროფესიონალების სწავლება ამ პერიოდის შენობების დოკუმენტაციის, კონსერვაციის დაგეგმვისა და სხვა თემებზე.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

 

  • ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ შენობის ინტეგრირებული კონსერვაციისა და მართვის გეგმის შემუშავება;
  • ტრენინგი ახალგაზრდა პროფესიონალებისა და დაინტერესებულ საზოგადოებისათვის;
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ეროვნულ რეესტრში შენობის ნომინაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარდგენა.
  • ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, დამოუკიდებელი მკვლევარის – ნინი ფალავანდიშვილის და საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით პუბლიკაციის მომზადება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კვლევის შედეგები – შენობის როგორც ისტორიული ასევე ახლანდელი მდგომარეობის მიმოხილვა, ასევე ზემოთ აღნიშნული ტრენინგებისა და უორქშოფების შედეგები;

 

 

 

ICOMOS CIPA მემკვიდრეობის დოკუმენტაციის ზამთრის სკოლა (15 – 19 იანვარი, 2019)

 

ლურჯი ფარი საქართველო, გეთის ფონდის Keeping it Modern ინიციატივის ფარგლებში,  CIPA Heritage Documentation – თან თანამშრომლობით ჩაატარებს 5 დღიან თემატურ ტრენინგს, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ექნება თხუთმეტამდე ახალგაზრდა არქიტექტორს, რესტავრატორს, ურბანისტს, ხელოვნების ისტორიკოსსა თუ ინჟინერს. უორქშოფს, რომელიც ჩატარდება თბილისის ჭადრაკის სასახლეში და ალპურ კლუბში, გაუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტები რენდ ეპიჩი, სტრატოს სტილიანიდისი და აბიჯიტ (აბუ) დანდა.

 

გეთის ფონდი და Keeping it Modern ინიციატივა

გეთის ფონდი ასრულებს გეთის სამეურვეო ფონდის საქველმოქმედო მისიას და მხარს უჭერს კერძო პირებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც თავდადებულად მუშაობენ  ვიზუალური ხელოვნების სიღრმისეული შემეცნებისა და შენარჩუნების საქმეში როგორც ლოს-ანჯელესში, ისე მსოფლიოს მასშტაბით.

სტრატეგიული საგრანტო ინიციატივების მეშვეობით ფონდი აძლიერებს ხელოვნების ისტორიის დარგს, როგორც გლობალურ დისციპლინას, მხარს უჭერს კონსერვაციის ინტერდისციპლინარულ პრაქტიკას, ზრდის სამუზეუმო და  საარქივო კოლექციებზე ხელმისაწვდომობას და ავითარებს ამჟამინდელ და მომავალ ლიდერებს ვიზუალურ ხელოვნებაში. ფონდი თანამშრომლობს გეთის სხვა პროგრამებთან, რათა უზრუნველყოს მათი ინდივიდუალური და ერთობლივი მუშაობის მაქსიმალური ეფექტურობა. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ფონდის ვებ-გვერდზე: www.getty.edu/foundation.

გეთის ფონდის მიერ შემუშავებული საერთაშორისო საგრანტო ინიციატივა Keeping It Modern  განაგრძობს ფონდის თავდადებულ მუშაობას არქიტექტურის კონსერვაციისათვის და ფოკუსირდება მეოცე საუკუნის მნიშვნელოვან შენობებზე. Keeping It Modern მხარს უჭერს საგრანტო პროექტებს იმ შენობებთან მიმართებაში, რომელთაც აქვთ გამორჩეული არქიტექტურული მნიშვნელობა და რომლებიც ხელს შეუწყობენ კონსერვაციის პრაქტიკის წინსვლას.

გრანტები ფოკუსირდება კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმების შექმნაზე, რომლებიც განსაზღვრავენ შენარჩუნებისა და მოვლა-პატრონობის გრძელვადიან პოლიტიკას, შენობის მდგომარეობის საფუძვლიან შესწავლაზე და თანამედროვე მასალების გამოცდა – ანალიზზე. Keeping it Modern ინიციატივის წინა წლების გრანტის მიმღებებს შორის არიან:  სიდნეის ოპერის თეატრი, ფრენკ ლოიდ რაიტის პრაისის კოშკი ოკლაჰომაში და ბაუჰაუსის ფონდი დესაუში.

ლურჯი ფარი საქართველო

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი დაარსდა 2013 წელს და აღიარებულია საერთაშორისო ლურჯი ფარის მიერ. საერთაშორისო ლურჯი ფარის მსგავსად, საქართველოს ეროვნული კომიტეტი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან, იუნესკოს ჰააგის კონვენციისა და მისი ორივე ოქმის პოპულარიზაციასა და მათი შესრულების ხელშეწყობას, რისკისათვის მზადყოფნისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავებასა და შესრულებას კულტურული ფასეულობების დასაცავად; საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მემკვიდრეობის ღირებულებებისა და მის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ.

 

 

მედია კონტაქტი:

მარიამ კალხიტაშვილი

maryam.blueshield@gmail.com

 

 

 

 

 

 

 

 

Skills

Posted on

October 17, 2018

Powered by Watch Dragon ball super