კონკურსი ჟურნალისტებისთვის – საქართველოს ლურჯი ფარი
საქართველოს ლურჯი ფარი და შვედური ორგანიზაცია “კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” ერთობლივი პროექტის “კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ: საზოგადოებისა და მედიის ჩართვა” ფარგლებში აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას კულტურული მემკვიდრეობის თემების ირგვლივ და გაზარდოს ეროვნული და რეგიონული მედიის როლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.
კონკურსის შედეგად დაჯილდოვდება სამი საუკეთესო ჟურნალისტური მასალის (სტატია, სიუჟეტი, ტელე-ბლოგი, რადიო) ავტორი შემდეგ თემებზე:
- ნაკლებ ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის დაცვის პროექტის პოპულარიზაცია;
- კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა, როგორც საჯარო სიკეთე და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი;
- ჟურნალისტური გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ან მემკვიდრეობის კანონის დარღვევის შემთხვევებზე.
თითოეული გამარჯვებული დაჯილდოვდება 400 ლარით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდება, ეთერში გავა ან გამოქვეყნდება 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე.
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც არ მუშაობენ კონკრეტულ მედია კომპანიაში, ნაშრომების განთავსება შეუძლიათ ლურჯი ფარის ვებ-გვერდზე www.blueshield.ge
ნამუშევრები უნდა წარმოადგინოთ 7 დეკემბრამდე ელექტრონულად, მისამართზე: info@blueshield.ge წერილის სათაურში მიუთითეთ “კონკურსი ჟურნალისტებისთვის”, ხოლო ფაილი დაასათაურეთ შემდეგნაირად: სახელი_გვარი_სიუჟეტის/სტატიის/ბლოგის/გადაცემის სათაური.
საკონკურსო ნამუშევრებს თან უნდა ერთვოდეს ჟურნალისტის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი.
საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური. კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2016 წლის 15 დეკემბერს.