საჯარო ლექცია “ციხისუბანი – ძველი თბილისის დაკარგული ფასეულობა”
2016 წლის 15 თებერვალს, ლურჯი ფარის ორგანიზებით, ჩატარდება მაია მანიას საჯარო ლექცია “ციხისუბანი – ძველი თბილისის დაკარგული ფასეულობა”.
ლექცია შეეხება ისტორიული თბილისის ერთ-ერთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს მიკროუბანს, ციხისუბანს, რომელმაც 2010-2014 წლების რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რამაც გააქრო ძეგლად აღნუსხული შენობები და სახე უცვალა ურბანულ ქსოვილს. დაშენების და მასშტაბის ცვლილებისგამო დაირღვა ისტორიულად ჩამოყალიბებული მიმართებები ნაგებობებს შორის და ხედები ნარიყალაზე, მეტეხზე და კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძარზე.
მაია მანია – არქიტექტურის ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია. მისი კვლევის საგანს ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული სტრუქტურები, გვიანი შუა საუკუნეებისა და XIX-XX საუკუნეების თბილისური და სხვა ქართულ-ქალაქური საერო ნაგებობების არქიტექტურა თუ საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწე არქიტექტორებისა და მშენებლების შემოქმედება წარმოადგენს. იგი ავტორია წიგნებისა “ევროპელი არქიტექტორები თბილისში” (2006), “თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია, ისტორია და არქოტექტურა”
(2010), “დუშეთის ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობა ” (2016).